«26 მაისის დარბევა მიშას და ნინოს ჭიდილი იყო!»

«26 მაისის დარბევა მიშას და ნინოს ჭიდილი იყო!»

...ეს ყველაზე «გრძელი» 15 წუთი იყო, რომელიც ლამის საუკუნედ იქცა და... დემოკრატიული საქართველოს რუსთაველის გამზირი სასაკლაოს დაემსგავსა... ისე, ვიღაცამ დრო თითქოს უკან, წარსულში «გადაახვია»... ეგაა ოღონდ: 2007 წლის 7 ნოემბერს ნინო ბურჯანაძე ხალხის კი არა, ხელისუფლების გვერდით იდგა და ირწმუნებოდა, მიტინგის დარბევით სახელმწიფო გადავარჩინეთო... საერთოდ, ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს უსასტიკესად ექცევა, აპრიორი, დამნაშავეა, მაგრამ ე.წ. რადიკალები მოიქცნენ თუ არა, მინიმუმ, უპასუხისმგებლოდ? სხვათა შორის, 26 მაისის ღამეს, მიტინგის დარბევიდან რამდენიმე წუთში, «ქრისტიან-დემოკრატი» ინგა გრიგოლია «მაესტროს» პირდაპირ ეთერში ჩაერთო და 2007 წლის 7 ნოემბერი ხაზგასმით ახსენა. იყო თუ არა ეს ერთგვარი მესიჯი ბურჯანაძისთვის, რომელიც 7 ნოემბერს «ნაციონალებთან» ყოფნის ბოლო წუთამდე ამართლებდა?

ინგა გრიგოლია: _ ეს მესიჯი არ იყო... ვანო, გულწრფელად გეტყვი, როცა პირდაპირ ეთერში დარბევის კადრები ვნახე, იმ წუთას ნინო ბურჯანაძეზე ნამდვილად არ მიფიქრია, თუმცა 7 ნოემბერი გამახსენდა, რადგან შეუძლებელია, სპეცნაზის დანახვაზე სხვა განცდა გამიჩნდეს... აქციის დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე ოჯახის წევრებთან ნინო ბურჯანაძეზე ვსაუბრობდი და ვამბობდი, აქციის დარბევა გარდაუვალია და თუ ხელისუფლება ხალხზე ძალას გამოიყენებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ ბურჯანაძესა და აქციის ორგანიზატორებზე იქნება-მეთქი... ვისაც ჩემი ნათქვამი არ მოეწონება, ცივი წყალი დალიოს, მაგრამ მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ორგანიზატორებმა უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების უმძიმესი ყოფა სათავისოდ გამოიყენეს, მგლის ხახაში ჩააგდეს და ეს იმაზე იყო გათვლილი, რომ აქცია, აპრიორი, უნდა დარბეულიყო! ვწუხვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იყო ორგანიზატორების ერთადერთი გათვლა, რადგან მათ გვერდით ბევრი ადამიანი არ დაუდგა და აქციის დარბევით, როგორც ჩანს, ქუჩაში გაცილებით მეტი ადამიანის გამოყვანას იმედოვნებდნენ!.. უკვე ვიცოდი, რომ ხალხს სასტიკად უსწორდებოდა სპეცნაზი და თუ ,,მაესტროზე» ჩემი ჩართვა, პირველ რიგში, მესიჯი ჩემი პარტიის წევრებისთვის იყო _ ამ ჩართვიდან, დაახლოებით, 20 წუთში ჩემი უამრავი თანაპარტიელი შეიკრიბა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებთან...

ინგა, შენი აზრით, რა მსგავსებაა 7 ნოემბერსა და 26 მაისს შორის?

_ 26 მაისი, დარბევის, ხალხზე ანგარიშსწორების, დაპატიმრებების, სისასტიკისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით, ბევრად უფრო მასშტაბური და ვანდალური იყო, ვიდრე _ 7 ნოემბერი. ჩემი თვალით ვნახე თავგატეხილი, ფეხებდამტვრეული ადამიანები, გულწასული, «კაპეზედან» მოყვანილი, ცემით გონდაკარგული პენსიონერები და უამრავი მშობელი, რომელიც საკუთარ შვილს ეძებდა... 7 ნოემბერს ასეთი სისასტიკე არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საკუთარ თავზე ვიწვნიე დარბევა. როგორც დაზარალებულები ამბობდნენ, რუსთაველზე შტურმის შემდეგ, ჩაყარეს ყვითელ ავტობუსებში, წაიყვანეს «კაპეზეში» და სასტიკად სცემეს. ასეთი რამ 7 ნოემბერს არ მახსოვს. საერთოდ, ამ ორ დღეს საერთო, ალბათ, ის აქვს, რომ ორივეჯერ სააკაშვუილი ისე მოიქცა, როგორც კლასიკური დიქტატორი და საკუთარ ხალხს უთხრა,  დამიპირისპირდები და დედას გიტირებო?!

შეიძლება, მაგრამ ათასკაციანი მიტინგის დასაშლელად ხელისუფლებას 4 ათასი სპეცრაზმელის გამოყვანა რატომ დასჭირდა?

_ ეს იმის დემონსტრირება იყო, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი ადამიანი იცავს, ვიდრე _ უპირისპირდება. ვანო, მოდი, ვთქვათ პირდაპირ _ ნინო ბურჯანაძე და მიშაც ერთი და იმავე პოლიტიკური წიაღის შვილები არიან და ორივეს ჰქონდა ერთი მოლოდინი, რომ თუ აქციას დაარბევდნენ, შეიძლებოდა, ქუჩაში ასჯერ მეტი ადამიანი გამოსულიყო. ამიტომ, მიშამ პრევენცია «გააკეთა» და მთელი «სპეცნაზი» გამოიყვანა. ნინომ კი, აღმოჩნდა, რომ ვერ გათვალა _ იმ ღამეს ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა.

რატომ?
_ იმ ღამეს ხელისუფლებაზე ბევრი განრისხდა, მაგრამ ამ აქციის ლიდერებს გვერდით თითქმის აღარავინ დაუდგა იმიტომ, რომ სახეზე იყო პროვოკაცია _ მხარდამჭერთა შეგნებულად წაყვანა დარბევაზე... ეს ძალიან თვალნათელი იყო.

ინგა, შენი არ ვიცი და, მე ასეთი განცდა მაქვს, რომ 26 მაისი ორი ადამიანის პირადი მტრობის შედეგია, ანუ ბურჯანაძე ცდილობდა, რომ სააკაშვილისთვის საკუთარი ძალა დაენახებინა, მაგრამ პირიქით მოხდა...

_ ვანო, ალბთ, მართალი ხარ... ეს მიშას და ნინოს ჭიდილი იყო. ამის თქმის საფუძველს თავად აქციის სრულიად გაუგებარი მიზანი იძლევა: ერთადერთი, რაც მიტინგზე ისმოდა, ის იყო, რომ  მიშა აღლუმს ვერ ჩაიბარებდა. ამის გარდა, სხვა იდეა, გეგმა და მოთხოვნა არ «დადებულა». ბურჯანაძემ, რომელიც ბევრისგან განსხვავებით, ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, ვერ დაინახა რეალობა, რომ დღეს საქართველოში არაა რევოლუციური მუხტი. მას ეგონა, რომ ამ მუხტს გამოიწვევდა აქციის დარბევით, მაგრამ ვერ გამოიწვია და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ როცა ამდენი წელი ერთად აკეთებთ იმ ყველაფერს, რასაც ხალხი უპირისპირდება, როცა ამდენი წელი პარლამენტის თავმჯდომარე და ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყავი,როცა თავად გაქვს გამართლებული 7 ნოემბრის დარბევა და ტელევიზიაში შეჭრა, როცა თავად გაქვს «გაპრავებული» სააკაშვილის მეორე ვადით არჩევა, ხალხი ასე ადვილად აღარ გამოგყვება! საერთოდ, ამ ქვეყანაში ხალხის სახელით ლაპარაკს ყველა უნდა მოეშვას _ ნინოც, მიშაც და გრიშაც! დღეს არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს იმხელა რეიტინგი და ნდობა, რომ უფლება ჰქონდეს, ხალხის სახელით ილაპარაკოს!

გეთანხმები... .. კონსტრუქციული ოპოზიცია აცხადებდა, თუკი დარბევა მოხდება, ხალხის გვერდით დავდგებიო, მაგრამ არ გახვედით რუსთაველზე, მით უმეტეს, რომ 25 მაისს, პრინციპში, ყველამ იცოდა, რომ აქციას დაარბევდნენ. რატომ არ მივიდა ოპოზიციის ეს ფრთა რუსთაველზე თუნდაც მაშინ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცრაზმის მობილიზება ხდებოდა? ეს იმის ხაზგასმა ხომ არ იყო, რომ სააკაშვილ-ბურჯანაძის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარაა?

_ «ქრისტიან-დემოკრატებს» არაერთხელ გვითქვამს, რომ არ ვუჭერთ მხარს რევოლუციებსა თუ გაუზარებელ ქმედებებს, რომელიც ან სამარცხვინოდ _ ხალხის დაშლითა და შედეგის ვერმიღწევით, ან სასტიკი დარბევითა და უამრავი დაპატიმრებულით მთავრდება. ვიმეორებ: ცხადი იყო, რომ იქ ხალხი სწორედ დასარბევად მიიყვანეს! ვინ, ვინ და, ბურჯანაძემ შესანიშნავად იცოდა, რომ აღლუმს, რომელიც რამდენიმე საათში უნდა დაწყებულიყო, მიშა ყველა ვარიანტში ჩაიბარებდა, თან აქციის ვადა გასული იყო და ამის შესახებ მერიამ შეატყობინა... როცა იცი, რომ ყველაფერი დიდი პროვოკაციაა, გაქვს უფლება, აქციაში მონაწილეობა არ მიიღო! აქციის სასტიკი დარბევიდან რამდენიმე წუთში ჩვენ იქ წავედით, სადაც ყველაზე ქმედითები ვიქნებოდით _ საავადმყოფოებში დავდიოდით და ხალხს დაკარგული და დარბეული ოჯახის წევრების მოძებნაში ვეხმარებოდით. პასუხისმგებლობა ამ სიმხეცეზე ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ პასუხისმგებლობა ამ გააზრებულ პროვოკაციაზე ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებსაც!

მშიერმა ხალხმა, რომელიც აქციებზე დადიოდა, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, შესაძლოა, არ იცოდა. .. კონსტრუქციულ ოპოზიციას არ შეეძლო, ეს ხალხი რაღაცნაირად გაეფრთხილებინა, ანუ «ქრისტიან-დემოკრატებმა», განცხადების გარდა, რა გააკეთეთ, რომ ტრაგედია არ მომხდარიყო?

_ ამ განცხადებით ორივე მხარეს _ ხელიუსფლებას და ოპოზიციას მოვუწოდეთ, რომ თავი შეეკავებინა სიტუაციის ესკალაციისგან. სამწუხაროდ, ჩვენს მოწოდებებზე არ წამოვიდნენ.

ინგა, შენი ჟურნალისტური ანალიზით, რატომ გაავრცელა ხელისუფლებამ ფარული ჩანაწერები დარბევის შემდეგ?
_ შვეცდები, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დავარღვიო, მაგრამ ერთს  ვიტყვი: ვის, ვის და, ნინო ბურჯანაძეს არ უნდა გაჰკვირვებოდა ეს ჩანაწერები. 7 ნოემბრის მერე ლამის მთელი ოპოზიცია გამოაცხადეს რუსეთის აგენტად და დადეს რაღაც გაუგებარი მასალები ზუსტად ასეთი მეთოდით, ანუ ბურჯანაძე თავის დროზე შეიძლება, თავად ასეთივე მეთოდით არ ებრძოდა ოპოზიციას, მაგრამ არც ხმამაღლა გაუპროტესტებია. მეორეც, მან შსანიშნავად იცოდა, რომ ხელისუფლება ნებისმიერ მასალას უფრო თავისუფლად «აუგორებდა» იმიტომ, რომ 7 ნოემბრის ლიდერებისგან განსხვავებით, ნინო რამდენჯერმე იხილა ქართველმა ხალხმა პუტინის გვერდზე, ,,პაკლონნაია გორაზე», ანუ რუსეთთან მისი თანამშრომლობის ამბავი სულ რომ შეთხზული იყოს, ამას უამრავი ადამიანი მაინც არ დაუჯერებს, რადგან პუტინის და ბურჯანაძის კადრები აქვთ ნანახი. სწორედ ეს კოზირი გამოიყენა ხელისუფლებამ. საერთოდ, ფარული ჩანაწერებისა და შეთქმულების თეორიების არ მჯერა იმიტომ, რომ მრავლად მინახავს ასეთი ჩანაწერები, მაგრამ მერე, სამშობლოს ღალატზე, ან გადატრიალებაზე დაჭერილი _ არავინ. ხელისუფლებას აწყობდა აქციის დარბევა, რადგან კიდევ ერთხელ უთხრა ხალხს, გაახურებ და მიიღებ თავში ხელკეტსა და დაპატიმრებასო.

ისე, ერთი კითხვა მაქვს: ამ ხალხს რომ აგიჟებენ ხოლმე, უკან  არ დავიხევთ და გამოდითო, მერე ისე რატომ ხდება, რომ ლიდერებს, როგორც წესი, არავინ ეხება, ხალხს კი საშინელი პრობლემები ექმნება? პასუხისმგებლობა თვისებაა, რომელიც, პირველ რიგში, პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ, ანუ თუ ხალხი გამოგყავს და «სპეცნაზს» უპირისპირებ, მის გვერდით ბოლომდე უნდა იდგე!

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც ხელისუფლებას ვუსვამ, ასეთია: თუ ეს ჩანაწერები და ინფორმაცია ჰქონდა, რომ რაღაც მზადდებოდა, რატომ არ მოახდინა პრევენცია და რატომ არ გამოაქვეყნა ეს ჩანაწერები? პასუხი მარტივია

აწყობდა, მომდხარიყო ის, რაც მოხდა, რომ ხალხი კიდევ ერთხელ სასტიკად დაეშინებინა და ეს დაშინებული ხალხი ოპოზიციის მიმართ სრული ნიჰილიზმით განემსჭვალა, აი, ხომ ხედავთ, ყველა, ვისაც ჩვენ არ ვუყვართვართ, აგენტიაო?! მოკლედ, ხალხის განწყობებზე გათვალეს, რომ მომხდარით პასუხისმგებლობა უფრო მძიმედ (არცთუ უსაფუძვლოდ) გადასულიყო აქციის ორგანიზატორებზე! ვინ იხსნის დღეს ამდენ დაპატიმრებულს? ნინო ბურჯანაძე რომ ვერ იხსნის, ფაქტია. დარბევიდან ორ-სამ დღეში ქალბატონმა ნინომ და მისმა შვილმა ორჯერ დამირეკეს, რომ მათი მხარდამჭერების მოძებნაში დავხმარებოდი. სამწუხაროდ, დაჭერილების შესახებ სრული ინფორმაციის მოძიება ვერ მოვახერხე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერ იცავენ პოლიტიკური ლიდერები თავიანთ მომხრეებს და კარგად უნდა აწონონ, როცა მათ რევოლუციისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამით რას მიაღწევთ?

_ ვერაფერს, მაგრამ ეს იყო პროტესტი, რომ ყველას გაეგო, თუ როგორ თქვეს უარი «ნაციონალებმა» საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ქალაქის საკრებულოში. თბილისის საკრებულოს ახასიათებს ძალიან მძიმე როლის თამაში მსგავს სიტუაციაში _ ზაზა ბეგაშვილი 7 ნოემბერს «სპეცნაზს» მოუძღოდა ჟივილ-ხივილით და თავი სამარცხვინოდ მოიჭრა. ზაალ სამადაშვილმა კი, კატეგორიულად თქვა უარი საგამოძიებო კომისიაზე, რომელსაც იმ ღამით მომხდარი უნდა შეესწავლა...

ინგა, ალბათ, გაქვს ურთიეთობა ცალკეულ «ნაციონალებთან», როგორც კარგ ნაცნობებთან ან მეგობრებთან, ისინი რას ამბობენ?

_ სამწუხაროდ, «ნაცმოძრაობაში», რაც უნდა კარგი ადამიანი იყოს, დამოუკიდებელი აზრის გამოთქმას ვერავინ ბედავს. მიშას სიტყვა მათი კონსტიტუციაა! ჯერჯერობით არ შემხვედრია ვინმე, რომელიც ჩემთან მაინც ისაუბრებდა, თუ რა სასტიკად მოექცა ხელისუფლება ხალხს... შიში ოხერია... ალბათ, ვერ ბედავენ, თუმცა შემიძლია, შვილი დავიფიცო, რომ  მათგან ბევრი შეიძლება, სულ სხვანაირად აფასებს მომხდარს და სულაც არ მოსწონს... პუტინზე რომ ამბობს ხოლმე მიშა ხშირ-ხშირად, ერთი ადგილით დაკიდებას მემუქრებოდაო, ეტყობა, თავის პარტიაშიც აქტუალურია ეს თემა!..

გაქვს დაუცველობისა და შიშის განცდა?
_ დაუცველობის და გარკვეული შიშის განცდა, რა თქმა უნდა, მაქვს. ეს განცდა, მგონი, ყველას აქვს! არ უარვყოფ და არ დავიწყებ გმირობანას თამაშს... სამწუხაროდ, ეს განცდა მიშამ მთელ ქვეყანას გაუჩინა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია დანაშაულად, რომ ხალხს უყიჟინო არჩევნების ბოიკოტი. უყიჟინო, რომ ყველა, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, მოღალატეა და ასე შემდეგ. ერთადერთ გამოსავლად ის მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებული უზარმაზარი საპროტესტო მუხტი არჩევნებზე მივმართოთ და არა _ რევოლუციაზე. ვემიჯნები რევოლუციებს არა შიშის გამო, არამედ, იმის გამო, რომ მჯერა, ერთადერთი გზა არჩევნები, პარლამენტში ოპოზიციის კოალიციური უმრავლესობა და კოალიციური მთავრობაა! არ მიწყინოს, ვინც არ მეთანხმება, მაგრამ ეს ჩემი ერთადერთი პოზიციაა!

რა მოხდება?

_ არ ვიცი, მაგრამ ახლა გადაცემა რომ მქონდეს, ზუსტად იმ თემებზე ვესაუბრებოდი ორივეს _ მიშასაც და ნინოსაც, რაზეც ახლა მე და შენ ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, წლებია, ისინი ერთსა და იმავე პასუხებს გვცემდნენ ხოლმე. საქართველოს ახალი პოლიტიკური სისხლი და პოლიტიკური გზა სჭირდება. მომხდარზე კი, პასუხისმგებელი, პირველ რიგში, სააკაშვილია, რომელმაც დაამტკიცა, რომ კლასიკური დიქტატორია. ასევე, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია ნინო ბურჯანაძეც, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, რაც მოხდებოდა და ამაზე შეგნებულად წავიდა!