შაქრის ბაზარზე არსებულმა კრიზისმა მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება როგორც მსოფლიო ბაზარზე, ასევე საქართველოშიც. რამდენიმე თვეა „თეთრი ოქრო“ შეუჩერებლად ძვირდება. პროდუქტის დეფიციტია უდიდეს მწარმოებელ ქვეყნებში. ჩვენთან კი ნედლეულის გლობალურმა გაძვირებამ ერთადერთი შაქრის ქარხნის დახურვა გამოიწვია.
ოქტომბერში მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი 10,5 პუნქტით (3,4%) - 315,3 პუნქტამდე გაიზარდა, სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.
სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ზედიზედ მეექვსე თვეა მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი მატულობს. ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები ბრაზილიაში ანომალიური გვალვის გამო შაქრის ლერწმის შემცირებულ მოსავალს ასახელებენ.
FAO-ს ანალიტიკოსთან განცხადებით, ფასების ზრდა ასევე გამოიწვია ინდოეთში შაქრის მოსავლის გაფუჭებამ, რის გამოც ინდოეთი იძულებული იქნება შაქრის იმპორტი გაზარდოს. ეს ნიშნავს, რომ პლანეტის 2 ყველაზე დიდი მწარმოებელი სახელმწიფო თავად განიცდის შაქრის დეფიციტს.
გასაკვირი არ არის, რომ კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, რომლებიც შაქრის იმპორტით არიან დაკავებულნი. მათ რიგებს უკვე საქართველოც 100 პროცენტით შეემატა, რადგან ქვეყანაში მოქმედი შაქრის უსხვილესი მწარმოებელი, კომპანია „აგარის შაქარი“ დაიხურა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ალხან ალიზადე აცხადებს, ქარხანა 10 დღეა გაჩერებულია. დახურვის მიზეზი იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენცია გახდა.
„ქვეყანაში შაქარი ძირითადად უკრაინიდან შემოდის, რომელსაც ბაზრის დაახლოებით 50 პროცენტი უკავია და თანაც იაფია. იმის გამო, რომ უკრაინული შაქარი იაფია, მასთან კონკურენცია ძალიან რთულია. ჩვენ წარმოება რომც აღარ აღვადგინოთ, შაქარზე მოთხოვნას იმპორტირებული პროდუქცია დააბალანსებს. შესაბამისად, ბაზარზე არც დეფიციტი იქნება და არც ფასი გაიზრდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ ალიზადემ.
მისივე ინფორმაციით სამუშაო პროცესი, სავარაუდოდ, იანვარში განახლდება, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება კომპანიის მენჯმენტსა და ახალ მთავრობას შორის მოლაპარაკებაზე.
ალიზადე ამბობს, რომ კომპანია „აგარის შაქარში“ 500-მდე ადამიანია დასაქმებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღესდღეობით დროებით უმუშევარია.
აგარის შაქრის ქარხანა ქარელის რაიონის დაბა აგარაში 1932 წელს დაარსდა. 1958 წლამდე ქარხანა შაქარს ადგილობრივი წარმოების შაქრის ჭარხლისაგან აწარმოებდა, რომლის წლიური მოცულობა 100 000 ტონას არ აღემატებოდა, ხოლო მისგან წარმოებული თეთრი შაქრის წარმოება კი 8000 ტონას. 1958 წლიდან 1995 წლამდე ქარხანა თეთრი შაქრის წარმოების როგორც შაქრის ჭარხლისაგან, ისე შაქრის ლერწმისაგან დამზადებული ნედელულისაგან ახდენდა, ხოლო 1995 წლიდან მოყოლებული, იმის გამო, რომ საქართველოში შაქრის ჭარხლის წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა და მისი წლიური მოცულობა 10000 ტონას აღარ აღემატებოდა, ქარხანა თეთრ შაქარს აწარმოებს შაქრის ლერწმისაგან დამზადებული ნედლეულისაგან.