"გეორგია", "საქართველო" თუ "გრუზია"

"სპეციალისტები ნამდვილად დაუჭერენ იმას მხარს, რომ რუსული გავლენით დამკვიდრებული "გრუზია" შეიცვალოს ან "საქართველო"-თი ან "გეორგია"-თი, ევროპული პრინციპით კი - "ჯორჯია"-თი," - აცხადებს, "რეზონანსთან" საუბრისას ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ამის მიღწევა ძალიან ბევრი სირთულის გადალახვითაა შესაძლებელი.

"პირობას ვდებ მოვსპო ტერმინი "გრუზია" არა მარტო ლიტვაში, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვილნიუსში ყოფნისას, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ "გრუზია" "ჯორჯიათი" უნდა შეცვალოს. საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ინიციატივას ისტორიულ-ლინგვისტურად ხსნიდა. მისი აზრით, არ არის კარგი, როცა მის ქვეყანას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თურქული სიტყვა "გურჯისტანის" გამო დღემდე "გრუზიას" ეძახიან. ვაშაძე ირწმუნება, რომ ქართველებს საკუთარი ქვეყნის სახელწოდებად ბერძნული ტრადიციით "გეორგია" ბევრად ურჩევნიათ.

აღნიშნულ მოსაზრება-ინიციატივამ ვაშაძის ამ განცხადებამდე ლიტვაში კრახი განიცადა. როგორც აღნიშნული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა განმარტა, ისინი დაეყრდნობიან ენათმეცნიერთა რჩევებს, მანამდე კი "გრუზიის" შეცვლას არ აპირებენ.

"მე ძალიან ფრთხილად ვეკიდები ლინგვისტურ საკითხებს და ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწონო ჩვენი განთქმული ენათმეცნირების რეკომენდაციები," - თქვა ლიტველმა მინისტრმა.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ, რომელმაც, თბილისის თხოვნის მიუხედავად, უარი განაცხადა "გრუზიას" შეცვლაზე "გეორგია"-თი. ამ დროისთვის ლიტვურ ენაზე საქართველოს პკგჭშოფ-დ წერენ. თუ დაკმაყოფილდა ვაშაძის მოთხოვნა, ეს პუწკპშოფ-თი შეიცვლება.

ფილოლოგი თამაზ ჯოლოგუა "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ რუსული სიტყვა "გრუზია" მართლაც თურქული "გურჯისტანიდან" მოდის: გრამატიკაში ცნობილი ფონეტიკური მოვლენა - ბგერის გადასმით "გურ" შეიცვალა "გრუ"-თი. ლიტერატურის სპეციალისტი იმასაც დასძენს, რომ "გრუზიის" შეცვლა "გეორგიით" დამოკიდებულია იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, რომლისგანაც ამას მოვითხოვთ.

თამაზ ჯოლოგუა: "ერთია ის, ჩვენ როგორ გვინდა, და მეორეა ის, როგორ მოიქცევიან პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლები. ეს გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ანუ, ის უნდა გააკეთონ, რაც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს უთქვამს - ენათმეცნიერულად განიხილონ და როგორც სწორი იქნება, ისე მოიქცნენ. მე რამდენადაც ვიცი, რუსული სიტყვა "გრუზია" მოდის თურქული სიტყვიდან "გურჯისტან". ეს არის ენათმეცნიერული საკითხი და, აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამას პოლიტიკური დატვირთვა მიეცეს. თუ ჩვენ გვინდა ლიტველებმა შეცვალონ "გრუზია" "გეორგიათი", მათ უნდა გადაწყვიტონ.

"სხვათა შორის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ძალიან მომწონს, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ სპეციალისტებთან უნდა გაარკვიოს და შემდეგ გადაწყვიტოს. ნაუცბათევად და პოლიტიკოსების მიერ გადაწყვეტილი საკითხი არ ივარგებს. რჩევა აუცილებლად უნდა ჰკითხონ სპეციალისტებს."

"რეზონანსი" ამავე თემაზე ენათმეცნიერ ავთანდილ არაბულს ესაუბრა.

ავთანდილ არაბული: "საერთოდ ეს საკითხი შედის ენობრივ პოლიტიკასა და დიპლომატიში. ყველა ქვეყანა თვითონ ირჩევს სხვა ქვეყნისა და ადგილის დასახელებებს. მაგალითად, მარტო ჩვენ, ქართველები ვეძახით, "მონღოლებს", დანარჩენი ხალხი კი - "მონგოლებს". თავად მონღოლებიც "გ"-ს ამბობენ და არა "ღ"-ს. ამაზე თავის დროზე საკითხი დაისვა, მაგრამ რამდენადაც ჩვენმა წინაპრებმა ასე უწოდეს, არ შეიცვალა.

"სხვათა შორის, მონღოლებმა თქვეს, რომ მონღოლები საქართველოში მე-13 საუკუნიდან გამოჩნდნენ და მაშინდელმა ქართველებმა "მონღოლი" დაუძახეს. მას შემდეგ კი ქართველებს მონღოლი არ უნახავთ და სხვანაირად რატომ დაუძახებდნენო. ამით შეწყდა კამათი "მონღოლის" "მონგოლით" შეცვლაზე.

"მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სომხეთიც. ამ სახელმწიფოს "სომხეთს" ვეძახით მარტო ქართველები, რადგან არავის ენაზე სომხეთი "სომხეთი" არ არის. სომხებმა რომ მოგვთხოვონ, "სომხეთი" კი არა, "არმენია" უნდა დაგვარქვათო, ჩვენ ხომ ვიტყვით, რომ წლების განმავლობაში ასე გეძახით და რა ვქნათო. ანუ, იმ ქვეყნის დამოკიდებულებაც არის გასათვალისწინებელი, რომელსაც სთხოვ შეცვლას. თუ ისინი მზად იქნებიან შეცვალონ ის სახელწოდება, რომელიც მიიღეს სხვა სახელმწიფოს გავლენით, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს. ეს არის დაკავშირებული მათ სამწიგნობრო ტრადიციებთან.

"საგულისხმო და გასათვალისწინებელია ის, ამ ქვეყნებს, ვისგანაც მოვითხოვთ შეცვლას, თავიანთ ისტორიასა და ლიტერატურაში რამდენგან აქვთ საქარველოს ამგვარი სახელწოდება ნახსენები. რამდენადაც მე მახსოვს, ვიეტნამიც კი რუსულის წაბაძვით საქართველოს "გრუზიას" ეძახდა." არაბული იმასაც აცხადებს, რომ ენათმეცნიერულად "გრუზიის" შეცვლა "საქართველო"-თი ან "გეორგიათი" მართებულია და, თუკი პოსტსაბჭოთა ქვეყნები საკითხს ენათმეცნიერულად მიუდგებიან, საკითხი ასეც გადაწყდება.

ავთანდილ არაბული: "ობიექტურად, რა თქმა უნდა, მეც მხარს ვუჭერ იმას, რომ "გრუზია" შეიცვალოს და დაერქვას, ალბათ, "გეორგია". ამ პრინციპით ევროპის ქვეყნებსაც უნდა მოსთხოვო ასე მოიხსენიებოდეს საქართველო. სპეციალისტები ნამდვილად დაუჭერენ იმას მხარს, რომ რუსული გავლენით დამკვიდრებული "გრუზია" შეიცვალოს" "საქართველო"-თი ან "გეორგია"-თი, ევროპული პრინციპით კი - "ჯორჯია"-თი. ანუ ენათმეცნიერთა აზრით, ასე იქნება სწორი."