ლარის კურსის ბოლოდროინდელმა დევალვაციამ უკვე უშუალოდ მთავრობას შეუქმნა პრობლემა. თუკი ბოლო დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლები ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებდნენ, არჩევნების შემდეგ კუთხეში მიმწყვდეული ადამიანებივით გამოიყურებიან. საქმე ისაა, რომ ლარის გადაჭარბებულმა გაუფასურებამ მთლიანად გააჩერა ეკონომიკა, პრობლემა შეუქმნა წარმოებას, ექსპორტს, საფრთხე წინაშე დააყენა ბიუჯეტის შესრულება, მთავრობას გაუძვირა საგარეო ვალის მომსახურება, გაზარდა ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება.
აქედან გამომდინარე, ეკონომიკური კოლაფსის კონტურები თანდათან გამოიკვეთა. ამიტომ მთავრობა ბოლოს და ბოლო გამოფხიზლდა და ეროვნული ვალუტის ბედით სერიოზულად დაინტერესდა, მაგრამ ეს დაგვიანებულია. უკვე იმდენი რამ არის გაფუჭებული, უკონტროლოდ თავის ნებაზე მიშვებული, ყველაფრის გამოსწორება წარმოუდგენლად ძნელი იქნება. არადა, ლარის გამყარება უკვე სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, საფრთხე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და უშუალოდ სამთვარობო მიმართულებას ეხება.
„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ხელისუფლებას ურჩევს შეაჩეროს რეფინანსირების სესხების გაცემა, რაც შეიძლება გამოიყენებოდეს სავალუტო ბაზარზე სპეკულაციებისა და მოსახლეობის გაღარიბებისათვის.
„თუ დავაკვირდებით ლარის გაუფასურების მრუდს და შევადარებთ, რეფინანსირების სესხების ზრდის მრუდს, ისინი საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან, აშკარად შეიმჩნევა კორელაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ემთხვევა ეს მრუდები ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხშირად რეფინანსირების სესხი გამოყენებულია მოკლევადიანი სპეკულაციებისათვის“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
საქართველოს მთავრობა კი ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება. მათი აზრით, ლარის კურსის დროებითი ცვლილება გამოწვეულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით:
1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციით;
2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით.
3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინის შექმნით, რასაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა.
ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალურად დგას, ეფუძნება სასესხო პორტფელის გადაჭარბებულ დოლარიზაციას. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავს რიგი კომპლექსური ზომების გატარებას, მათ შორის:
1. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც;
2. უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით.
შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში. დარწმუნებულნი ვართ, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს პოზიტიური მოლოდინის შექმნას და ლარის კურსის დასტაბილურებას“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში, სადაც იმედი აქვთ, რომ მალე ეროვნული ვალუტა გამყარდება კიდეც.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილიც ვარაუდობს ლარის გამყარებას, მაგრამ მიზეზად სულ სხვა ფაქტორს ასახელებს:
„15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ლარი გამყარდება, ალბათ, იმიტომ რომ ყველას უნდა საახალწლო სუფრა და ყველას აქვს 100 დოლარამდე გადანახული ახალი წლისთვის ინდაურის შესაძენად. ასე რომ, ლარის გამყარება დეკემბერ-იანვარში იქნება ინდაურის დამსახურება და არა მთავრობისა. ეს არის ამ ქვეყნის სამწუხარო რეალობა - ჩვენ გვაქვს „ინდაურის ეკონომიკა“. ეს არის პრობლემა, რომლის იდენტიფიცირებას ახდენს კვირიკაშვილი, მაგრამ არ იღებს პასუხისმგებლობას“, - განუცხა რადიო „თავისუფლებას“ გია ხუხაშვილმა. მისი აზრით, ცინიკურად ჟღერს ის, რომ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ჯანსაღი უწოდა, რადგან შეუძლებელია პოზიტიური ეკონომიკური პროცესები ნეგატიურად აისახებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.