მთავრობა შიდა ვალის მოცულობას საგანგაშოდ ზრდის. კომერციული ბანკები უპრობლემოდ აძლევენ ფულს მთავრობას და შემდეგ საკმაო სარგებლითაც იბრუნებენ უკან.
2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობას შიდა ვალის სახით 200 მილიონი ლარი უნდა აეღო, მაგრამ 4 ნოემბრის მდგომარეობით, ვალის მოცულობა უკვე 335 მილიონ ლარს აღწევს. აუდიტის სამსახური მთავრობას მოუწოდებს, ვალის მოცულობის ზრდისას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება გაითვალისწინოს.
2016 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.8 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 10.7 მლრდ საგარეო ვალია, ხოლო 3.1 მლრდ - საშინაო. ეს ისტორიული ნიშნულია, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტის პროქტიდან გამომდინარე კიდევ გაიზრდება.
ეკონომიკური პოლიტიკის ექპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ საქართველოში არსებობს რეგულაცია, რომ ვალის ოდენობამ გარკვეულ ლიმიტს არ უნდა გადააჭარბოს. 2016 წელს საშინაო ვალის შემთხვევაში ეს ლიმიტი 200 მილიონი იყო, მაგრამ ვალის მოცულობა ამ ზღვარს უკვე საკმაოდ გადაცდა.
„ბიუჯეტში კი იყო ჩადებული, რომ შიდა ვალი ამ ზღვარს არ გადასცდებოდა, მაგრამ ცვლილების შეტანა ყოველთვის შეიძლება. თუკი მთავრობა ბიუჯეტის პროექტში შესაბამის ცვლილებას შეიტანს, ამით კანონი არ დაირღვევა. მე მიმაჩნია, რომ საშინაო ვალის აღება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა გამოსავალი არც საგარეო ვალის ზრდაა. საშინაო ვალის აღების შემთხვევაში ჩვენ იმ პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, რომელსაც მთავრობა უშვებს, მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი კომერციული ბანკები ყიდულობენ და მოგებას ძირითადად ისინი ნახულობენ. მეორე მხრივ, თუ მთავრობის მიერ აღებული ვალი გრძელვადიან განვითარებას მოხმარდება, ეს პრობლემა არ არის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფასიან ქაღალდებთან წვდომა მხოლოდ ბანკებს აქვთ.
რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, მისი გასტუმრების მხრივ ჩვენ პრობლემა არა გვაქვს. არც საშინაო ვალია პრობლემა, მაგრამ ის გრძელვადიან განვითარებას უნდა მოხმარდეს. არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი უსიამოვნო ფაქტი: ვიცით, რომ საქართველოს გამოშვებული აქვს 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, მაგრამ ეს თანხა სად წავიდა, არავინ იცის. თავდაპირველად ითქვა, რომ 2008 წლის ომის შედეგების აღმოფხვრას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ სად წავიდა ეს 500 მილიონი, ჩვენთვის დღემდე უცნობია“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას ირაკლი მაკალათიამ.
საშინაო ვალი საგარეოსთან შედარებით მაღალპროცენტიანია. ეს არის ძვირადღირებული სესხი - 10-11-12%-იანი. ხელისუფლება კომერციული ბანკებიდან იღებს ამ ვალს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი მიანიშნებს, რომ ეროვნული ბანკიდან ხდება ფულის გადაქაჩვა ბიუჯეტში, ანუ ჯერ ეროვნული ბანკი აძლევს ამ კრედიტებს კომერციულ ბანკებს, კომერციული ბანკები კი ყიდულობენ სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს.
„როცა კომერციული ბანკი ხედავს, რომ გარანტირებულად შეუძლია მიიღოს 10-11%-იანი მოგება წლიურად ლარში, ცხადია, ის დაიწყებს სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვას და აღარ გასცემს კრედიტებს სოფლის მეურნეობაზე თუ მშენებლობაზე, აღარ დაიწყებს იმაზე წვალებას, შეაფასოს რისკები. მისთვის უკეთესია, გარანტირებულად იყიდოს სახელმწიფო ობლიგაციები და მიიღოს ეს თანხა.
ეს კარგი არ არის საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ეკონომიკიდან ვიღებთ იმ ფულს, რომლითაც ცალკეული დარგები უნდა დაკრედიტირებულიყო. ამასთან ერთად, ეს არის ძალზე ძვირადღირებული ვალი, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული სესხი 2 და 3 %-იანია“, - ამბობს ჯანიაშვილი.
სად მიიმართება ბანკებისგან აღებული ვალი, ესეც ძნელი სათქმელია. ამ თანხების აკუმულირება ხდება ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ იქედან იხარჯება, მაგრამ კონკრეტული მიმართულება ცნობილი არ არის.