მუშტის ნაციონალური მადლი

მუშტის ნაციონალური მადლი

სამწუხაროდ თუ ბოლოდროინდელ მოვლენათა ლოგიკისთვის ბუნებრივად, გასულ კვირას პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ხელით შეეხნენ. ბ-ნმა სერგო რატიანმა უმრავლესოელი კოლეგის პასუხად, თავდაპირველად, მაგიდაზე ჭიქა დაამსხვრია (სხვათა შორის, იმ მაგიდასთან ქ-ნი სიჭინავაც იჯდა), შემდეგ მასთან მიჭრილ  ბ-ნ დავითაშვილს სახეში უთავაზა. ცხადია, ხურდამაც არ დაახანა, რის შედეგადაც ბ-ნმა რატიანმა წაიფორხილა (ესეც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან, ეს ორი ბ-ნი აშკარად განსხვავებულ წონით კატეგორიებს მიეკუთვნებიან).

მომხდარი უმალ დაგმეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და განგაშის ზარებიც დაარისხეს სახელდახელოდ მოწყობილ ბრიფინგზე, პათოსით, აი, ეს არის მოძალადე ხელისუფლების სახეო (თუმცა ისიცაა, რომ ამ პათოსის პათოსია, ჩემი შენ გითხარიო).

რაც შეეხება მეორე მხარეს, შეფასებებში ისიც გაიყო. კერძოდ, „ოცნების“ რესპუბლიკური ფრთა თითქმის გაემიჯნა თანაგუნდელს, თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ქ-ნი ბესელია ფიქრობს, კობა დავითაშვილის ლოყაც და ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირიც თანაბრად სათუთად დასაცველია (სამწუხაროდ, თეა სიჭინავას ფაქტორი არც ერთ მხარეს არ გახსენებია).

ყველაფერი კი ასე იწყებოდა: ბ-ნმა დავითაშვილმა (რომელმაც, უდავოდ, არაკორექტულად მიმართა ბ-ნ რატიანს, რამაც ეს უკანასკნელი ჭიქაზე ჯავრის ამოყრის იშტაზე მოიყვანა) კოლეგა რატიანს შეახსენა, რომ ის სამჯერ კინაღამ მოკლეს, 2007 წელს კი ელიავას ბაზრობის ტერიტორიიდან გაიტაცეს, სცემეს და რამდენიმე დღე გადამალული ჰყავდათ, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ამას არც მნიშვნელობა აქვს და არც სალაპარაკოდ ღირს.

თუ ბ-ნი რატიანის ამ პოზიციას დავუმატებთ ქ-ნი ჩიორა თაქთაქიშვილისთვის ხელის შეხების ფაქტის გამო „ნაციონალურ“ აღშფოთებას, მეორე მხრივ კი, გავიხსენებთ იმ ძალადობის მორევს, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ხდებოდა, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „ნაციონალური“ მუშტი ღვთის წყალობაა, ყველა დანარჩენის – კრიმინალი.