დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მთელი მსფოლიო დოლარის გაუფასურებას პროგნოზირებდა, მაგრამ ამერიკული ვალუტა თავს მშვენივრად გრძნობს. სანაცვლოდ, ქართული ლარი, ერთდღიანი პაუზის შემდეგ, დაეშვა თავქვე და უკვე ფსიქოლოგიურ ნიშნულს მიუახლოვდა. ხალხი გაღიზაინებულია და ხელისუფლებას თუ ეროვნულ ბანკს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოში მცურავი კურსი მოქმედებს. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი დასტაბილურდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „დიდი რისკის შემცველი“ უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ლარის კურსის გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებითაა გამოწვეული.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არის მცურავი კურსი დაძალიან რთულია მოკლევადიან რყევებზე გაკეთდეს ასეთი კომენტარი. ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი მიდგომა დიდ რისკს შეიცავს. კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგება, მოლოდინი, რომლებიც არსებობს და ეს ყველაფერი არის ერთად ასახული. ვფიქრობ, საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვალუტას ექნება გამყარების მიმართულება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება იმას, რამდენად აქვს რეფინანსირების გაზრდილ სესხებს გავლენა კურსის ცვლილებაზე, კობა გვენეტაძის თქმით, ეს არის ლიკვიდობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველა პროგრესული პოლიტიკის გამტარებელი ეროვნული ბანკი იყენებს და იგი არ ახდენს გავლენას გაცვლით კურსზე.
სულ სხვაგვარად ფიქრობს, ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია, რომელიც ლარის დევალვაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობას ასახელებს. მისი თქმით, სებ-მა ბოლო თვეების განმავლობაში სესხების მოცულობა 250 მლნ-დან 1,3 მლრდ-მდე გაზარდა, რამაც ლარის დასუსტება გამოიწვია.
„ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება, ძირითადად, გამოწვეულია ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში ლარის ზედმეტი, დაუსაბუთებელი მასის გაშვებით. ბოლო ოთხ თვეში ეროვნულმა ბანკმა მილიარდ ლარზე მეტი ზედმეტი ფულის მასა გაუშვა მიმოქცევაში ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით.
ივნისში ე.წ. რეფინანსირების სესხების მოცულობა 250 მილიონ ლარამდე შემცირდა. სწორედ იმ პერიოდში დასტაბილურდა კიდეც ლარი, თუმცა ივნისის შემდეგ ეროვნული ბანკი ისევ დაუბრუნდა ე.წ. რეფინანსირების სესხების მანკიერ პრაქტიკას და დღეისთვის მისმა მოცულობამ 1,3 მილიარდს მიაღწია. როგორც ვხედავთ, ოთხ თვეში მიმოქცევაში ზედმეტად გაშვებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი, რამაც გამოიწვია ლარის გაცვლითი კურსის დაცემა“, - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბრისას თემურ ბასილიამ.
ამ მოსაზრებას იზიარებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარიც: „სახეზე გვაქვს მთელი რიგი ფაქტორები, რაც ლარს ღირებულებას უკარგავს. პირველად ეროვნული ვალუტა წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო გაუფასურდა და არსებული კურსი მივიღეთ. ამას დაემატა ისეთი მიზეზი, როგორიცაა რეფინანსირების სესხების მიწოდება კომერციული ბანკებისთვის, რაც 1,3 მლრდ-ს გადაცდა. ცხადია, იგი კურსზე უარყოფითად მოქმედებს“, - ამბობს ბაირახტარი.
კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძე კი ლარის გაუფასურებას უცხოური ნაკადების შემოსვლის შემცირებით ხსნის.
„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს. ჩვენთან იმაზე გაცილებით ნაკლები დოლარი შემოდის, ვიდრე გადის, ანუ ჩვენ დოლარზე უფრო მეტ საქონელსა და მომსახურებას ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. შესაბამისად, უარყოფითი სავაჭრო სალდოა და რაღაცით უნდა დაფინანსდეს იქნება ეს უცხოეთიდან შემოტანილი სხვადასხვა პროდუქტები, გადმორიცხვები, თუ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან ვადიანი სესხები. ეროვნულმა ბანკმა თავისი რესურსი უნდა დახარჯოს.
„როდესაც მსოფლიოში დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებით ეცემა, ან სტაბილურად ერთი და იგივე ნიშნული უჭირავს, ამ დროს კი ლარი უფასურდება, ეს გასაკვირი არ არის. თანაც, ამ ფაქტებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ამასობაში კი სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2,50 ლარს გადაცდა. მოსახლეობაში უკვე პანიკის ნიშნებია.