7 სექტემბერს საქართველოში მსოფლიოს ყოფილი ლიდერები - აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ პერი და საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი ჩამოვლენ. ცნობილია, რომ ლიდერები რუსეთში, თურქეთში, საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში იმოგზაურებენ. პროგრამა სხვადასხვა თემაზე ლექციებსა და განხილვებს ითვალიწინებს.
ყოფილი ლიდერები ქვეყნების ხელისუფლებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან. გარდა ამისა, ექსპერტების თანხლებით ექსკურსიებს მოაწყობენ და ისტორიულ ადგილებს დაათვალიერებენ. ჯგუფი საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმს მოგზაურობის მერვე დღეს ეწვევა. მეორე დღეს დელეგაცია, სავარაუდოდ, ბაქოში გაემგზავრება. მოგზაურობა მოსკოვში 30 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბერს სტამბულში დასრულდება.
ოფიციალური განცხადება მსოფლიო ლიდერების ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გაკეთებულა. შესაბამისად, უცნობია კონკრეტულად ვისთან გეგმავენ მსოფლიოს ყოფილი ლიდერები შეხვედრას. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიდერებს 7 სექტებერს ბათუმში საქრთველოს პრეზიდენტი მიიღებს.
უმრავლესობის წევრი, დავით დარჩიაშვილი ამ ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პირებს დღეს პოლიტიკური თანამდებობა არ უკავიათ, მათ ვიზიტს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
"ვერ გეტყვით, რა პროგრამით ჩამოდიან. მაგრამ, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი. მათ აზრს ყოველთვის უსმენენ და ითვალისწინებენ," - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
ექსპერტების განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია უშუალოდ საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის ვიზიტი და მისი პოზიცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.
პოლიტოლოგი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ გორბაჩოვს და რუსეთის ხელისუფლებას განსხვავებული შეხედულება აქვთ რუსეთის დემოკრატიულობაზე და ზოგადად დემოკრატიის განვითარებაზე.
"არ მექმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთში მის აზრს ითვალისწინებენ ისე, როგორც დასავლეთში. რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას ცოტა განსხვავებული პრიორიტეტები აქვს. ამის გამოა, რომ ბატონ გარბაჩოვს და რუსეთის ხელისუფლებას განსხვავებული შეხედულება აქვთ რუსეთის დემოკრატიულობაზე და დემოკრატიის განვითარებაზე.
"მის აზრს ყურს უგდებენ დასავლეთში. ითვალისწინებენ კიდევაც და აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობა ამ დელეგაციაში არ იქნება უმნიშვნელო ფაქტი.
"თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ის რუსეთს წარმოადგენს, რომელსაც რთული ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. ამიტომ, ჩემთვისაც საინტერესო იქნება ის შეფასება, რომელსაც ის გააკეთებს, იმედია საჯაროდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თაობაზე," - ამბობს მენაღარიშვილი.
რაც შეეხება ზოგადად ვიზიტის პოლიტიკურ მნიშვნელობას, ის ამბობს, რომ ამგვარი შემადგენლობის დელეგაციას მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების საკმაოდ სერიოზული რესურსი გააჩნია.
"ეს ფაქტია. ამიტომ, ის, თუ როგორ საქართველოს და როგორ პერსპექტივებს დაინახავენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამგვარ ვიზიტს უმნიშვნელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. პოლიტიკური ცვლილება ქვეყანაში ცალკეული და, მითუმეტეს მსგავსი ვიზიტების შემდეგ არ ხდება.
"უდაოდ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების აზრი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ იმოქმედებს მათ მიერ მიღებული შთაბეჭდილება საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაზე," - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ მსოფლიოს ყოფილი ლიდერების ვიზიტი ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვენლოვანია.
"მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი ყურადღება, მათი ინტერესი დასტურია იმისა, რომ ქვეყანა არის მნიშვნელოვანი და ქვეყანას აქვს ფასი. შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკურ პიარს ისინი შეუწყობენ ხელს, მაგამ ვერ ვიტყოდი, რომ პოლიტიკური მნიშვნელობა, ანუ პოლიტიკური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამ ვიზიტს.
"რაც შეეხება მიხაილ გარბაჩოვს, მოგეხსენებათ, რომ იგი საბჭოთა კავშირის ის ლიდერია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საბჭოთა კავშირი დაშლილიყო. მას საბჭოთა იდეოლოგიის გამგრძელებლად ნამდვილად ვერ ჩათვლი.
"დელეგაციის ყველა წევრი არის მშვიდობის საერთაშორისო სტაბილურობის სიმბოლო. ასე რომ, ალბათ ეს საკითხები იქნება მთავრობასთან მათი საუბრის ძირითადი თემა და ალბათ ამ პათოსით ჩამოდიან ისინი საქართველოში. დაველოდოთ, რა განცხადებას გააკეთებენ ისინი 7 სექტემბერს," - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
"თავისთავად ცუდი არაა ყოფილი პოლიტიკური მოღვაწეების ვიზიტი," - ამბობს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, როგორც წესი, ყოფილი პოლიტიკური მოღვაწეები ხშირად დადიან სხვა ქვეყნებში და ამზადებენ მოხსენებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
"როგორც წესი, ასეთი პოლიტიკური ფიგურები უფრო თამამად და თავისუფლად ლაპარაკობენ, უფრო გახსნილი არიან. ძალიან საინტერესოა ის, რომ გორბაჩოვი და კონდოლიზა რაისი ერთად ჩამოდიან. საინტერესოა ისინი როგორ შეაფასებენ ოკუპაციას. მეტად ინფორმირებული არიან, მეტი კავშირი და კონტაქტები აქვთ მსოფლიოს ლიდერებთან, მათ უჯერებენ ხშირ შემთხვევაში, შეუძლიათ ინფორმაცია მიიტანონ და ამიტომ საინტერესო იქნება, რას იტყვიან საჯაროდ, ქართული საზოგადოების გასაგონად. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, არსებითი ცვლილებები არ მოჰყვება ამ ვიზიტს," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.