მაღალი ნაგებობების გამო დედაქალაქის ცენტრში ცხოვრება შეუძლებელი ხდება

მაღალი ნაგებობების გამო დედაქალაქის ცენტრში ცხოვრება შეუძლებელი ხდება

თბილისის ცენტრი თანდათანობით ზემაღალი შენობებით ივსება და ნემსის ჩასაგდები ადგილი აღარ რჩება. ასეთ პირობებში ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი ხდება, რასაც უკვე თავად მშენებლებიც კი აღარ მალავენ. სიტუაციის გამოსწორება უკვე შეუძლებელია, მაგრამ კიდევ მეტად გართულების თავიდან არიდება ჯერ კიდევ შეიძლება.

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში „კა-2“ კოეფიციენტის შეზღუდვა გარდაუვალია. კომპანია „აქსისის“ გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ „კა-2“-ის დაუგეგმავი მატების გამო, თბილისში არაადეკვატური სიტუაცია ჩამოყალიბდა. არის უბნები, სადაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა ცხოვრება.

„ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო და დროებით შეაჩერა „კა-2“ კოეფიციენტის მომატება სწორი იყო“, - აღნიშნავს კაპანაძე და დასძენს, რომ ახლა უბნების მიხედვით განისაზღვრება ეს კოეფიციენტი.

ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი ადეკვატურად გადაწყდება და წინასწარი ინფორმაცით, ცენტრალურ უბნებში ნამდვილად შეიზღუდება, ხოლო პერიფერიებში იქნება შესაძლებელი გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, „კა-2“-ის მატება.

„მთავარია, იყოს ერთიანი თამაშის წესები. ერთი დეველოპერისთვის რაც არის აკრძალული, მეორესთვისაც იგივე უნდა იყოს“, - აღნიშნა „აქსის“ გენერალურმა დირექტორმა „ჯიბისისთან“ საუბრისას.

ჯერჯერობით ახლო მომავლის პერსპექტივა ისაა, რომ დედაქალაქის ცენტრში „კა-2“ კოეფიციენტის შეზღუდვის გამო სამშენებლო კომპანიების უმეტესობას არჩევანის გაკეთება გარეუბნების სასარგებლოდ მოუწევს. ეს იქნება წინაპირობა, რომ გარეუბანი უფრო მეტად განვითარდეს და იქ ცხოვრება პრესტიჟული გახდეს. შეიძლება, მოთხოვნა მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზეც გაჩნდეს. ამასთან, აითვისონ ყველა ის უბანი, სადაც კომუნისტურ პერიოდში მიტოვებული წარმოებებია.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ვარაუდობს, რომ ამ ტერიტორიებზე მშენებლობის ბუმი გაჩნდება, შემდეგ კი პროცესი გარეუბნებშისკენ გადაინაცვლებს.

„მასობრივი მშენებლობების ფონზე გარეუბნებიც უფრო მოწესრიგდება და პრესტიჟიც აიწევს. ვაკე-საბურთალოს შემდეგ, საინტერესო და კარგად განვითარებადი მეჩვენება ვარკეთილი-ვაზისუბნისა და გლდანი-ნაძალადევის მიმართულება. ასეთი შეიძლება იყოს საბურთალოს ზედა ნაწილიც, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და სხვა, ყველა ის ადგილი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგად არის განვითარებული. არ გამოვრიცხავ - მეტროებთან მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე მეტი მოთხოვნა გაჩნდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია“, - აცხადებს როსტომაშვილი.

უძრავი ქონების ექსპერტი შოთა გუჯაბიძეც ადასტურებს, რომ მაღლივი კორპუსების მშენებლობამ შეიძლება პერიფერიებისკენ გადაინაცვლოს, მაგრამ ზომიერების დაცვა იქაც საჭიროა. მისი აზრით, დაუშვებელია ისტორიული ქალაქის ცენტრალურ უბნებში მაღალსართულიანი შენობები შენდებოდეს იმ ინტენსივობით, როგორც თბილისში შენდება.