ლარის კურსის მკვეთრი რყევის მიუხედავად, წელს მოსახლეობა დენის გაძვირებას, სავარაუდოდ, გადაურჩება, თუმცა თუ ეროვნული ვალუტა მომავალში მაინც არ გამყარდა, ტარიფი მოიმატებს. სემეკს ყოველი წლის ბოლოს შეუძლია ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი შეცვალოს.
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ამბობს, რომ არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფი შეიცვალოს, არ არსებობს, თუმცა მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტარიფების დადგენა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა.
„ეს არის პროცედურა, რომლებიც გაწერილია სემეკის მიერ. ამ ეტაპზე ვერანაირ წინაპირობას, რომ ტარიფი გაიზარდოს, მე ვერ ვხედავ. ეს არის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფი შეიცვალოს, არ არსებობს“, - განაცხადა ელოშვილმა.
იგივე პოზიცია აქვს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირინა მილორავას. მისი აზრით, ლარის კურსის ცვლილება არ არის იმ შინარსისა და იმ ხასიათის, რომელსაც შესაძლებელია ტარიფზე გავლენა ჰქონდეს. მისი განმარტებით, ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებულია ტარიფების დადგენა ერთი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადახედვა ხდება ყოველწლიურად. ეს არის გეგმიური პროცესი, ასე მოხდა შარშან, შარშანწინ და ასე იქნება მომავალ წელსაც.
„რაც შეეხება ტარიფების ცვლილებას, რა თქმა უნდა, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, ვიდრე ჩვენ ბოლომდე დეტალურად არ ვნახავთ ინფორმაციას. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს იმ შინარსისა და იმ ხასიათის ცვლილება, რომელსაც შესაძლებელია ტარიფზე გავლენა ჰქონდეს“, - განაცხადა მილორავამ.
მისივე თქმით, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ სემეკის საქმე არის გადაწყვეტილების მიღება ტარიფებთან დაკავშირებით და არა პროგნოზის გაკეთება. ეს ეხება ყველა სამომხმარებლო ტარიფს, რასაც სემეკი იხილავს.
თუმცა მთალდ ასე მარტივად არ უყურებენ საკითხს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები. ყველა მათგანს სემეკში განცხადება აქვს შეტანილი და მითითებენ, რომ ვალუტის კურსი მნიშვნელოვანია სატარიფო კომპონენტში, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის განმარტებით, კომპანიისთვის ტარიფის დადგენა არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა. კომისიამ უნდა მოახდინოს ჩვენი ყველა ხარჯის, სახსრებისა და გასავლის გადაანგარიშება და მისი ფუნქციაა, რომ ტარიფი დაადგინოს.
„ვალუტის კურსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კომპონენტში, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება. იგი მეტად მნიშვნელოვანი მდგენელია ჩვენი ტარიფის დაანგარიშებისას, თუმცა ვფიქრობ, პირველი იანვრიდან შენარჩუნებულია შედარებით დაბალი ფასი შესყიდული ელექტროენერგიის კუთხით, ამიტომ შესაძლებელია არ მოხდეს ჩვენგან ზრდის მოთხოვნა, მაგრამ მაინც სემეკის დასათვლელია“, - განაცხადა ბოცვაძემ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მოქმედმა კომპანიებმა მათ შორის, „თელასმა“, „ენერგო პრო ჯორჯიამ“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სემეკს მომავალი წლის ტარიფის დადგენის მიზნით უკვე მიმართეს. კომისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.