თბილისში მოძრავი ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, რადგან მათი გამონაბოლქვი ფილტვის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.
ამის შესახებ For.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენელმა ბაკურ ხუნდაძემ განუცხადა. მისი თქმით, ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები დიზელის საწვავზე მუშაობენ. იმის გამო, რომ ამ ტრანსპორტში უხარისხო ზეთია ჩასხმული, ყველა მათგანს დაზიანებული აქვს ტურბინა და მაყუჩი. შედეგად იმატებს კიბოს გამომწვევი დიზელის ტოქსიკური გამონაბოლქვი. ამ სატრანსპორტო საშუალებების კომპანიებთან ვერავინ ვერაფერი გააწყო, რადგან იქ მაფია და განუკითხაობა მძვინვარებს.
„დიზელის მანქანების გამონაბოლქვი უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, ვიდრე ბენზინზე მომუშავე მანქანების. ყვითელი ავტობუსები ძლიერ გამონაბოლქვს გამოყოფენ თბილისში. მათი მომსახურება (ანუ ზეთები, საწვავი, ტურბინები) არ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან მათ საკმაოდ ადრე დაიწყეს ჰაერის დაბინძურება და ბოლის გამოყოფა. რაც შეეხება ლურჯ ავტობუსებს, ჯერ ისინი ახალია, ეს არის მაღალი კატეგორიის, ტექნოლოგიის ავტობუსები და, თუ მათი მომსახურებაც ნორმალური იქნება, ამ ავტობუსების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება. როგორ შეიძლება, ლურჯი ავტობუსების მიმართ გვქონდეს პრეტენზია?! არც ყვითელი ავტობუსების მიმართ შეიძლება ვიყოთ უარყოფითად განწყობილნი, თავის დროზე ისინი მაღალი კლასის ავტობუსებად ითვლებოდნენ. უბრალოდ, მათი შემდგომი მომსახურება იყო საეჭვო, შესაბამისი დონისა და სერვისის უხარისხობის გამო, ისინი მწყობრიდან მალევე გამოვიდნენ. თუ ლურჯ ავტობუსებსაც არ ექნებათ შესაბამისი სერვისი, ისინიც მალე გამოვლენ მწყობრიდან. შესაბამის სერვისში ვგულისხმობ მათი დონის სათადარიგო ნაწილებს, მათში ჩასასხმელ სითხეებს, რომელთა ხარისხიც უნდა მოწმდებოდეს და შესაბამისობის მიხედვით შეირჩეს“, - აღნიშნა ბაკურ ხუნდაძემ.
მანვე განმარტა, რომ ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საშიშია სამუხრუჭე ხუნდებში არსებული აზბესტის შემცველობა. ფაქტობრივად, აზბესტის მტვერი პატარა ბავშვებისა და ფეხით მოსიარულეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, რადგან მისი ნაწილაკები ერთხელ თუ მაინც შეისუნთქეს, ფილტვში ჩაუჯდებათ და 25 წლის შემდეგ შეიძლება სიმსივნის სახით გამოიხატოს. ამის ნათელი მაგალითია ჩერნობილი, სადაც მავნე აირის გამონაბოლქვის გამო მძიმე შედეგი 25 წლის შემდეგ დადგა. ცხადია, ახალგაზრდის ორგანიზმში მოხვედრილმა წიდამ შესაძლოა, მას 5-10-15 წელიწადში არაფერი ავნოს, რადგან ახალგაზრდის სხეულის იმუნიტეტი ჯერ კიდევ მყარია, მაგრამ როგორც კი იმუნიტეტს პრობლემა შეექმნება, შესაძლოა, სხეულში სამუდამოდ განთავსებულმა წიდამ სუსტი წერტილი იპოვოს და დაიწყოს განვითარება.
„ონკოლოგებიც ამბობენ, რომ ამ მხრივ თბილისში სავალალო მდგომარეობაა. ჩვენს ორგანიზაციასა და ონკოლოგებს ამას წინათ ერთობლოვი პრესკონფერეცია ჰქონდათ და იქ ვისაუბრეთ, რამდენად საშიშია, თუკი აზბესტიანი სამუხრუჭე ხუნდები იყიდება საქართველოში. ამას შემოწმება სჭირდება, არავინ იცის, რა შემოდის. არის ეჭვი, რომ დიდი რაოდენობით შემოდის იაფფასიანი სამუხრუჭე ხუნდები, რომლებიც აზბესტს უნდა შეიცავდეს. ცხადია, უხარისხო ნაწარმი თურქეთიდან, ჩინეთიდან შემოდის, თორემ ევროპიდან არ შემოვა, რადგან მათი გამოყენება ევროპაში კატეგორიულად აკრძალულია. ევროპაში იმ საწარმოშიც კი არავინ იმუშავებს, სადაც აზბესტს გამოიყენებენ. ჩვენ კი უხარისხო საქონლის გადმოყრის არეალი ვართ“.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ბაკურ ხუნდაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი ამ სფეროს გაკონტროლებაშია. ტენდერის გამოცხადებისას უმთავრესი ფასი კი არ უნდა იყოს, არამედ საუბარი უნდა იყოს ფასისა და ხარისხის თანხვედრაზე.