თურქი ტურისტი აცხადებს, რომ იგი ბათუმში სომეხმა ტურისტებმა გაძარცვეს

თურქი ტურისტი აცხადებს, რომ იგი ბათუმში სომეხმა ტურისტებმა გაძარცვეს

სომხური და თურქული საიტების ერთ-ერთი მთავარი თემა გუშინ აჭარაში თურქეთის მოქალაქის გაძარცვა იყო. ის ამტკიცებს, რომ იმ სომეხმა გაქურდა, რომელთანაც მანამდე შელაპარაკება მოუვიდა.

დაზარალებული გახლავთ თურქეთში მოქმედი ორგანიზაციის "სომხების გენოციდეს უსაფუძვლოდ მტკიცების წინააღმდეგ ბრძოლის კავშირის" ქალაქ ქოჯაელის განყოფილების უფროსი იუსუფ ილმაზი. მან საქართველოს პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ბათუმში გაძარცვეს. ამასთან, ილმაზს კონკრეტული ეჭვიც აქვს.

"თავს დამესხნენ, უკნიდან ჩამარტყეს, წამართვეს ჩანთა და გაიქცნენ. ჩანთაში მედო 10 ათასი დოლარი, საკრედიტო ბარათები და საბუთები. დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს თავდასხმა იმ სომხების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებთანაც ცოტა ხნით ადრე კამათი მომივიდა", - ამბობს ილმაზი.

მისი ცნობით, ბათუმში ეროვნებით სომეხ მოქალაქეებთან კამათის მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთმა სომეხმა შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია თურქეთი.

აჭარაში ოფიციალური პირები და ადგილობრივები აცხადებენ, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის პოლიტიკურ თუ ეთნიკურ თემაზე კონფლიქტები პრაქტიკულად არ ხდება და ეს შემთხვევა შეიძლება გამონაკლისად ჩაითვალოს.

"ასეთი რამ საერთოდ არ ხდება, ეს არის გამონაკლისი. არ შეიძლება ამ ფაქტს ეთნიკური დაპირისპირების სტატუსი მივცეთ. არა მგონია, ეთნიკური შუღლი ქურდბაცაცობით გამოეხატათ," - ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ დიასამიძე.

ადგილობრივების თქმით, მსგავსი დაპირისპირებები არ ხდება, იშვიათად არის უცხოელების გაქურდვის ფაქტებიც..

"ზოგჯერ ქართველებსა და სომხებს შორის ხდება დაპირისპირება. სომხებსა და თურქებს ან აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის მსგავსი რამ არ გამიგია. იშვიათად, მაგრამ არის უცხოელი ტურისტების გაქურდვის ფაქტები", - ამბობს ქობულეთის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.