ბოლო 2 წელიწადში საქართველოს ბაზრიდან 5 კომერციული ბანკი გაქრა. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდებდა და მალე ქვეყანაში 10-ზე ნაკლები ბანკი დარჩება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი იყო. ჩამონათვალში ჯერ კიდევ შედის „ბანკი რესპუბლიკა“, რომლის „თიბისი ბანკთან“ გაერთიანება 2 თვეში ბოლომდე დასრულდება და შესაბამისად, ახალი წლიდან საქართველოში 16 კომერციული ბანკი იქნება. თუმცა ესეც არ არის, ბოლო მონაცემები, რადგან იგივე „თიბისი“ კიდევ ერთი ბანკის შეძენას გეგმავს და შესაძლოა, მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების რაოდენობა კიდევ შემცირდეს.
ბოლო 20 წლის განმავლობაში კი 16 ბანკი მინიმალური მაჩვენებელია. აქამდე, ყველაზე ცოტა (17) 2006 წელს მოქმედებდა. ბოლო წლებში კლების ტენდენციაა ბანკების ფილიალების რაოდენობის მხრივაც, თუმცა იზრდება სერვის-ცენტრების ოდენობა. სექტემბრის ბოლოს საქართველოში კომერციული ბანკების 142 ფილიალი და 813 სერვის-ცენტრი იყო.
ბოლო დროს მცირე ბანკებზეც რომ არაფერი ვთქვათ, საქმიანობის შეჩერების პირას რამდენიმე საშუალო დონის ბანკია. პარალელურად მიმდინარეობს გამსხვილების პროცესი. მაგალითად, „რესპუბლიკა“ და „პროგრესბანკი“ „თიბისიმ“ შეიერთა და უფრო ადრე იგივე ბედი ეწია „კონსტანტასაც“. „ტაო პრივატ ბანკი“ „საქართველოს ბანკის“ მფლობელობაში გადავიდა. გამსხვილების კუთხით გააქტიურებას გეგმას „ვითიბი ბანკი“. ერთი სიტყვით, ბაზარზე მიმდინარეობს ტოტალური გადაჯგუფება.
20 წლის წინათ საქართველოში 61 ბანკი მოქმედებდა, თავისი 242 ფილიალით, თუმცა მათი რაოდენობა სულ რაღაც 5 წელიწადში განახევრდა. კლების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდა და საბოლოოდ, 2005 წელს 19 ბანკზე ჩამოვიდა, მას შემდეგ კი, დაახლოებით, ამ დიაპაზონში მერყეობდა. 2014 წელს ქვეყანაში 21 ბანკი ფუნქციობდა, მაგრამ სულ რაღაც 2 წელიწადში მათი რაოდენობა 5 ერთეულით შემცირდა.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს ტენდენცია, სამომავლოდაც გაგრძელდება და დაახლოებით 2-3 წელიწადში საქართველოს საბანკო სივრცე 6-7 ბანკზე მეტს ვეღარ დაიტევს.
„ბანკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის კონკურენციის არარსებობა. ეს იმიტომ, რომ საბანკო სექტორი არის ოლიგოპოლიზებული, რაც ამ დარგს განვითარების საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, საშუალო და წვრილი ბანკები კოტრდებიან და ეს ტენდენცია გრძელდება. ჩემი აზრით, ერთ წელიწადში ბაზარზე სულ 6-7 ბანკი დარჩება. რეგიონალური, მაგალითად, თურქეთის ბანკი შეინარჩუნებს თავის სტატუს-კვოს, იგივე შემიძლია ვთქვა აზერბაიჯანულ ბანკსა და „ვითიბი ბანკზე“, რომელიც ქართულ ბაზარზე საკმაოდ მყარად დგას. არა მგონია, სხვა უცხოური მსხვილი ავტორიტეტული ბანკი შემოვიდეს.
წვრილი საფინანსო ინსტიტუტები ერთ კონკრეტულ სეგმენტს ემსახურებოდნენ, რის გამოც ჩვენ მათ ადრე „ჯიბის ბანკებს“ ვეძახდით. ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო ნორმალური პოლიტიკა თუ გაატარა, კომერციულ ბანკებს გაკოტრების საშუალებას არ მისცემს. აქვე აღვნიშნავ, რომ პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის, აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ბანკები სისტემატურად კოტრდებიან“, - განმარტავს ფინანსური ექსპერტი ლია ელიავა.
საყურადღებოა ისიც, რომ ბოლო 10 წელიწადში სერვის-ცენტრების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა, ხოლო საბანკო ფილიალების რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ამჟამად ქვეყანაში 813 სერვის-ცენტრი და 142 ფილიალი მოქმედებს.