საქართველოში რამდენი ადამიანიცაა, იმდენი მოთხოვნა აქვს ახალი მოწვევის პარლამენტის მიმართ. თუმცა ჩვენს პარლამენტარებს მათი პრობლემებისთვის სცალიათ თუ არა, ეს მეორე საკითხია. არადა, ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის მნიშვნელოვანია მუსიკა-რესტორნების შესახებ კანონი, რომელიც ძველმა პარლამენტმა ჩააგდო და ღამის საათებში ძველ უბნებში ხმაური ისევ მოსვენებას უკარგავს ადამიანებს. ზოგისთვის პრიორიტეტულია ცვლილებები ოჯახის ინსტიტუტთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, მავანისთვის დასაქმება და შრომის უფლებებია არსებითი. ამას ემატება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო პროფილის ექსპერტთა მოსაზრებებიც.
უკვე ცნობილია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი 19 ნოემბრიდან, პირველ რიგში, იმ კანონპროექტების მიღებას შეუდგება, რომლებმაც გარკვეული ეტაპები უკვე გაიარეს და დასრულების სტადიაშია. მაგალითად, დაგროვებითი პენსიის შემოღებასთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვები დასრულებულია. სავარაუდოდ, ასევე, მიიღებენ კანონს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რაც მომხმარებელს შეძენილი პროდუქციის შვიდ დღეში დაბრუნების საშუალებას მისცემს. თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონშიც შევა ცვლილებები, რადგან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევას კრძალავს.
აღნიშნული ცვლილებების გარდა, კიდევ რომელი საკითხებია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საჩქაროდ გადასაწყვეტი ამ მოწვევის პარლამენტისთვის?!
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თავდაცვის პოლიტიკაში სტრატეგიის შემუშავებას ამ მოწვევის პარლამენტის უპირველეს მოვალეობად მიიჩნევს.
For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა არ გააჩნია, ეს პოლიტიკა ნულის დონეზეა და შეიარაღებულ ძალებში ტრაგიკული ინციდენტებიც იმ პროცესის კანონზომიერი შედეგია, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, ანუ ათი წლის განმავლობაში ვითარდებოდა. ეს არის ჩაშვებული და უპასუხისმგებლო პოლიტიკური მიდგომა.
„პარლამენტმა თავდაცვის პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შესაცვლელია. სამხედრო დოქტრინის პრინციპები გადასახედია. ასევე, უნდა მოახდინონ თავდაცვის ბიუჯეტის რეკორექტირება, უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ სამხედრო-საბრძოლო მომზადების მიმართულებებზე. უნდა ჩატარდეს ანალიტიკური ტიპის სამუშაოები, რათა გავაანალიზოთ, რა ამოცანები დავუსახოთ შეიარაღებულ ძალებს, რომ ეს ამოცანები შესრულებადი და თავსებადი იყოს. ასევე, პარლამენტმა უნდა გააქტიუროს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართულება.
მთელი კანონებია შესაცვლელი. თუნდაც კანონი შეიარაღებული ძალების შესახებ, კანონი თავდაცვის შესახებ, ასევე, საყარაულო წესდების ელემენტებში უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა, რადგან ამ მხრივ სერიოზული გადაცდომებია. საყარაულო პრობლემა მარტო კრწანისის ბაზაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტით არ ამოიწურება. ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩვენი ათი სამხედრო დაიღუპა, რადგან დიდი გადაცდომები იყო საყარაულო მოწყობის კუთხით. როგორ მოახდინა სამმა თალიბმა ჩვენი ბაზის განგრევა, შეღწევა და იქ სამხედრო შეტევის განხორციელება, რის გამოც სერიოზული დანაკარგი მივიღეთ?!“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია და თავისი მიმართვის ერთ-ერთ ადრესატს - თავდაცვის მინისტრსაც ურჩევს, როცა იგი ხვდება არასამთავრობო სექტორს, სამხედრო ექსპერტებისთვისაც მოიცალოს.
„ეს უფრო მომგებიანი იქნება მისთვის. თორემ ის ამ დარგში პროფანია და ბეგრაუნდი არ გააჩნია. ის დროებითი მმართველია და სულ მალე თავდაცვის კიდევ მეხუთე მინისტრი გვეყოლება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. იმედია, ახალ თავდაცვის მინისტრს მეტი პასუხისმგებლობით შეარჩევენ“.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ირონიულად უყურებს ამ მოწვევის პარლამენტართა მზაობას საჩქაროდ გადასაწყვეტი პრობლემების მოგვარების კუთხით. იგი ფიქრობს, რომ ჩვენი პარლამენტარები ნამდვილად არ გამოვარდებიან და პირველსავე დღეს, 19-ში თუ არა, 20-ში მაინც ამ პრობლემურ საკითხებზე იმუშავებენ. მით უმეტეს, როცა ამის გამოცდილება გვაქვს და წინა პარლამენტსაც ბევრი გადაწყვეტილება დარჩა მისაღები.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია შრომის ინსპეციის, შრომის უფლებების, სოციალური სამართლიანობის, დაუცველი საზოგადოების, მომხმარებლთა უფლებების დაცვის საკითხები. ვფიქრობ, საარჩევნო კოდექსზე ახლავე უნდა დაიწყონ მუშაობა, რადგან მაინც არჩევნების ტალღაზე არიან მოსულნი. თუმცა, მაინც მგონია, რომ ჩვენი პარლამენტარები უფრო საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას შეუდგებიან, რამდენადაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობითაა მოსული. არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ არაპოპულარული თემებით დაიწყოს - საჯარო სამსახურებში გაზრდილი შტატების შემცირებით, რადგან დღესაც ჩვეულებრივი პარტაქტივისტური მიდგომებია. საჯარო უწყება კი, ერთადერთი სივრცეა, რომელიც აქტივისტებისა და საარჩევნო კამპანიაში დამხმარე ადამიანების დასაქმების საშუალებად რჩება. ამდენად, განახლებულ რეჟიმში ახლად მოსული ხელისუფლება, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების, საკუთარი ადამიანური რესურსებისა და მათ ინტერესებზე მორგების პროცესს შეუდგება“, - აცხადებს არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ორივე საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ვითარება, ისე პოლიტიკური. ამდენად, პირადად იგი დღევანდელი პარლამენტარების ადგილას რომ იყოს, პირველ რიგში, სახელმწიფო სტრუქტურებისა და, მთლიანად, სახელმწიფოს მოწყობას დაიწყებდა, რაც კონსტიტუციისა და სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმირებას გულისხმობს.
„მათ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეუძლიათ საქართველოში დღესვე ჩამოაყალიბონ ევროპული ტიპის სახელმწიფო. თუ ამის პოლიტიკური ნება ექნებათ, ეს განხორციელებადია. ეს არის სამუშაო პროცესი, რაც სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაციას, კონცეპტუალური გააზრების (და არა მექანიკური შეერთების) ხარჯზე სამინისტროების შეკვეცას, მცირე სახელისუფლებო ბიუროკრატიას გულისხმობს. მიზანი უნდა იყოს ხელისუფლების ეფექტურობის გაზრდა და ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. დეცენტრალიზაცია არ ნიშნავს პარლამენტის ქუთაისში და საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანას, დეცენტრალიზაცია ნიშნავს
ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილების გადანაწილებას, რომელიც უნდა გადავიდეს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის დონეზე“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ამასთან, მიიჩნევს, რომ, მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ მისი მხარდაჭერა მოსახლეობაში 50%-ზე ნაკლებია. ეს დისბალანსი სანამ იქნება, მანამ ერთპარტიულობის პრობლემა გვექნება საქართველოში. თუმცა იქნება კი ხელისუფლება მზად, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები მოაგვაროს?! პოლიტოლოგი ეჭვობს, რომ ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის.
„ეს თემები სასწრაფოდ გადასაწყვეტია. 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში ერთი წელი მაინც დასჭირდება მთლიანად კონცეფციის შემუშავებას. არ არის აუცილებელი, პარლამენტმა ამ თემებზე ყოველდღიურად იმუშაოს, უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო თუ სახელმწიფო მოწყობის ჯგუფი და, როცა რაღაც მასალა მომზადდება, შემდეგ ჩაერთოს პარლამენტი, როგორც განმხილველი ორგანო. ეს დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუ ჩვენ გვინდა ქვეყანაში ეკონომიკურად, სოციალურად და სამართლებრივად მყარი, სტაბილური სახელმწიფო სტრუქტურები მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ყველა ვმკითხაობთ იმაზე, ხელისუფლება დარჩება ამ ველში, რომელიც ჯერჯერობით დემოკრატიული და თავისუფალია, თუ წავა ავტორიტარიზმისკენ?! პრობლემა არის ის, რაც გვქონდა 2003-ში, 2008-ში, 2012-ში. ეს პრობლემა საქართველოში დღემდე ინსტიტუციურად ვერ მოგვარდა. ახლაც ვერ მოგვარდება, თუ ხელისუფლების ნება არ იქნება. ამის გარეშე გამორიცხულია, რომ ეკონომიკაში რეალურ წინსვლას მივაღწიოთ“.