ლარის ვარდნა თუ გაგრძელდა, შესაძლოა, ელექტროენერგიის არსებული ტარიფი ეჭვქვეშ დადგეს

ლარის ვარდნა თუ გაგრძელდა, შესაძლოა, ელექტროენერგიის არსებული ტარიფი ეჭვქვეშ დადგეს

ლარის კურსი უკვე იმ დონემდე გაუფასურდა, რომ შეიძლება ქვეყანაში ელექტროენერგიის გაძვირების საფრთხე გაჩნდეს. საბაზრო გაცვლითი კურსი უკვე 2,45-ის ფარგლებშია. ენერგეტიკოსების შეფასებით კი, დენისა და გაზის ტარიფის გადახედვის საჭიროება დაახლოებით 2,5-ლარიან ნიშნულს მიაღწევს. აქამდე კი აღარაფერია დარჩენილი.

ისიც აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ტარიფები მხოლოდ წლეულს 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს და წლის ბოლოს სემეკ-ს მათი გადახედვა მოუწევს. სწორედ ამ დროისთვის არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ტარიფის გაზრდის მოთხოვნა რომელიმე სადისტრიბუციო კომპანიამ დააყენოს.

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ტარიფის მატებას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

„კურსის ცვლილებაზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რამხელა იყო ეს რყევა, მაშინ როცა ტარიფების კორექტირება გამოიწვია, ახლა ამ ტიპის რყევასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს, ამიტომ ამ თემაზე აქცენტირება მთლად სწორი არ იქნება. იმავდროულად უნდა ვთქვა, რომ კომისია ყოველწლიურად უყურებს ყველა სექტორის ტარიფებს, ყოველი წლის ბოლოს ჩვენი მეთოდოლოგია ითვალისწინებს, რომ აუცილებელია კომისიაში შევიდეს სატარიფო განაცხადი, კომისიამ განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ანუ თავისთავად სატარიფო განაცხადი არ ნიშნავს, რომ მოითხოვება ტარიფების გაძვირება. ამ ეტაპზე კურსის ცვლილება შეშფოთების საფუძველს არ გვაძლევს.

ბოლო ტრენდი აჩვენებს, რომ იმპორტზე დამოკიდებულება მცირდება, იმის გათვალისწინებით, რომ შიდა სიმძლავრეები ვითარდება, თუმცა ამაშიც მონაწილეობს, გარკვეულწილად, ვალუტის კურსი, თუნდაც ის, რომ თბოსადგურები ბუნებრივ აირს ყიდულობენ დოლარში. თუმცა ჩვენ თბოსადგურების ნაწილში ბოლო ტარიფი დავიანგარიშეთ ნიშნულზე 2.4, ამდენად, ეს ნიშნული ჯერჯერობით შენარჩუნებულია“, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე ამბობს, რომ თუ ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულს არ მიაღწია, ენერგო-დისტრიბუტორები ტარიფების მატებას არ მოითხოვენ.

„ახლა ის 2,3-სა და 2,4-ს შორის მერყეობს. მართალია, წინა წელს გაძვირება ვალუტის კურსის ცვლილებით იყო გამოწვეული, მაგრამ მაშინ ცვლილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობდა“, - აცხადებს არაბიძე.

მისი თქმით, პრობლემა უფრო თებერვლისთვის შეიქმნება, როდესავ ენგურჰესი სარეაბილიტაციო რეჟიმში გაჩერდება. მთავრობას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, რომ ადეკვატური რეზერვები მოძებნოს. ენგურჰესიდან მიღებული ენერგია იაფია. მისი გაჩერების შემდეგ ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ უნდა შეეხოს. სისტემამ ეს უნდა მოახერხოს“, – განმარტა „ბიპიენთან“ არაბიძემ.

უნდა აღინიშნოს „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამ ეტაპზე სატარიფო ცვლილებას არ განიხილავენ.