განხეთქილების ზღვარზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ - სააკაშვილს პარტიის თავმჯდომარედ რულოვსის დანიშვნა სურს

განხეთქილების ზღვარზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ - სააკაშვილს პარტიის თავმჯდომარედ რულოვსის დანიშვნა სურს

„რესპუბლიკური პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატებისა“ შემდეგ, პოლიტიკური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დადგა - პარტიის წევრები სამომავლო გეგმაზე ვერ თანხმდებიან, ლიდერები კი, ერთმანეთს წერილებისა და სოციალური ქსელის საშუალებით ესაუბრებიან.

პარტიის  სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ წერილი გუშინ გამოაქვეყნა, რაც თანაგუნდელებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.  პარტიის ნაწილი უგულავას პათოსს იზიარებს, მეორე ნაწილი კი, მის ქმედებაში „ივანიშვილთან გარიგების“ ნიშნებს ხედავს.

თბილისის ყოფილი მერი საკუთარ წერილში ერთის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, მეორეს მხრივ კი, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ვინ ჩაიბარებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვინ შეცვლის მიხეილ სააკაშვილს, ამის თაობაზე ნაციონალები ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ და პოლიტსაბჭოს სხდომას ელოდებიან, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში სავარაუდო კანდიდატები სახელდებიან.

როგორც for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე შესაძლოა, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი გახდეს.

წყაროს ცნობით, სააკაშვილის პარტიაზე ბერკეტების შენარჩუნების მიზნით, პარტიის ხელმძღვანელის პოსტის ჩაბარება რულოვსისთვის სურს, რისი წინააღმდეგიც შესაძლოა, გიგა ბოკერიას ე.წ. ფრთა წავიდეს.

პარტიის ხელმძღვანელად რულოვსის დანიშვნას ნაციონალი გიორგი თევდორაძე  არ გამორიცხავს და for.ge-სთან საუბარში ყურადღებას პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევაზე ამახვილებს.

თევდორაძის განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობით და იმ სამწუხარო რეალობით, რომელიც შექმნილია, არ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი პარტიის  თავმჯდომარე იყოს, რადგან ის უკრაინაში საქმიანობს.

„გამოწვევების და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ იქნა, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ქმედითი, მობილური და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების რეჟიმში უნდა გადავიდეს. თავმჯდომარის არჩევა გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, მოქნილობასა და მობილურობას შეუწყობს ხელს. თუკი ეს ასე მოხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის შიგნით სააკაშვილის როლი და წონა შემცირდება. აბსოლუტურად შეთავსებადია, რომ პარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავდეს და ამავდროულად, სააკაშვილი პარტიის სიცოცხლისუნარიანობაში და ქმედუნარიანობაში მონაწილეობდეს“, - აცხადებს დეპუტატი.

თევდორაძე ფიქრობს, რომ პარტიის ხელმძღვანელად რულოვსის დანიშვნა ცუდი ვარიანტი არ არის.

„გამორიცხული არაფერია, მაგრამ თავმჯდომარის კანდიდატის თაობაზე ინფორმაცია არ მომისმენია და არ ვიცი, ვინ განიხილება. სანდრა ღირსეული ადამიანია, რომლის კანდიდატურა შეიძლება განიხილებოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, მაგრამ წინასწარი ვარაუდისგან თავს შევიკავებ. ის საზოგადოებაში თბილი მიმღეობით სარგებლობს და ცუდი ვარიანტი არ იქნებოდა, თუმცა, ეს პარტიის წევრების გადასაწყვეტია“, - დასძენს თევდორაძე.

თანაგუნდელისგან განსხვავებით, გიორგი ბარამიძეს პარტიის მომავალი თავმჯდომარის თაობაზე საჯარო საუბარი არ სურს და მიიჩნევს, რომ პარტიამ საკადრო ცვლილებები გუნდის შიგნით, ერთიანობით უნდა გადაწყვიტოს.

როგორც for.ge-ს ბარამიძემ განუცხადა, შეიძლება ორგანიზაციაში აზრთა სხვადასხვაობა იყოს, რაც ნორმალურია, მაგრამ ყველაზე მთავარია, ორგანიზაციის ერთიანობა.

„უგულავას წერილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოსაზრება, საგულისხმო და განსახილველია, რომელსაც პოლიტპატიმრობაში თუ საზღვარგარეთ, იძულებით მყოფი თანაგუნდელები გამთქვამენ. რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, ამის თაობაზე ყველა მოსაზრება შეჯერებული უნდა იყოს. ჩვენი ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით, ოლიგარქის ძალიან სახიფათო რეჟიმს ვებრძვით, რომელსაც ძალაუფლება აქვს კონცენტრირებული. ჩვენ ჩვენი ერთიანობით „განწირულები“ წარმატებისთვის ვართ. კამათი და დისკუსია იქნება, მაგრამ ბრძოლა ერთად უნდა გავაგრძელოთ“, - დასძენს ბარამიძე, რომელმაც უგულავას წერილის გარდა, საუბარი პარტიის სამომავლო გეგმებზე აღარ ისურვა.

რაც შეეხება უგულავას წერილსა და სააკაშვილის სოციალურ ქსელში დაფიქსირებულ პოზიციას, თბილისის ყოფილი მერი პარტიას რჩევებს აძლევს, ყოფილი პრეზიდენტი კი, თანაგუნდელების დატუქსვას ცდილობს.

კერძოდ, უგულავა წერილში პარტიას ურჩევს, „ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის“ მდგომარეობიდან გავიდეს. 

„პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პასუხის არქონა ერთ საკვანძო კითხვაზე - ვინ არის თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? ვინა არის ის პირი, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პროგრამის შესრულებაზე? პარტია ამ შეკითხვაზე დაბნეული, ბლუყუნებდა. როგორ წარმოგვიდგენია ასეთ პირობებში გამარჯვება? როგორ შეიძლება გამარჯვების იმედი გქონდეს და არ იყო მკაფიო მთავარ საკითხში?! ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა მაძლევს ღიად თქმის უფლებას - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა (მიუხედავად, მისი შესაძლო სურვილისა), მაგრამ ეს მე და კიდევ შესაძლოა 20 კაცმა ვიცოდით, ხოლო ამომრჩევლებისთვის ჩვენ გაურკვევლობას და დაბნეულობას ვასხივებდით. ჩვენ ან პირდაპირ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ჩვენი პარტიის პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილია, ან პირდაპირ გვეთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი დავით ბაქრაძეა, ვინც ლოგიკურად უნდა ყოფილიყო ასეთად დასახელებული. გაურკვევლობამ, რომელიც ჩვენ დავუშვით, წარმოდგენა შექმნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას მიშა სააკაშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველობას სთავაზობდა. მოხდა ის, რომ ქვეყანამ ცხოვრების ამ ეტაპზე ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ამჯობინა“, - აღნიშნავს უგულავა.

თბილისის ყოფილი მერი სააკაშვილის მხრიდან პატიმრობაში მყოფი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ირიბად მიანიშნებს.  

„საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ, რომ ადგილზე პარტია ჭმუნავდა, ხოლო მიშა ხან ციხეში მყოფ ყოფილ ძალოვან მინისტრებს საერთოდ პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავდა (რაც იდეაში არა მისი, არამედ ამ ადამიანების და ამომრჩევლის გადასაწყვეტია), ხან ამერიკიდან - შსს მინისტრად ხატია დეკანოიძეს ასახელებდა (რაც თავისთავად ნამდვილად არაა ცუდი იდეა). ეს ერთი კონკრეტული ტაქტიკური თუ სტრატეგიული შეცდომა მე იმის საილუსტრაციოდ მომყავს, რომ ახლა უკვე დროა სწორი დასკვნები გავაკეთოთ და მომავალზე ვიფიქროთ“, - ამბობს უგულავა, რომელიც პარტიის თბილისის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის  შესახებ საუბრობს და იგივეს გაკეთებას სააკაშვილს ურჩევს.

უგულავას მოსაზრებით, აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით,  კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე და ახალი პოლიტიკური საბჭო აირჩიოს, რათა იმ ახალი და წარმატებული ადამიანების პარტიის მართვაში ინტეგრირება მოხდეს, რომლებმაც ამ არჩევნებზე თავი გამოიჩინეს, იქნება ეს ცენტრალურ საბჭოში თუ რეგიონებში.

„ჩვენი ვალია, „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლური ყაიდის დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაცია უფრო მეტად გავხადოთ. ის ქვეყნის ოლიგარქის მარწუხებისგან, უფრო სწორედ, აბლაბუდისგან დახსნას მხოლოდ ასე  შეძლებს. თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული შფოთვები კარგად მესმის, რადგან მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას კვლავ უპირობოდ იმსახურებს, მაგრამ მოცემულ რეალობაში სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის. ამას ღალატად ნურავინ ჩათვლის,  პირიქით, საერთო საქმის ღალატი ერთ წერტილში გაყინული ყოფნაა. არ ვიცი რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს“, - დასძენს უგულავა, რომელსაც სააკაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა.

სააკაშვილი ერთის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას სთავაზობს, მეორე მხრივ კი,  კონკრეტულ ლიდერებს მოუწოდებს, მისკენ ხელის გაშვერის ნაცვლად, შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება ისწავლონ. 

ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, ის შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარების ყველაზე დიდი მომხრეა, თუმცა, კატეგორიულად წინააღმდეგია იმისა, რომ ნებისმიერმა ჯგუფმა პარტიის უზურპაცია მოახდინოს და საკუთარ ინტერესებში ათეულობით ათასი აქტივისტის მრავალთვიანი თავგანწირვა და მუხლჩაუხრელი შრომა გამოიყენოს.

„დებატები მხოლოდ პოლიტსაბჭოს დახურულ კარს მიღმა შეხვედრებით არ უნდა შემოიფარგლოს. უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ აღმოვჩნდით მოუმზადებელი და წინ აღვდგომოდით არჩევნების მასობრივ გაყალბებას. კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლონ, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ იყვნენ ნაკლებად ხისტი და მეტად თავმდაბალი,  როგორ მოუსმინონ პარტიის წევრებს და ზოგადად, ხალხს. „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აცხადებს სააკაშვილი, რომლის პოზიციას იზიარებს უკრაინაში მყოფი დავით საყვარელიძე. 

საყვარელიძის მოსაზრებით, სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის გარდა, იმ კალიბრის და წონის ადამიანი არ მოიძებნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საფრთხეს ოდნავ მაინც შეუქმნის.

„ზოგიერთ ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და ან გამოცდილება არ ყოფნის, მიხვდეს, რომ ბიძინას ჩანაფიქრის რეალიზება, რაც 2013 წელს შემოთვალა და დღემდე ვერ მიაღწია, რის წყალობითაც პარტია მთელი ეს დროა სუნთქავს და დღემდე მოვიდა, უბრალოდ, პარტიის ხარაკირს ნიშნავს. მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგრჩებათ და სამარცხვინო ანგარიშის გარდა, არაფერს მოგიტანთ. ბიძინას ყველა პარტიის თამჯდომარის თავი უკვე მიჰგვარეს და ერთისას ელოდება.  რახან, გიგის წერილი ასე საჯაროდ გამოიფინა, ეგებ ისიც გულახდილად ვთქვათ., ვის გამოა დღეს ენმ-ის იზოლაცია გამოწვეული? ვისგან შედგება სახელობითად ის ჯგუფი, რომელმაც ამდენი ხანი პარტია მართა და მიზიდულობის ძალა ვერ შექმნა? არ მგონია, თბილისის პარტიის თავმჯდომარეობიდან ციხეში გამომწყვდეული გიგის გადაყენებამ პარტია გახსნას“, - დასძენს საყვარელიძე, რომელმაც ქართველ კანონმდებლობას უკრაინაში პროკურორობა ამჯობინა და 2015 წელს, დეპუტატის მანდატი დატოვა.