დავით უსუფაშვილის პარტია არ იარსებებს, მაგრამ იარსებებს პარტია, რომელსაც დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკურ სივრცეს არა კონკრეტული პიროვნებების პარტია, არამედ სხვადასხვა ადამიანების პარტია ესაჭიროება. როგორც უსუფაშვილი ამბობს, პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით, საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში შექმნილია საკმაოდ რთული ვითარება, მომავალ პარლამენტში პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო დაცლილი იქნება ანალიზისგან და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან.
შესაბამისად, უსუფაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესების პარლამენტს გარეთ გაგრძელება და ამ კუთხით აქტიურ კონსულტაციებს იწყებს ყველა იმ პარტიასთან, ვისაც აქვს განცდა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება პოლიტიკური პრობლემების მოგვარება. უსუფაშვილი პოლიტიკურ კონსულტაციას „თავისუფალი დემოკრატების“ ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარესთან, ირაკლი ალასანიასთანაც აპირებს.
for.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ დავით უსუფაშვილთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებენ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები. ამ ინფორმაციას ადასტურებს ზურაბ აბაშიძე, თუმცა მან დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. უსუფაშვილთან სამომავლო თანამშრომლობაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნიათ „ქართულ ოცნებაში“. კონსულტაციები ექნებათ როგორც დავით უსუფაშვილთან, ასევე „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ბარიერს მიღმა დარჩენილ „თავისუფალ დემოკრატებს“. ნინო გოგუაძე არც ერთ პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
„კონსულტაციები მექნება, როგორც დავით უსუფაშვილთან, ისე „რესპუბლიკურ პარტიასთან“. ჩვენ საერთოდ არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას არც ერთ პროდასავლურ ძალასთან, მაგრამ რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა კონკრეტულ სიტუაციაში, ამას მომავალი გვიჩვენებს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ერთ დროს კოალიციაში შემავალი პარტიების - ეროვნული ფორუმის, რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ერთიან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს ეროვნული ფორუმის წევრი სოსო ვახტანგაშვილი, რომლის განცხადებით, უსუფაშვილის მიერ გამოთქმული ახალი ევროპული ტიპის ოპოზიციური პარტიის შექმნის იდეა ზუსტად ეხმიანება იმ ინიციატივას, რომელის ინიციატორიც კახა შარტავა არის.
„ფაქტია, რომ დღეს ქართულ ოპოზიციურ სპექტრში კრიზისია შექმნილი. კრიზისს ერთი საინტერესო მომენტი ახასიათებს, პოლიტიკურ კრიზისებს შეუძლია შექმნას ახალი გარემოებები, ახალი ლიდერები, მოახდინოს ახალი პოლიტიკური პროცესის ინიცირება. ჩვენ ოთხი წლის წინ ერთ კოალიციაში ვიყავით და საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანეთ 2012 წლის გამარჯვებაში, ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა ახალი იდეა არ არის. ჩვენ გვაქვს ოპოზიციაში ერთად ყოფნის გამოცდილება“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოსო ვახტანგაშვილმა.
დავით უსუფაშვილი, რომელიც სავარუდოდ მესამე პოლიტიკური ძალის სტატუსით შემოვა ქართულ პოლიტიკაში, „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვებამდე აშშ-ი იმყოფებოდა, სადაც მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ ვიზიტის ფარგლებში უსუფაშვილმა მიიღო პოლიტიკური მხარდაჭერის გარანტია.
აღსანიშნავია, რომ დავით უსუფაშვილი როგორც პოლიტიკოსი დასავლეთის ფავორიტია, ისევე როგორც პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და საკუთრივ თვითონ ირაკლი ალასანია. დასავლეთის ფავორიტობა ქართულ პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის და ეს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებმა დაადასტურა.
პროდასავლური ძალები ბარიერს მიღმა დარჩნენ, მგარამ ბარიერი გადალახა ისეთმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორიც „პატრიოტთა ალიანსია“. for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აუცილებელია შეისწავლონ საკუთარი მოსახლეობა და ისე აიღონ ორიენტაცია ძირითად ლოზუნგებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იქნებიან დასავლეთის ფავორიტები, ოღონდ ურეზულტატო პარტიები.
ექსპერტი სოსო ციკარიშვილი აცხადებს, რომ უსუფაშვილის პოპულარობისა და ნდობის კოეფიციენტი ბევრად აჭარბებს „რესბულიკური პარტიის“ მონაცემებს და ამ შემთხვევაში უსუფაშვილის უპირატესობა გახლავთ ის, რომ იგი თავად მოდის არასამთავრობო სექტორიდან, მას კარგი დამოკიდებულება აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე საექსპერტო წრეებთან.
„დიდი ალბათობით, სწორედ ამიტომ არის ასეთი ფართო მიმღებლობა ბატონი დავითის ქართული საზოგადოების მხრიდან. მისი ავტორიტეტი გაცილებით მაღალია, ვიდრე „რესპუბლიკური პარტიის“. ერთი კითხვა მაქვს ბატონ დავითთან, რომლის დასმის საშუალება ჯერ მქონია - რა შედეგით დასრულდა მისი უკანასკნელი ვიზიტი აშშ-ში? საინტერესოა ამ ვიზიტის შედეგები“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, როგორც ყვავილი ყველა გაზაფხულზე, ალბათ, ამ გაზაფხულზე შეიქმნება ახალი პარტია - კოალიცია მინუს „ოცნება“. ექსპერტის განცხადებით, რთულია საუბარი იმაზე, როგორი იქნება იმ კონკრეტულ მომენტში მათი პოპულარობა, რადგან შედეგი დამოკიდებულია სიტუაციაზე და, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაზაფხულისთვის წაიფორთხილა, მოსახლეობა ახალი პოლიტიკური ძალის ძებნას დაიწყებს და ეს რესურსი შეძლება დაინახოს იქ, სადაც ადრე ვერ ხედავდა.
„მაგალითად, - ძველი სახეებით გაკეთებული ახალი პარტია, რაც შესაძლოა, უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ცალ-ცალკე მყოფი პარტიები. ერთ-ერთი მიზეზი ჩემი ეჭვისა გახლავთ ის, რომ ეს ის პარტიებია, რომელთაც დამოუკიდებლად წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, რადგანაც არ ითვალისწინებენ იმას, თუ რატომ ვერ აღწევენ ამ წარამტებას.
ერთ-ერთ ინტერვიუში ვუსმენდი უსუფაშვილს, ძალიან კარგად ისაუბრა, ინტელექტუალებისთვის ძალიან კარგი მესიჯი
წამოაყენა, მაგრამ ისევ იმ შეცდომას უშვებდა, რასაც ზოგადად რესპუბლიკელები. ხალხისთვის გასაგები ღირებულებებით, მიმართულებებით, მისაღები ენით და ნდობის გამჩენი გულწრფელობით არ ლაპარაკობდა. ეს არის სირთულე, რომელიც ყველა ამ პარტიას ახასიათებს.
თუ მათი მიმართულება იქნება ევროპული ორიენტაცია, დააკვირდნენ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ შევიდა პარლამენტში, ე.ი. მოსახლეობაში რაღაცეები ხდება. შეისწავლონ მოსახლეობა და ისე აიღონ ორიენტაცია ძირითად ლოზუნგებზე, ან ყოველთვის იქნებიან დასავლეთის ფავორიტი, ოღონდ ურეზულტატო პარტიები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში ფაქტორს წარმოადგენს და შესაძლოა, ის სხვა პოლიტიკოსებისთვის მიზიდულობის ცენტრად იქცეს და შეიქმნას კლასიკური ევროპული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ეროვნულ-გენეტიკურ თუ რაღაც ამდაგვარ კოდზე დაფუძნებული იქნება.
„დავით უსუფაშვილს აქვს შანსი, მესამე პოლიტიკური ძალა შექმნას, რომელიც ორი-სამი წლის შემდეგ შესაძლოა, მნიშვნელოვან აქტორად იქცეს. შესაძლოა, მოხდეს გარკვეული შეზღუდვა იმ რადიკალური ლიბერალური რიტორიკისა, რომელიც „რესპუბლიკური პარტიისგან“ გვესმოდა“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.