ვის ეშინია ინგა გრიგოლიასი

ვის ეშინია ინგა გრიგოლიასი

„საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ გლდანის საარჩევნო-მაჟორიტარულ ოლქში ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, თბილისის საკრებულოს წევრი, ინგა გრიგოლია წარმოადგენს, რომელმაც პარტიულ სიაზე უარი განაცხადა და გადაწყვიტა, რომ საქართველოს პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით შევიდეს. ინგა დღეს ჩვენი სტუმარია და თავად მოგვიყვება ყველაფერს.

რატომ თქვით უარი პარტიული სიის მეორე ნომრობაზე, რითაც პარლამენტის წევრობა პრაქტიკულად გარანტირებული გქონდათ? ახლა ხომ ძალიან მძიმე ბრძოლა გელოდებათ, თანაც, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან, რომელსაც საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს გლდანში და ნუ დავივიწყებთ სხვა კანდიდატებსაც.

– მე ჩემს ყველა ოპონენტს ვცემ პატივს, არც ერთ მათგანთან არანაირი პიროვნული პრეტენზია არ გამაჩნია და, თუკი ვინმეს ვაკრიტიკებ, ეს მათი საქმიანობიდან გამომდინარეობს და უტყუარი არგუმენტებითაა გამყარებული, იქნება ეს სახელისუფლო თუ სხვა კანდიდატი. თუმცა, ვაღიარებ, რომ ჩემი მთავარი მეტოქე გლდანში ნაცმოძრაობის რჩეულია და მთავარი ბრძოლა საქართველოს ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში სწორედ ჩვენ ორს შორის გაიმართება. ხოლო, რაც შეეხება ჩემს უარს პარტიულ სიაზე, რითაც მე მართლაც რომ ჯიბეში მედო პარლამენტის წევრობა, გამოიწვია იმან, რომ, მსურს, მივიღო უშუალოდ ხალხის ნდობა და პირადად მათგან ჩავიბარო დეპუტატის მანდატი; ვიყო მათი ნამდვილი წარმომადგენელი პარლამენტში და, თუკი ეს ასე მოხდა, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ქუთაისში გადადის, მე ვიქნები იმ ოთხი სადეპუტატო წლის განმავლობაში გლდანში, ვიცხოვრებ მათი პრობლემებით, ვიბრძოლებ მათი უფლებებისთვის; ჩვენ შორის არ იქნება არანაირი ბიუროკრატიული ბარიერი და თითოეულ მათგანს შეეძლება ჩემთან უშუალო კონტაქტის დამყარება ზუსტად ისევე, როგორც ახლა. მე ჩემი ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოვაცხადე, მირეკავს უამრავი ადამიანი და ასე იქნება ჩემი დეპუტატობის პერიოდშიც. იცით, სულ სხვაა, როდესაც პარტიული სიით ხვდები პარლამენტში და კოლექტიურ პასუხისმგებლობას იზიარებ და, სულ სხვაა, როდესაც ერთპიროვნულად ხარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, თანაც, ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში. სხვათა შორის, გიორგი თარგამაძემ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რომ შეიტყო, ორი-სამი დღე არ მელაპარაკებოდა, მიუხედავად ამისა, მე ჩემს ძალებში დარწმუნებული ვარ, მჯერა, რომ გლდანელები სწორ არჩევანს გააკეთებენ და გავიმარჯვებ, თუმცა, საპირისპიროც რომ მოხდეს, ეს ჩემთვის ტრაგედია არ იქნება და  თბილისის საკრებულოში განვაგრძობ აქტიურ საქმიანობას. მაგრამ, მე მაინც გამარჯვების იმედი მაქვს და, ვფიქრობ, რომ გლდანში გავიმარჯვებ.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, საკმაოდ მაღალი რეიტინგი გაქვთ თვით კოალიციაქართული ოცნებისლიდერსაც კი გაასწარით, რამაც ერთგვარი გაღიზიანება გამოიწვია გარკვეულ წრეებში და მავანნი ხელისუფლებასთან თქვენს კავშირზეც კი ალაპარაკდნენ.

– პირველ კითხვას დავუბრუნდები და დავამატებ: ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე პარტიული სიის მეორე ნომრობაზე ვთქვი უარი, ის იყო, რომ არავის ეთქვა, ინგა გრიგოლია მთავრობას შეეკრა, გლდანში იყრის კენჭს და ოპოზიციას ხმებს ართმევსო. ჯერ ერთი, თავად მე ვარ ოპოზიციონერი და, მეტი თუ არა, სხვებზე არანაკლები. პარტიულ სიაში აღარ ვარ, მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარობისთვის ვიბრძვი და, მავანთა უსაფუძვლო ეჭვები ჩემი მოკრძალებული პერსონის მიმართ, ვფიქრობ, უნდა გაქარწყლდეს. ინგა გრიგოლიას სახელი მხოლოდ დღეს და მხოლოდ საარჩევნოდ არ გაუგია ხალხს და, ვისაც ჩემი რეიტინგი აღიზიანებს, ეს მათი პრობლემაა. მე ყოველთვის პირდაპირ ვამბობ სათქმელს. ასე იყო ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის დროს, ასეა ახლაც და ასე იქნება მომავალშიც. სხვებისგან განსხვავებით, ვისაც უამრავი ძვირად ღირებული „პიარშჩიკი“ და ლობისტი ჰყავს დაქირავებული, ჩემი რეიტინგი ხელოვნურად არ შექმნილა და ხალხს ყოველგვარი ჯავშნისა და ბარიერის გარეშე ველაპარაკები. ყოველდღიურად ხუთი-ექვსი შეხვედრა მაქვს მოსახლეობასთან და იქ მე ყოველგვარი კამერისა და „პიარშჩიკი“ ჟურნალისტების გარეშე მივდივარ. მე მგონი, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იმის მტკიცება, რომ მე ხელისუფლების საქმეს ვაკეთებ მას მერე, რაც ამ ხელისუფლებამ ხუთი თუ ექვსი ყველაზე რეიტინგული „თოქ-შოუ“ დამიხურა. ასე რომ, ყველამ თავის რეიტინგს მიხედოს და თავისი საქმე პატიოსნად აკეთოს, მათ შორის, ინგა გრიგოლიამაც და ხალხი მშვენივრად გაარჩევს თეთრსა და შავს და ეს ყოველივე პირველი ოქტომბრის არჩევნებში გამოჩნდება. მოდი, ერთმანეთზე კი ნუ ვიჭორავებთ და ტყუილუბრალოდ ნუ მოვცხებთ ჩირქს, არამედ, ჯანსაღ და თანასწორ დებატებში ვთქვათ ჩვენი სათქმელი. სხვათა შორის, ჩემს უშუალო მეტოქეს სახელისუფლო პარტიიდან ყოველდღე ვთავაზობ პირდაპირ დებატებს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ტელევიზიაში, მაგრამ, ის ღია ეთერში არ მიჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ, მას, უბრალოდ, ეშინია ჩემთან დიალოგის. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ, ჩემთან პირისპირ შეხვედრის თავიდან არიდების მიზნით, საკრებულოს ბოლო სხდომაც კი გააცდინა.

ინგა გრიგოლიას შარმზე, მის განსაკუთრებულ ენერგეტიკაზე დღემდე ბევრს ლაპარაკობენ. რაში მდგომარეობს თქვენი ასეთი დიდი შინაგანი ძალის საიდუმლო?

– ენერგიულობა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა – ასეთი გამაჩინა დედამ და, რა თქმა უნდა, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში, ოჯახური გარემოს გარდა, დიდი როლი შეასრულა ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, იმ მრავალწლიანმა ჟურნალისტურმა მოღვაწეობამ, რომლის დროსაც ძალიან საინტერესო უამრავ ადამიანთან მქონდა უშუალო შეხება და მათთან ურთიერთობამ მრავალი რამ შემძინა როგორც პიროვნულ, ასევე, პროფესიულ ასპექტშიც. ასე რომ, ინგა გრიგოლიას სახელი ერთ წუთში არ შექმნილა, რომ მისი შერყევა და შელახვა ადვილი იყოს ვინმესთვის. მე არ ვამბობ, რომ შეუმცდარი ვარ და, ვინც ამას ამტკიცებს საკუთარ თავზე, ის ამპარტავანია. შეცდომებიც დამიშვია და პროფესიული ჩავარდნაც მქონდა რამდენჯერმე, მაგრამ, მე ამის აღიარების არ მეშინია და მრავალწლიანი წარმატებული ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში ერთი-ორი ჩავარდნილი ღია ეთერი, რაც, სხვათა შორის, ამას წინათ ერთ-ერთმა ჩემმა სამთავრობო ოპონენტმა წამომაძახა, არაფერია. მთავარია, ისეთი ჩავარდნა არ გქონდეს ადამიანს, რასაც ვერასდროს გამოასწორებ და ხალხის უკიდურესი სიძულვილის ობიექტი გახდები. ამ შემთხვევაში, ჩემი მესიჯები მიმართულია იმ საშინელი, მანიაკი ადამიანებისკენ, ვინც საქართველოს მოსახლეობის დაშინებას მათზე უკიდურესი ძალადობის მეშვეობით ცდილობს. მე ვგულისხმობ იმ ამაზრზენ, გახმაურებულ ჩანაწერებს, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ძალადობენ და აუპატიურებენ პატიმრებს, მათ შორის, არასრულწლოვნებსაც, ციხის როგორც რიგითი, ისე მაღალჩინოსანი თანამშრომლები. აი, ესაა, ჩემი აზრით, დღევანდელი ხელისუფლების ჭეშმარიტი სახე და ზემდგომთა ხელდასხმის გარეშე ასეთ რამეს ვერავინ გაბედავდა. ტელევიზორით რომ ასეთი საშინელება ვიხილე, სახლში ვეღარ გავჩერდი, პროტესტის გამოსახატავად იმ რიგითი ქართველების გვერდით დავდექი, ვისი ახლობლებიც დღეს ციხეებში სხედან და, ღმერთმა უწყის, რა დღეში იმყოფებიან.

ფიქრობთ, რომ მთელი დღევანდელი მთავრობა ასეთია?

– რა თქმა უნდა, არა. ღმერთმა დაგვიფაროს! მთავრობაში ბევრი წესიერი კაცია და მათ არანაირი შეხება არ აქვთ ამ საშინელებასთან, მაგრამ, ვისაც ამაში ხელი ურევია, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მხოლოდ მინისტრის გადადგომა არ გამოასწორებს ამ ვითარებას და, თუკი არ ჩატარდა კომპეტენტური გამოძიება, რომელიც საფუძვლიანად დაადგენს ყველაფერს, უფრო მეტი საშინელება მოხდება. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ამ საშინელების სააშკარაოზე გამოტანა უნდა დაიწყოს. დამალვით მაინც ვერაფერს დამალავენ ბოლომდე და, თუკი ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ამას გავაკეთებთ ჩვენ – ქრისტიან-დემოკრატები, როდესაც პარლამენტში შევალთ... პარლამენტში კი ჩვენ აუცილებლად შევალთ და, გარწმუნებთ, რომ ოპოზიციურ ძალებში ყველაზე დიდი ფრაქციაც გვეყოლება.

ეს იმ შემთხვევაში, თუკი 1 ოქტომბრის არჩევნები მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ, ბევრი ცნობილი, ავტორიტეტული ადამიანი წინასწარმეტყველებს არეულობასარჩევნების მეორე დღისთვის, როგორც სამთავრობო, ასევე, ძირითადი ოპოზიციური ძალები, აქტიურად ემზადებიან და, გამორიცხული არც შეტაკებააო, რასაც, ღმერთმა უწყის, რა მოჰყვება.

– მოკლედ გიპასუხებთ: ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი საშინელებისგან! გარწმუნებთ, რომ ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები, ნამდვილად არანაირ არეულობას არ ვგეგმავთ და მხოლოდ პარლამენტში შესასვლელად ვემზადებით. იმავეს მოვუწოდებ ჩვენს ძირითად ოპონენტებსაც: ყველა დავა თუ დაპირისპირება, ყველა წინააღმდეგობა ცივილიზებული გზით გადავწყვიტოთ, რომ პროცესები კანონის ჩარჩოებს არ გასცდეს. ჩვენ, პოზიციაც და ოპოზიციაც, საქართველოს ინტერესებს უნდა ვემსახურებოდეთ და პატივი ვცეთ ჩვენი ამომრჩევლის ნებას. ჩვენს ამომრჩეველს, ჩემს გლდანელებს კი, მოვუწოდებ, რომ არჩევნებზე ათიანი შემოხაზონ და ხმა მისცენ საქართველოს ძლიერებას!