უნგრეთის პრემიერმა მეგობარი, ზურაბ ადეიშვილი  შეიფარა?!

უნგრეთის პრემიერმა მეგობარი, ზურაბ ადეიშვილი შეიფარა?!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ქართველმა საზოგადოებამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. 2012 წლის სექტემბრის მიწურულს, საპარლამენტო არჩევნების წინ, ორბანი სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად ჩამოვიდა საქართველოში. მაშინდელი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ სულ მალე უნგრელი სტუმარი მისი, როგორც ძებნილის მფარველი გახდებოდა. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ადეიშვილს ორბანმა თავშესაფარი მისცა და საკუთარ მრჩევლადაც დანიშნა. ეს ამბავი სარწმუნო მას შემდეგ გახდა, რაც ლონდონის „Chatham House”-ში სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ორბანს “Chatham House”-ს ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ ჰკითხა, რატომ მისცეს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში, პრემიერმა კი მას სიტყვა ბანზე აუგდო(!).

გავრცელებული ინფორმაციით, შეკითხვის პასუხს ერთი წელია ელოდებიან საქართველოს ხელისუფლებაშიც, რომლის ეკონომიკურ გუნდთან რამდენიმე დღის წინ უნგრეთის სახელმწიფო მინისტრი პიტერ სიიარტო იყო სტუმრად. მას, სავარაუდოდ, არ შეეძლო, ბანზე აეგდო სიტყვა და იმაზე მაინც არ გაეცა პასუხი, რა იურიდიული სტატუსით ცხოვრობს ძებნილი ადეიშვილი უნგრეთში, მით უფრო მაშინ, როდესაც სახელმწიფო მდივნის პირით უნგრეთმა საქართველოსთან განსაკუთრებით მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის სურვილი გამოთქვა და ანაკლიის პორტის მშენებლობითაც კი დაინტერესდა. 

კითხვები ჩნდება საქართველოს მთავრობასთანაც, რომელიც ადასტურებს, რომ ადეიშვილს ჯერჯერობით კვლავ არ ეძებს ინტერპოლი. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის წითელ ცირკულარში ჩასმის მოთხოვნა უკვე გაგზავნა და მიმდინარეობს მუშაობა. "დეტალებზე, ალბათ, პროკურატურას შეუძლია კონკრეტული ინფორმაცია მოგცეთ", - განაცხადა წულუკიანმა. პროკურატურა კი ახალს არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ინტერპოლი ადეიშვილის წინააღმდეგ ბრალდებების მტკიცებულებებს ითხოვს და მათი უქონლობა უშლის ხელს ძებნის დაწყებაში. საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის, კახა კახიშვილის თქმით, გაუგებარია, რისთვის სჭირდება ინტერპოლს მტკიცებულებები.

კახა კახიშვილი: - თუკი გამოძიებას აქვს საკმარისი საფუძველი, ადეიშვილს დაუსწრებლად წაუყენოს ბრალი, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდოს პატიმრობა და გამოაცხადოს ძებნა ქვეყნის შიგნით, გაუგებარია, რატომ არ ეძებენ მას საერთაშორისო მასშტაბით, მით უფრო მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ის უნგრეთის ტერიტორიაზეა. ასევე გაუგებარია ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, რომ ინტერპოლით ძებნა ვერ გრძელდება, რადგან ჯერჯერობით მტკიცებულებები ინტერპოლში გადაგზავნილი არ არის. არადა, ეს ორგანიზაცია ძებნას მტკიცებულებების საფუძველზე არ იწყებს. თუ პირი კონკრეტული მუხლებით არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და გამოცხადებულია ძებნა საქართველოს მასშტაბით, მას მტკიცებულებები არ აინტერესებს. ქვეყანაში ძებნის გამოცხადების შემდეგ შსს ამოწმებს, არის თუ არა პირი გასული საქართველოდან. გასვლის შემთხვევაში შედგება შესაბამისი დოკუმენტი და საქართველოს  მთავარი პროკურატურის საერთაშორისო დეპარტამენტი ქვეყნის ინტერპოლის ბიუროში გზავნის საბუთებს პირის საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით. ინტერპოლი ძებნაზე უარს აცხადებს მხოლოდ მაშინ, თუ ის ძებნილად გამოცხადებულია პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი ნიშნით. სხვა შემთხვევაში ინტერპოლმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პირის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების თაობაზე, უარის შემთხვევაში კი საქართველოს მთავარ პროკურატურას ოფიციალური წერილით აცნობოს ძებნაზე უარის თქმის მიზეზი. როგორც ცნობილია, პროკურატურას ასეთი დოკუმენტი არ მიუღია.

რატომ უნდა აფარებდეს უნგრეთი ადეიშვილს ხელს?

- როგორც ვიცი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მისი მეგობარია... მან თავი აარიდა ადეიშვილზე საუბარს და ძირითადად ილაპარაკა უნგრეთის მტკიცე დემოკრატიაზე, რაც თავისთავად აჩენს ეჭვს, რომ ადეიშვილი სწორედ უნგრეთშია. სხვა შემთხვევაში თამამად განაცხადებდა, რომ ადეიშვილი უნგრეთში არ არის. 

თუ ადეიშვილმა მიიღო უნგრეთის მოქალაქეობა, უნგრეთი ასე უბრალოდ ვერ გადასცემს თავის მოქალაქეს საქართველოს. ამასთან, ადეიშვილის უნგრეთის მოქალაქეობის შესახებ ცნობა უნდა ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რადგან თუ ის უკვე უნგრეთის მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქე ვეღარ იქნება. თუ ადეიშვილმა მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში, გამოდის, რომ მას ევროპის ტერიტორიაზე ყველგან შეუძლია ყოფნა. ამიტომაც არის საინტერესო, რა სამართლებრივი სტატუსით ცხოვრობს ყოფილი იუსტიციის მინისტრი უნგრეთში.  

თუ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლში გაგზავნა თხოვნა ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის თაობაზე, ძებნილმა კი მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი, ინტერპოლს ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის უნდა ეცნობებინა. შესაძლებელია, ასეთი პასუხი არსებობს კიდეც, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. თუ ინტერპოლმა მთავარ პროკურატურას დღემდე არ უპასუხა, როგორც თვითონ აცხადებენ, დიდი ხნის წინ გაგზავნილ წერილსა თუ კითხვაზე, ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფო უწყებას გაუჩნდებოდა სურვილი, ხელახლა გაეგზავნა წერილი, ან ადრესატისთვის თავისი მოვალეობა შეეხსენებინა. 

საინტერესოა, რატომ არის პროკურატურა ლმობიერი ადეიშვილისა და სხვა ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა შესახებ არსებობს მამხილებელი მასალები. გასაგებია, რომ ადეიშვილი არ არის აქ, მაგრამ არსად წასულან ის პირები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ რიგ საჩოთირო საქმეებთან. მათ მიმართაც შემწყნარებლურია მთავარი პროკურატურა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? ან ვიღაცას არ უნდა საქმის დაწყება, ან არ შეუძლია, ან - ორივე ერთად. ფაქტია, რომ ორიდან ერთი მიზეზი მაინც ნამდვილად არსებობს.

"კვირის პალიტრა" “Chatman House”-ს ინსტიტუტის წევრ სულხან ხაბაძეს დაუკავშირდა: - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში იმყოფებოდა. გამოვიყენე ეს შემთხვევა და კითხვა დავუსვი ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი გენერალური პროკურორის შესახებ. სიმართლე გითხრათ, არც ველოდებოდი, რომ დაწვრილებით პასუხს გამცემდა. ჩემი მიზანი იყო, შეხვედრის მონაწილეებს გაეგოთ, რომ პრემიერს დემოკრატიულ ქვეყანაში დაუსვეს კითხვა ისეთ ოდიოზურ ფიგურაზე, როგორიც ზურაბ ადეიშვილია, რომელიც სავარაუდოდ მის ქვეყანაში იმყოფება. შეხვედრის დროს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდე იმ ბრალდებებზე, რასაც ადეიშვილს უყენებენ საქართველოში. მართალია, ის არ იძებნება წითელი ცირკულარით, მაგრამ ვიცი, რომ წულუკიანის უწყება უკვე მუშაობს ამ საკითხზე.

ვფიქრობ, სწორი კითხვა დავუსვი პრემიერს იმის შესახებ, თუ რატომ სხვა, დემოკრატიულად უფრო ჩამოყალიბებული ქვეყანა არ აირჩია ადეიშვილმა საცხოვრებლად. პPრემიერი არ აღიარებს, დასავლეთის სხვა უფრო განვითარებული და უფრო დემოკრატიული ქვეყნების არსებობას, ვიდრე უნგრეთია. შეხვედრის დასასრულს სხდომის წამყვანმა, პროფესორმა ლორდ ალტონმა დიპლომატიურად მიანიშნა პრემიერს მის, ცოტა არ იყოს, უხეშ გამონათქვამზე. მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და ბოლოს აღნიშნა, სულ რაღაც 20-30 წლის წინ წარმოუდგენელიც კი იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ უნგრეთს ეყოლებოდა დემოკრატიულად არჩეული მთავრობაო. ეს გასაკვირი არ არის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნები დემოკრატიულობის ხარისხით ჩამორჩებიან დასავლეთ ევროპის ძველ დემოკრატიულ ქვეყნებს.

არ გიფიქრიათ იმაზე, რომ სწორედ დასავლეთი ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, არ დაისაჯონ ყოფილი თანამდებობის პირები?

- ჩემი აზრით, შეხედულება, რომ დასავლეთი ვინმეს ხელს აფარებს, მცდარია. ქვეყნები, სადაც დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და თანასწორობა უპირველესი ფასეულობებია, გამორიცხულია, დანაშაულის დამტკიცების შემდეგ ვინმეს დაუსჯელობას მიემხრონ.

თქვენ ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონსაც გაესაუბრეთ.

- კლინტონი ჩვენი დიდი მეგობარი და ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი მხარდამჭერია. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა. მან ამ შეხვედრაზე ბევრი რამ ურჩია საქართველოს ახალ ხელისუფლებას.

ახლახან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოდან გაქცეული კიდევ ერთი ჩინოვნიკი, "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი საბანაძე იტალიის სასამართლომ   გაათავისუფლა. მისი ადვოკატების ცნობით, საბანაძეს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა... უნგრეთმა.