მომღერალი ქეთა თოფურია მისი ინტერვიუების მიმართ ქართველი ჟურნალისტების არასწორ დამოკიდებულებას აპროტესტებს.
როგორც თოფურიას მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ჟურნალისტებმა არაპროფესიონალიზმი გამოავლინეს.მისი თქმით, ქართველ ჟურნალისტებს სურთ, გააკეთონ სკანდალური სიუჟეტები და ჟურნალ-გაზეთები მყვირალა სათაურებით გაყიდონ. როგორც თოფურია ამბობს, ქართულმა მედიამ მისი ნათქვამი დაამახინჯა, გადააკეთა, დაჭრა და კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელა.
"მირეკავენ და მისვამენ პროვოკაციულ კითხვებს. შემდეგ ისე დაჭრიან ჩემს ნათქვამს, რომ მე თვითონაც ვერ გამომაქვს შინაარსი, აღარაფერს ვამბობ მკითხველზე. ამის გამო მთელი ჩემი ინტერვიუს ტექსტის აზრი იკარგება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მე არ მაღელვებს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, ჩემი ხალხის და თანამემამულეების ბედი, რაც სრული აბსურდია და ამაში დამერწმუნება ყველა, ვინც კარგად მიცნობს და იცის ჩემი დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს მიმართ", - ნათქვამია თოფურიას განცხადებაში.
მომღერლის თქმით, 23 თებერვალს მისი ჯგუფი ლუჟნიკების სტადიონზე ადგილობრივ სადღესასწაულო კონცერტზე მიიწვიეს და არა პუტინის მხარდასაჭერად.
"მე მიყვარს ჩემი ხალხი და ქვეყანა, პირადად პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და დიდ პატივს ვცემ, პოლიტიკაში კი არასოდეს ჩავრეულვარ და არც ჩავერევი",-აცხადებს „ა-სტუდიოს" სოლისტი.