მანანა კობახიძემ არ გამორიცხა, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის ფართო ფორმატში შეთანხმება ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებაზე შედგეს. ვიცე-სპიკერის განცხადება აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ.
გიორგი კანდელაკის განცხადებით, 1995 წლის ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სუვერენიტეტის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების შემდეგ.
„გასაგებია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს დეოკუპაცია „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი არ არის, მაგრამ ეს არის ერთმნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლის შეცვლაც იქნება წარმოუდგენელი და უკან გადადგმული ნაბიჯი“, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.
ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის ამოქმედების აუცილებლობას ვერ ხედავენ „თავისუფალი დემოკრატები“, როგორც ნინო გოგუაძე აცხადებს, ორპალატიანი სისტემა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში იმ ნორმას, რომლის მიხედვითაც წარმომადგენლობა აფხაზეთიდანაც უნდა იყოს.
„ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ამიტომ მგონია, რომ ძალიან საფრთხილოა. ვერ ვხედავ აუცილებლობას ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სხვა ცვლილებების გატარება მგონია ამ ეტაპზე“, – ამბობს ნინო გოგუაძე.
განსხვავებულია კონსტიტუციონალისტების პოზიცია, რომლებიც ქვეყანაში ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის ამოქმედების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი თვლის, რომ ორპალატიანმა პარლამენტმა და ტერიტორიული მოწყობის საკითხის განსაზღვრამ, შესაძლოა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეინტეგრაციისთვის გარკვეული პირობები შექმნას.
„მიმაჩნია, რომ ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც მინიმუმ, აქტუალურს გახდის დიალოგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების შესახებ. ორპალატიანი პარლამენტის დაფუძნება გარკვეულ პირობებს შექმნიდა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ რეინტეგრაციისათვის საქართველოს სისტემაში, ვინაიდან მას მიენიჭებოდა განსაკუთრებული ტერიტრიული ერთეულის სტატუსი.
ძალიან კარგი იქნება თუ 2020 წლიდან ჩვენ გადავალთ ორპალატიან სისტემაზე, რომელშიც იქნება ქვედა პალატა - პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული და ტერიტორიული ერთეულების მიერ არჩეული - სენატი. ეს სავსებით შესაძლებელია“, – აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.
კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიდო ჩანაწერი ორპალატიანი პარლამენტის არსებობის შესახებ, ითქვა, რომ ჯერჯერობით იყოს ერთი პალატა, ანუ ქვედა პალატა რესპუბლიკის საბჭო და არა სენატი, რომელიც წარმომადგენლობითია.
„მაგრამ უარი ითქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიული მოწყობის საკითხები უკავშირდებოდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემას. ეს საკითხი მაშინ ღიად დარჩა, იმდენად, რამდენად ეს პრობლემები არ იყო მოგვარებული. ძალიან მეეჭვება, რომ ორპალატიან სისტემაზე გადასვლამ ამ პრობლემების მოგვარებას რაღაცნაირად შეუწყოს ხელი“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
გარდა ამისა, როგორც ძაბირაძე აცხადებს, არსებულ ვითარებაში ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედება ზედმეტი ბიუროკრატიული ხარჯია.
„უფრო მეტ ხარჯს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე წინ გადადგული ნაბიჯი იქნება და რატომ? – როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე და წარმომადგელობით პალატაზე და სენატზე, აფხაზებთან და ოსებთან ერთად უნდა განისაზღვროს ეს საკითხი. ჩვენ არ უნდა განვსაზღვროთ მათი სტატუსი. თუკი არ განისაზღვრება მათი სტატუსი, მაშინ ეს ვერ იქნება ორპალატიანი პარლამენტი. თუ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ, მაშინ ეს რამდენად იქნება აფხაზებისთვის და ოსებისთვის მისაღები? - აი ეს პრობლემა იდგა ყოველთვის და დგას ახლაც“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
როგორც ირკვევა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შესაბამის ჯგუფში ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების საკითხი პირდაპირ არ დასმულა, მაგრამ როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, ერთ-ერთი განხილვის დროს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საკითხს საქართველოს პარლამენტი უნდა ყოფილიყო ერთპალატიანი თუ ორპალატიანი.
for.ge–სთან საუბრისას მენაბდე აცხადებს, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ საჭიროებიდან, რომლის წინაშე ვდგავართ, რადგან რეალურად არ არსებობს უნივერსალური მოდელი და ერთი სწორი პასუხი იმაზე, თუ როგორი და რომელი კონსტიტუციური სისტემა სჯობს.
„თუ გადავხედვათ ჩვენს ისტორიას, ჩვენი მთავარი გამოწვევა ეს არის ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთი ჯგუფის ხელში და ამის დაზღვევისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ორპალატიანი პარლამენტი ძალაუფლების უკეთეს ბალანსს მოგვცემს, მით უმეტეს თუ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა წესით იქნება არჩეული. იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო რეფორმის კიდევ ერთი ეტაპი დაიწყება, მიმაჩნია, რომ ორპალატიან პარლამენტზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად უნდა დადგეს“, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.