„ქართული ოცნება“ საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობების გადანაწილებაზე კონსულტაციებს მართავს, მომავალი დეპუტატები კი, პარტიის პოლიტსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
for.ge-ს ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომა სავარაუდოდ, 6 ნოემბერს გაიმართება, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საკადრო ცვლილებებზე საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან.
თუ ვინ ჩაიბარებს საპარლამენტო თანამდებობებს და ვინ დარჩება მის მიღმა, ამის კონკრეტულად თქმა რთულია, თუმცა, ამის თაობაზე პოლიტიკურ კულუარებში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ საპარლამენტო თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა სახელდება, თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა მომავალ კანონმდებლებთან კონსულტაციებს ინდივიდვალურ რეჟიმში მართავს.
კომიტეტის თავმჯდომარეებისა და ვიცე-სპიკერებისგან განსხვავებით, უკვე ცნობილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა უალტერნატივოა.
მომავალი სპიკერის გარდა, პოლიტიკურ კულუარებში საუბარია მომავალ ვიცე-სპიკერებზე, სადაც გია ვოლსკისა და თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურები განიხილება.
უმრავლესობის მომავალი ლიდერი სავარაუდოდ აღარ იქნება მოქმედი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, რომლის შემცვლელად არჩილ თალაკვაძისა და მამუკა მდინარაძის კანდიდატურები მოიაზრება.
რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტებს, for.ge-ს ინფორმაციით, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსზე ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურა განიხილება, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის პოსტზე კი, გიორგი კახიანის.
აღნიშნული კომიტეტებისგან განსხვავებით, სხვა კომიტეტები შესაძლოა, ახალმა სახეებმა დაიკავონ. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კოვზანაძის კანდიდატურა განიხილება, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე აკაკი ზოიძისა და დიმიტრი ხუნდაძის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მარიამ ჯაშის, გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელად კი, კახა კუჭავას.
ახალი სახეების კანდიდატურები სახელდება სხვა კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტზეც. მათ შორის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ცქიტიშვილის კანდიდატურა სახელდება, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ სოფიო ქაცარავას მოიაზრება, იურიდულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელად კი, ეკა ბესელია.
მას შემდეგ, რაც ცნობილი საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების კონფიგურაცია გახდება, მომავალ დეპუტატებს მზადება 19 ნოემბრის პარლამენტის პირველი სხდომისთვის მოუწევთ მზადება, სადაც მათი უფლებამოსილების ცნობა მოხდება.