„როცა რუსეთი კალაშნიკოვის ენით გველაპარაკება, მოლაპარაკება გამორიცხულია“

„როცა რუსეთი კალაშნიკოვის ენით გველაპარაკება, მოლაპარაკება გამორიცხულია“

საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელ პოლიტიკურ პირებს შორის შეხვედრის შესახებ უკვე მერამდენედ დაანონსდა. თუმცა ქართველ პოლიტიკოსებს კრემლის ბინადრებთან ვოიაჟის იდეა დიდად არ ხიბლავთ. ჩვენში არავის სურს, შეხვედრამ შეხვედრისთვის ჩაიაროს და ქართველებმაც იგემონ რუსული სტუმართმოყვარეობის ბასრი შედეგები. მით უფრო, თუკი ოკუპანტთან შეხვედრა კაპიტულაციად აღიქმება.

„რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი აცხადებს, რომ საქართველოს ახალი პარლამენტისგან ნაბიჯების გადადგმას ელის. მისი აზრით, თუ ადრე საქართველოს მთავრობას შეეძლო ეთქვა, ოპოზიცია ხელს გვიშლისო, დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში მმართველ გუნდს ხელები გახსნილი აქვს. ამას მოჰყვება საქართველოსა და რუსეთის მეთაურებს შორის შეხვედრა და, სავარაუდოდ, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც.

რუსეთ-საქართველოს ლიდერების სავარაუდო შეხვედრის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ მზადაა, რუსეთ-საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განახლების საკითხის ინიცირება მოახდინოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რუსეთთან საპარლამენტო თანამშრომლობის განახლება და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გამორიცხა იმ ბარიერის აღდგენამდე, რომელიც შეიქმნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად. ამდენად, თუკი რუსეთი ამ ბარიერს მოხსნის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას წინ არაფერი დაუდგება.

„ვერც კალაშნიკოვი და ვერც სხვა საქართველოს ისტორიულ არჩევანს ვერ შეცვლის. კალაშნიკოვი ჩემს ცნობიერებაში სხვა რამესთან ასოცირდება. დავანებოთ თავი კალაშნიკოვსა და რუსეთზე ფიქრს. ჩვენს პრობლემებზე, ოკუპაციაზე, უმუშევრობაზე ვიფიქროთ. მე ძალიან მომეწონა პრემიერის პოზიცია. ჩვენ გვჭირდება ეს ურთიერთობა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი ჰარმონიულად, ნაკლები წინააღმდეგობის ფონზე განვითარდეს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა უნდა აღდგეს და ორ ფორმატს (კარასინ-აბაშიძისა და ჟენევის ფორმატს) მესამე ფორმატიც-საპარლამენტთაშორისო პოლიტიკური დიალოგიც დაემატოს. გარდა ამისა, უნდა გამოიყენონ მეოთხე ფორმატიც და განვითარდეს საექსპერტო დიალოგებიც. ქართველი და რუსი ექსპერტები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.

„მე თვითონ მივიღებ ამ ფორმატში მონაწილეობას. აქამდე საექსპერტო საზოგადოებას რატომღაც ხელს გვკრავდნენ. არადა, ყველა შესაძლებლობა გამოსაყენებელია. საამისოდ „ქართულ ოცნებას“ შემუშავებული მსოფლმხედველობა გააჩნია, რაც განსხვავდება „ნაცმოძრაობის“ დესტრუქციული მსოფლმხედველობისგან. ახლა „ნაცმოძრაობა“ უნდა გაიწიოს გვერდით, თუ გაქრებიან, ეს უფრო უკეთესი იქნება და მისცენ ახალ პოლიტიკურ ძალას აპრობირებული მეთოდის გამოყენების საშუალება, რაც, იმედია, გაამართლებს.

სახელმწიფოთა დონეზე დიალოგის დაწყებას დასავლეთის სახელმწიფოებიც გვავალდებულებენ. ეს ხომ არ არის პოლიტიკური დიალოგი ხელისუფლებებს შორის? ეს არის პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის დიალოგი, როცა ჩვენი პარლამენტარები რუს პარლამენტარებს შეხვდებიან, როგორც თანასწორუფლებიანი მხარეები. ეს შეხვედრა კაპიტულაციას არ ნიშნავს, ამ დიალოგის დროს ჩვენს პოზიციებს მკვეთრად დავიცავთ. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას დიალოგის ფორმატში უნდა შევეცადოთ. თუკი ამ საქმეში პროფესიონალებს ჩავრთავთ, ეს არ იქნება შორეული მომავლის საქმე,“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და გაიხსენა, რომ უკრაინას, რომელსაც ყირიმი მთლიანად წაართვეს, დონბასში არეულობა მოუწყეს, არ გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. დღემდე არსებობს საელჩოები და პოროშენკო და პუტინი ხვდებიან ერთმანეთს.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას იუმორით შენიშნავს, რომ, როცა რუსეთი კალაშნიკოვის ენით გველაპარაკება, მოლაპარაკება რთული კი არა, გამორიცხულია. სწორედ კალაშნიკოვის გვარს უკავშირდება რუსეთში ამ სასროლი იარაღის გამოგონება.

„ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობა და რუსებს ამიტომაც სურთ, ჩვენს შორის საპარლამენტო ურთიერთობა დაიწყოს. ფაქტობრივად, საქართველოში მმართველი ძალა არის პრემიერი და არა - პრეზიდენტი. ზოგადად, დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ, როცა საუბარია დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, აქ უნდა გავიაზროთ, რას მოგვიტანს ამ ურთიერთობის აღდგენა და რას დავკარგავთ მის გარეშე. არა მგონია, რომ ამ ეტაპზე უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რადგან არანაირი წინაპირობა (გარდა იმისა, რომ სავაჭრო ურთიერთობები მეტ-ნაკლებად დარეგულირდა) არ არსებობს. ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში. თუ ამ ურთიერთობას აღვადგენთ, ეს არაპირდაპირ ნიშნავს, რომ ვაღიარებთ, თითქოს აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. თუ რუსეთს ჩვენთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს, მას საამისოდ ყველა ბერკეტი გააჩნია“,-აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და შიშობს, რომ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება დასავლეთისგან. კერძოდ, თუ ჩვენ წავალთ მოლაპარაკებაზე რუსეთთან, მაშინ დასავლეთს აღარ ექნება არანაირი მორალური უფლება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს, როგორც ეს აქამდე იყო.

უფრო მეტიც, თუ ჩვენ ვცნობთ, რომ დროებით დაკარგული ტერიტორიები აღარ მიეკუთვნება საქართველოს, მაშინ დასავლეთი ჩვენს მაგივრად არ იომებს. მათაც თავიანთი პრობლემები აქვთ და დასავლეთი მხარს გვიჭერს იმ დოზით, რა დოზითაც მათ საფრთხე არ შეექმნებათ.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დიპლომატიურ ურთიერთობას თავისი დადებითი თვისებები გააჩნია და თუნდაც რუსეთის ტიპის ქვეყანასთან ურთიერთობა გაძლევს საშუალებას, შენი ინტერესები გაატარო. თუმცა რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თეორიული შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, როდესაც რუსეთი აღიარებას უკან წაიღებს. აღიარება რომც წაიღოს, ამით არაფერი შეიცვლება, მაგრამ, როგორც მინიმუმ, რუსეთი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ამ ნორმების მიხედვით კი, საქართველოს საზღვრები სამართლებრივად დაცულია.

„ურთიერთობის ბლოკირებას ყველაფერი სჯობს. ომი რომ ომია, ისიც ურთიერთობის ფორმაა. ქვეყნებს შორის დიპლომატიის აღდგენა ნიშნავს, რომ ერთმანეთს აღიარებენ მხარეები. თუმცა რომელ დიპლომატიაზეა საუბარი, როცა აფხაზეთი, სამაჩაბლო და საქართველო ცალ-ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიება?! რუს პოლიტიკოსებს ისიც ხომ არ სურთ, რომ საქართველოს, დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საელჩოები ერთმანეთის სამეზობლოდ გვერდიგვერდ განთავსდეს მოსკოვში?! ასე რომ, რუსეთის მხრიდან გამოხატული ინიციატივა კარგია, საქართველომ დიპლომატიური მადლობა უნდა გადაუხადოს კალაშნიკოვს ზრუნვისა და მოწადინებისთვის, მაგრამ უნდა აუხსნას პარტნიორებს, რომ, სანამ აღიარებებს არ გაიწვევენ, საქართველოს სურვილის მიუხედავად, დიალოგის დაწყება შეუძლებელია“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

ჩვენთან საუბარში ექსპერტი სოსო ზაალიშვილი აცხადებს, რომ დიალოგის აღდგენა აუცილებელია და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მეორე მსოფლიო ომის დროსაც ხდებოდა ურთიერთობა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.

„დღეს მსოფლიოში ტენდენცია იცვლება. ამერიკასა და ევროპაში უფრო მეტად იზოლაციონისტური და ცენტრიდანული ძალები იმარჯვებენ, რაც ბრიტანეთის ბრექსიტის მაგალითზეც გამოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ გლობალური მოლაპარაკებები შენელდება ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმიტომ კი არა, რომ ამერიკელებს არ სურთ, დაგვეხმარონ, უბრალოდ, არ იციან, როგორ დაგვეხმარონ. იგივე ეხება ევროპელებსაც. სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ დააწესა ამერიკამ და ევროკავშირმა, არ მუშაობს. ამან რუსეთი უფრო გააძლიერა, რადგან ამ ქვეყანამ შიდა რესურსები აამუშავა. ამიტომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. მეორე საკითხია, რაზე უნდა ვილაპარაკოთ რუსეთთან. რუსები კიდეც რომ გავიდნენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და გაიყვანონ ჯარები, საქართველო იქ ვერ დაბრუნდება, რადგან შეიარაღებულ კონფლიქტში მოუწევს შესვლა ოსებსა და აფხაზებთან. დაგვიბრუნებენ თუ არა რუსები ჩვენს ტერიტორიებს? მსოფლიო პოლიტიკაში ცნობილი წესია, რომ არავინ არავის არაფერს უბრუნებს. აფხაზებს უნდათ ასეთ საქართველოში ყოფნა? ისინი ამბობენ, რომ არ სურთ საქართველოში ცხოვრება. რა მეთოდია ისეთი, რომ აფხაზებმა თქვან, გვინდა საქართველოშიო. ის, რომ რუსები ეტყვიან აფხაზებს და აფხაზებიც დათანხმდებიან საქართველოში ცხოვრებას, არარეალურია, რადგან რუსებს გარდა აფხაზებს უკვე სხვა მოკავშირეებიც ჰყავთ. მაგალითად, ისლამურ სახელმწიფოებში, თურქეთში, იორდანიაში, სადაც ჩრდილო კავკასიელების დიდი დიასპორაა“, - აცხადებს სოსო ზაალიშვილი.

ამის მიუხედავად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ რთული საკითხის მოგვარების გზების ძიებისთვის კონფლიქტში ჩართულ მხარებთან მუშაობაა საჭირო. ეს მხარეებია რუსეთი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ჩვენ არც ერთ მათგანთან არ ვმუშაობთ და დღემდე განვიხილავთ ვერსიას, ვინ შეგვიყვანს აფხაზეთსა და ცხინვალში. არადა, რაც მეტი დრო გავა, უფრო დავცილდებით იქაურებს, მათ ხომ აღარ ახსოვთ ქართველები.