პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ უკვე მეორედ დატოვა, თუმცა, დეპუტატი ირწმუნება, რომ ტოლფასი მიზეზებით. კანონმდებელი საკუთარი გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებს არ აკონკრეტებს, თუმცა, ამბობს, რომ მისთვის გადაწყვეტილების მიღება უმტკივნეულო არ იყო.
თუ რამდენად მოსალოდნელია, ყოფილმა რესპუბლიკელებმა ახალი პარტია შექმნან, ამ საკითხის გარკვევის მიზნით, for.ge დეპუტატ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა:
„რესპუბლიკური პარტია“ რამდენიმე დღის წინ დატოვეთ, რასაც თქვენი ყოფილი თანაპარტიელების განცხადება მოჰყვა, რომ თქვენ პარტიიდან უკვე მეორედ წახვედით. რატომ დატოვეთ პარტია ან პირველად და ან მეორედ?
მართალია, რომ პარტია მეორედ დავტოვე. 1992 წელს, როცა „დასის“ თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, მაშინ „დასმა“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ გაერთიანებულიყო. მას შემდეგ, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი და საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ვიყავი, მაგრამ 1998 წელს, ეროვნული კომიტეტის სხვა წევრებმა და მე, მედიიდან ინფორმაცია გავიგეთ, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ „ერონულ-დემოკრატიულ პარტიასთან“ ალიანსის გაკეთების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. მაშინ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე განხილულიყო, რადგან ეს იმ სახის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე ან რამდენიმე პირი არ უნდა იღებდნენ. პოლიტსაბჭოზე ამ საკითხის განხილვა მოხდა და იქ ვთქვი, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორად მიმაჩნდა და თუკი პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა, პარტიას დავტოვებდი. პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და პარტია დავტოვე. ასევე მოიქცნენ პარტიის პირველი თავმჯდომარე ვახტანგ ძაბირაძე და ეროვნული კომიტეტის რამდენიმე წევრი.
„რესპუბლიკურ პარტიაში“ 2005 წელს დავრბუნდი, როცა გადაწყდა, რომ პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გახდებოდა. მას შემდეგ პარტიის წევრი ვიყავი, მაგრამ კვლავ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მომიწია. გარწმუნებთ, რომ გადაწყვეტილების მიღება უმტკივნეულო არც მაშინ და არც ახლა არ იყო, ეს უმძიმესი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩემთვის უკეთესი გადაწყვეტილება ვერ ვნახე.
1998 წელს პარტიიდან წასვლის მიზეზი 2016 წელს პარტიიდან წასვლის ტოლფასია?
- ვფიქრობ, რომ თავისი წონით ტოლფასია.
პარტიიდან წასვლის მიზეზებს არ აკონკრეტებთ, მაგრამ მაინც გკითხავთ, აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი რა გახდა - იდეოლოგიური სხვაობა?
- ამაზე მეტს აღარ ვიტყვი, რადგან ამ საკითხზე არათუ საჯარო ლაპარაკი არ მსურს, არამედ ამ თემაზე ლაპარაკის სურვილიც პარტიის შიგნითაც არ მაქვს. ეს რომ მდომოდა, პარტიიდან მას შემდეგ გავიდოდი, რაც ამ საკითხებზე ეროვნული კომიტეტი იმსჯელებდა, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო მივიჩნიე, რომ ამ კამათში არ უნდა შევიდე.
არ ფიქრობთ, რომ თქვენი დუმილით უფრო მეტ კითხვას და ეჭვს გააჩენთ, თუნდაც, თქვენს ყოფილ თანაპარტიელებში?
- შესაძლებელია, მაგრამ ობიექტური ფაქტორების გარდა, სუბიექტური ფაქტორებიც არსებობს, რომელსაც ვერ გავექცევით და ვერ გამოვრიცხავთ.
თქვენ პარტიიდან წამოსვლის მიზეზის დასახელებას თავს არიდებთ, თუმცა, საზოგადოების ნაწილში განწყობაა, რომ ის, რაც სააკაშვილმა ვერ შეძლო, ივანიშვილმა მოახერხა - „რესპუბლიკური პარტია“ დაშალა...
- პირველ რიგში, პრობლემა ყველამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს, რადგან სხვაზე რაღაცის გადაბრალება ძალიან ადვილია. თუკი თქვენი და ჩემი გაყრა ვინმეს სურს, ხოლო ეს ჩვენ არ გვინდა და ეს „ვინმე“ მაგას მაინც მოახერხებს, ბოდიშით, მაგრამ ჩვენ იდიოტები ვყოფილვართ. ამიტომ, პრობლემა ჩვენში უნდა ვეძებოთ.
პრობლემის საკუთარ თავში ძიების მომხრე ხართ, მაგრამ პარტიასთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება გაქვთ და ახლა აღმოაჩინეთ, რომ სხვა ღირებულებათა სისტემა გაქვთ?
- ერთმანეთს 30-წლიანი ცოლ-ქმარი გაყრია და კარგით, რა!
ბოლო პერიოდში, პარტია ორ ბანაკად გაიყო და ეს თვალში საცემი იყო. მეორე მხარეს მყოფთა პოლიტიკური ინტერესი რა იყო, რასაც თქვენ არ ეთანხმებოდით?
- არ ვიტყოდი, რომ პარტია ორ ბანაკად გაიყო. პარტიის თავმჯდომარესა და პარტიის ხელმძღვანელობიდან ერთ ნაწილს გარკვეული გეგმები აქვთ, პარტია შემდგომ როგორ უნდა განვითარდეს. ჩემთვის და რამდენიმე სხვა წევრისთვის ასეთი მიდგომა მიუღებელი იყო. ამის შემდეგ, მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო სცენარია - ამ საკითხებზე თავად პარტიამ იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს ასე გაკეთდეს თუ სხვაგვარად, რაც აუცილებლად მძაფრი კამათის ფონზე წარიმართება. ალბათ, ობიექტურად სწორიც არის, რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ სუბიექტური ფაქტორებიც არსებობს, რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ გაექცევა. ჩემთვის სუბიექტურად მოვლენათა ასეთი განვითარება მიუღებელია და ამ საქმიდან გაცლა ვამჯობინე.
პარტიიდან წახვედით და უახლოეს მომავალში დეპუტატის უფლებამოსილებაც ამოგეწურებათ. მომავალში სად გიხილავთ? თქვენს თავს სად ხედავთ?
- ძირითადად იმ საქმეში ვიქნები, სადაც აქამდე მხედავდით ხოლმე.
ანუ?
- ეს არის ლექციები, სტუდენთებთან ურთიერთობა, კანონპროექტების ანალიზი. ანუ, სამართლებრივ სივრცეში.
რამდენად მოსალოდნელია, რომ თქვენ იმ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრად გიხილოთ, რომლის შექმნასაც მმართველი გუნდი აპირებს?
- როცა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, მაშინ ვთქვი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა, კონსტიტუციაა და როცა მსჯელობა კონსტიტუციაზე მიდის, პარტიულ მიდგომებზე მაღლა ინსტიტუციას ვაყენებ. ჩემთვის კონსტიტუცია გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკა. ამიტომ, ჩემი მონაწილეობა დამოკიდებული იქნება იმაზე, ეს ჯგუფი თუ როგორი ფორმატის იქნება, მიმიწვევენ თუ არა ამ ჯგუფში, როგორი იქნება მისი უფლებამოსილება, რას გააკეთებს და „ქართული ოცნების“ მზაობა იქნება თუ არა კომისიის წინადადებები გაიზიაროს, რადგან ვერც კომისია და ვერც სამუშაო ჯგუფი ვერავის ვერ დაავალდებულებს, ის გააკეთოს, რაც სწორად მას მიაჩნია.
თქვენთან, ნოდარ ებანოიძესთან და ვიქტორ დოლიძესთან მიმართებაში გია ვოლსკის შეფასებები ვიხილეთ, რომელიც თქვენს საკანონმდებლო საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა. არსებული ინფორმაციით, დოლიძე შესაძლოა, ევროინტეგრაციის მინისტრად დაინიშნოს. თქვენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გამორიცხავთ?
- შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვერ მნახავთ.
სხვა სახელმწიფო უწყებაში?
- რომელ სამსახურში?
მმართელი გუნდის შეთავაზებას გააჩნია...
- მაგალითად?
თუნდაც, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი...
- ეს ის თემებია, რომლის თაობაზეც ასე მსჯელობა სწორად არ მიმაჩნია, რადგან პირველ რიგში, ასეთი წინადადება უნდა არსებობდეს, რადგან შემდეგ, წინადადების მიღება ან უარყოფა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.
შეთავაზების შემთხვევაში, მათ წინადადებას განიხილავთ?
- პოლიტიკაში გამოთქმა არსებობს - „არასოდეს არ თქვა, არასოდეს“. მიმაჩნია, რომ ეს სწორია. ვამჯობინებ, რაღაც საკითხზე მას შემდეგ ვიმსჯელო, რაც ეს საკითხი აქტუალური იქნება და არა იმის მიხედვით, რომელ ჟურნალისტს თავში რა მოუვა. გაიხსენეთ ის, ჟურნალისტებმა დავით უსუფაშვილი რამდენ თანამდებობაზე დანიშნეს. არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს, ამაზე ვიმსჯელო. უფრო სწორად, ამ საკითხზე არც კი ვფიქრობ.
რამდენად მოსალოდნელია, რომ თქვენ, დავით უსუფაშვილმა და სხვებმა პარტია შექმნათ?
- ყველაფერი შესაძლებელია. მათ შორის ისიც, რომ ხვალის შემდეგ, საერთოდ ვეღარ მნახოთ. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.