რესპუბლიკელების დაპირისპირების შესაძლო პოლიტიკური მოტივები - „ვნახოთ, გაზაფხულზე, როგორი დათო მოგვევლინება“

რესპუბლიკელების დაპირისპირების შესაძლო პოლიტიკური მოტივები - „ვნახოთ, გაზაფხულზე, როგორი დათო მოგვევლინება“

„რესპუბლიკური პარტია“ პოლიტიკური კრიზისის გადალახვისთვის ემზადება, დავით უსუფაშვილი ახალი პარტიის შექმნისთვის.

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე პარტიის შექმნას და ამ მიზნით კონსულტაციების გამართვას მომავალი წლის გაზაფხულზე გეგმავს, რომლის მომავალ გუნდში ყოფილი რესპუბლიკელები - ვახტანგ ხმალაძე, ნოდარ ებანოიძე, ფრიდონ საყვარელიძე და თინა ხიდაშელი მოიაზრებიან.

ყოფილი და მოქმედი რესპუბლიკელები პარტიაში არსებული დაპირისპირებისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზებზე საჯაროდ ისევ არ საუბრობენ, თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში ის სავარაუდო პოლიტიკური მოტივები სახელდება, რის გამოც, პარტია ჯერ ორად გაიყო, ახლა კი, დაშლის ზღვარზე გადის.

როგორც for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, მხარეებს შორის განხეთქილების მიზეზი პარტიის მომავალი პოლიტიკური სტრატეგია გახდა. კერძოდ, პარტიაში დარჩენილი დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და თამარ ხიდაშელი რადიკალური ლიბერალური პოლიტიკის გატარების მომხრე იყვნენ, პარტიიდან წამოსული პირები კი, დიპლომატიაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებას ემხრობოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკაც. წყაროს ცნობით, პარტიაში დარჩენილი პირები მის მიმართ მკვეთრი და რადიკალური პოზიციების დაფიქსირების მომხრე იყვნენ, რის წინააღმდეგაც პარტიიდან წამოსული პირები გამოდიოდნენ.

პარტიის ყოფილი და მოქმედი წევრები საჯაროდ იმის დაკონკრეტებასაც არიდებენ თავს, იყო თუ არა პარტიის ერთიანობის შენარჩუნება შესაძლებელი და პარტიის გადასარჩენად თუ რატომ არ იმსჯელეს ეროვნული კომიტეტის სხდომაზე. თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში საუბარია იმაზე, რომ პარტიაში ნეგატივი იმდენად დიდი იყო, რომ კომიტეტზე ყოფილი წევრების დასწრების შემთხვევაში, დაპირისპირება პიროვნულ ჭრილში გადავიდოდა და დავით ბერძენიშვილს ან პარტიის დატოვება მოუწევდა, ან ის „დიდი პოლიტიკური დარტყმის“ ქვეშ მოექცეოდა.

იქედან გამომდინარე, რომ პარტიის ყოფილმა წევრებმა პარტიაში საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე მიმართვები უკვე გააგზავნეს, ისინი ეროვნული კომიტეტის 5 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომას არ დაესწრებიან, თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად თინა ხიდაშელის მიერ პარტიაში გაგზავნილ წერილს განიხილავენ. წყაროს ცნობით, ერთის მხრივ, წერილში კეთილგანწყობა ჩანს, მაგრამ მეორეს მხრივ, დოკუმენტში ხიდაშელის პრეტენზიებია გამოთქმული და საუბარია „ისეთ საკითხზე“, რომლის საჯაროდ საუბრის შემთხვევაში, ხიდაშელს პარტიის ყოფილი წევრები უკვე ღიად დაუპირისპირდებიან.

for.ge-მ მცდელობის მიუხედავად, ვერც წერილი და ვერც მისი შინაარსი ვერ მოიპოვა, თუმცა, წერილი პარტიაში რომ გაიგზავნა, ეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თავად დაადასტურა.

სხვათა შორის, პოლიტიკურ კულუარებში ხიდაშელთან და უსუფაშვილთან მიმართებაში იმის თაობაზეც საუბრობენ, რომ ისინი პარტიაში ახალი სახეების წინ წამოწევის წინააღმდეგები იყვნენ და დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი თამარ კორძაიაც იყო, რომელსაც ძმები ბერძენიშვილები ლობირებდნენ.

პარტიიდან პოლიტიკური ლიდერების წასვლის შემდეგ, თუ რას აპირებენ რესპუბლიკელები, ამის გარკვევას for.ge ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაიასთან შეეცადა.

კორძაიას ცნობით, პარტიაში ლიდერების დიდი ნაწილი დარჩა.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე პარტიის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და ამომრჩეველთან აქტიურ მუშაობას გეგმავს.

„პირველ რიგში, იმ პრობლემების გარკვევას ვგეგმავთ, 8 ოქტომბრის არჩევნებზე პარტიის შედეგები რამ გამოიწვია?! სამომავლო საქმიანობის განსაზღვრა ამომრჩევლის რჩევების გათვალისწინებით მოხდება“, - აცხადებს კორძაია.

კანონმდებელი ირწმუნება, რომ პარტიაში დარჩენილ ადამიანებს შორის ღირებულებათა ერთობა და რწმენა არსებობს იმისა, რომ სათანადო შრომის შემთხვევაში, პარტია შეძლებს ქართულ პოლიტიკაში სათანადო სიტყვა თქვას.

„ჩვენ ამ მუშაობისთვის მზად ვართ. ღირებულებით სხვაობაზე იყო საუბარი, რაც იმაში გამოიხატა, რომ ისინი წავიდნენ. ვინც ფიქრობდა, რომ არჩევნებზე პარტიის ცალკე გასვლა და მკაფიო ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება მომგებიანი არ იყო, ისინი წავიდნენ და ალბათ, გეგმებს საზოგადოებას ეტყვიან. პოზიციების განსხვავებულობა კოალიციურმა ურთიერთობებმა განაპირობა. კერძოდ, კოალიციასთან უფრო მჭიდრო კავშირში უნდა ვყოფილიყავით, თუ არა. ნაწილი თვლიდა, რომ ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირში უნდა ვყოფილიყავით და ეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდებოდა, რადგან ვთვლიდით, რომ თუ კოალიციაში ვრჩებოდით, მჭიდრო ურთიერთობა აუცილებელი იყო და ეს წერილობითი ფორმით უნდა გაფორმებულიყო. აგვისტომდე ოპოზიციური კამპანიის დაწყება ვერ შევძელით, რაც აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი იყო და იმ დასასრულამდე მივიდა, სადაც მივიდა“, - განაცხადა კორძაიამ.

პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბარი არ სურს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ნოდარ ებანოიძე. როგორც for.ge-ს ებანოიძემ განუცხადა, მისთვის პარტიიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან მძიმე იყო, რადგან მას პარტიასთან 27 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.

„ის ძალიან მიყვარს. მან ბევრი რამე მომცა. თუკი პოლიტიკოსად შევდექი და ამ მიმართულებით რაიმე ვიცი, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ამ პარტიის სათავეში იყვნენ“, - აღნიშნავს დეპუტატი.

საზოგადოება იხილავს თუ არა ებანოიძეს უსუფაშვილის მომავალ გუნდში, ამის თაობაზე კანონმდებელი აცხადებს, რომ მას უსუფაშვილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და თვლის, რომ ის არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკურ ვითარებაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

„პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ, რადგან ეს საქმე მომწონს. დიდი საძებარიც არ მაქვს, დათოსთან ერთად ვარ და ერთად უნდა ვეძებოთ გზები, რათა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება გაცოცხლდეს, რომელიც ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია“, - დასძინა ებანოიძემ.

თუ რამდენად არის შესაძლებელი დავით უსუფაშვილის მომავალ გუნდსა და „ქართულ ოცნებას“ შორის თანამშრომლობა, ამის თაობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ მას დაანონსებული ოპონირებაც არ ესმის.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, აქტიური ოპონირების რეჟიმში ყოფნა ისეთ პიროვნებასთან საინტერესოა, როგორიც უსუფაშვილია.

ვოლსკის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუკი, უსუფაშვილის ოპონირების სტილი „რესპუბლიკური პარტიის“ სტილს დაემთხვევა, ეს მისთვის წამგებიანი იქნება.

„არ მინდა დავუშვა, რომ მისთვის ოპონირება თვითმიზანი იქნება. თუკი უსუფაშვილს იგივე ხედვები ექნება, რაც „რესპუბლიკურ პარტიას“ ჰქონდა და ოპონირების რეჟიმში ამ ხედვებით ყოფნა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს მისთვის წამგებიანი იქნება, რადგან ქვეყანაში რეალურად ბევრი რამე კეთდება. მართალი გითხრათ, დაანონსებული ოპონირებაც არ მესმის. იქნებ და, ოპონირების საკითხები არ არის. ვნახოთ, გაზაფხულზე, როგორი დათო მოგვევლინება“, - დასძინა ვოლსკიმ.