„ოცნებას“ საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობების გადანაწილება მოუწევს, რაც გუნდში განაწყენებულთა და გახარებულთა რიცხვს გაზრდის

„ოცნებას“ საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობების გადანაწილება მოუწევს, რაც გუნდში განაწყენებულთა და გახარებულთა რიცხვს გაზრდის

მეცხრე მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების ცნობისთვის ემზადება, მოქმედი კი, წასასვლელად. მოქმედი დეპუტატები საკუთარი კაბინეტების დაცლაზე უკვე ზრუნავენ, მომავალი კანონმდებლები საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებაზე მსჯელობას იწყებენ.

საქართველოს პარლამენტის 150 კაციანი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობა 19 ნოემბრამდე უნდა მოხდეს, რის შემდეგაც უფლებამოსილება მოქმედ მთავრობას შეუწყდება და ის ნდობის მისაღებად საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადდება.

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე პოლიტიკურ კულუარებში ვარაუდებს გამოთქვამენ, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მხოლოდ რამდენიმე მინისტრის შეცვლას და რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებას გეგმავს.

მთავრობის ხელმძღვანელი თუ ვის ჩააბარებს მინისტრის პორტფელიოს, ან პიქირით, ვის დატოვებს მის გარეშე, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, პრემიერს გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც მოუწევს.

მოქმედ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება ახალი თავმჯდომარის არჩევის პროპორციულად მოუწევს, თუმცა, ახალი, საპარლამენტო, პოლიტიკური ცხოვრების გაკვალვა ბევრ მომავალ დეპუტატსაც მოუწევს. მათ შორის იქნებიან ისინი, ვინც საპარლამენტო თანამდებობებს ჩაიბარებენ, რადგან რეგლამენტის მიხედვით, კანონმდებლებს 15 კომიტეტის თავმჯდომარის, რამდენიმე ვიცე-სპიკერის, უმცირესობა-უმრავლესობის ლიდერებისა და ერთი კომისიის ხელმძღვანელის არჩევა მოუწევთ.

პოლიტიკური თანამდებობის დაკავების სურვილი მოქმედ დეპუტატებსაც აქვთ და რომ ჰქონდეთ, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ვიცე-სპიკერობიდან ან კომიტეტის თავმჯდომარეობიდან რიგით წევრობამდე დაშვება, მათთვის პოლიტიკური კრახი იქნება.

თუ ვის ჩააბარებენ კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებს, პოლიტიკურ კულუარებში ამის შესახებაც ვარაუდებს გამოთქვამენ, თუმცა, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ მთავრობის შემადგენლობის მსგავსად, არც ეს საკითხია გადაწყვეტილი.

როცა „ქართული ოცნება“ თანამდებობების საკითხს გადაწყვეტს, მას რამდენიმე ვიცე-სპიკერის დასახელება მოუწევს, სადაც for.ge-ს ინფორმაციით, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის კანდიდატურები მოიაზრება.

უმრავლესობის მსგავსად, ვიცე-სპიკერის პოსტი ერგება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“, მაგრამ შესაძლოა, ეს თანამდებობები მეცხრე მოწვევის პარლამენტში ისეთივე დაპირისპირების მიზეზი გახდეს, როგორც მოქმედში. for.ge-ს ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბერში, მოქმედ უმრავლესობას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ნაციონალი გიორგი ბარამიძის დანიშვნა არ სურდა, მაგრამ უმრავლესობის ხელმძღვანელობამ რიგითი წევრების პოზიცია არ გაიზიარა.

ვიცე-სპიკერის პოსტის გარდა, მოქმედ პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობისა და განაწყენების მიზეზი გახდა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მათი პირველი მოადგილეების თანამდებობებიც, რაც იდეაში მეტ პრივილეგიას გულისხმობს. მათ შორის, მეტ შრომით ანაზღაურებას და ავტომობილით მომსახურებას. for.ge-ს ინფორმაციით, სწორედ პირველი მოადგილის თანამდებობის გამო, მოქმედ პარლამენტში ერთმანეთს ნუკრი ქანთარია და ელისო ჩაფიძე გაუნაწყენდნენ, რისი მიზეზიც ის იყო, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ჩაფიძეს უნდა დაეკავებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქანთარიამ ჩაიბარა.

მართალია, პოლიტიკური თანამდებობების ბედი პარლამენტის პირველ სხდომამდე გაირკვევა, მაგრამ მანამდე ცნობილი სამთავრობო ცვლილებებიც გახდება, რომელიც ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს.

ქვეყნის პირველ პირს, გიორგი მარგველაშვილს მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენამდე, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნა მოუწევს და მისთვის ადგილი განსაზღვრული წინასწარ იქნება, განსხვავებით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის დღისგან, როდესაც ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ სხდომათა დარბაზში ადგილი არ იყო. თუ ვისთვის, ეს მან არ დააკონკრეტა, თუმცა, მას მოგვიანებით, პრეზიდენტის რესპლიკის ატანა მოუწია -„ხომ, დავეტიეთ?“.

ვინაიდან, მომავალი პარლამენტის კონფიგურაცია ცნობილია, for.ge დაინტერესდა, მას ქვეყნისთვის თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია.

როგორც for.ge-ს ექსპერტმა, სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, ქვეყანამ და პოლიტიკურმა პარტიებმა ის შედეგი მიიღეს, რაც დაიმსახურა. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ მეტი მიიღო, ვიღაცამ ნაკლები, ვიღაცამ არაფერი, უსაქმურთა თემაა.

„ჩვენმა მოსახლეობამ ის ისურვა, რაც არჩევნების შედეგის სახით უკვე დაფიქსირებულია. ეს მოგვწონს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პარლამენტი ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერების ანარეკლია. ორხელისუფლებიანობის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, რომლის მოწმენიც 2012-2016 წლებში ვიყავით. რასაკვირველია, ერთხელისუფლებიანობა ორხელისუფლებიანობის სჯობს, რადგან ერთი კონკრეტული სუბიექტი პასუხისმგებლობას იღებს როგორც კარგზე, ასევე ცუდზე და შესაძლებელობა იმის არ იქნება, რომ რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალისკენ თითი გაიშვიროს“, - აცხადებს ექსპერტი.

ცისკარიშვილის იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მფლობელი „ოცნების“ პროგრესულ პირებს, რომელთაც წარსული არ ღალატობს, მომავალიც გონივრული ელოდებათ.

„რაც შეეხება უმცირესობას, მან ბევრად მეტი განსჯა უნდა გასწიოს იმისათვის, რომ უმრავლესობის სხვადასხვა ცნობიერების მქონე პირებს შორის გარკვეული არეულობა არ მოხდეს. ასევე პარლამენტში იქნება „პატრიოტთა ალიანსი“. ანუ, ძალა, რომელიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა და ის ახალი ინტერესის საგანი გახდება, რადგან მათ დაახლოებით ერთნაირი შეხედულება გააჩნიათ როგორც ნაციონალების, ასევე „ოცნების“ მიმართ“, - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

ექსპერტი საკონსტიტუციო უმრალესობის თემასაც ეხება და ამბობს, რომ გამარჯვებული პარტიისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ ოთ წელში სიმშვიდეს ნიშნავს.

„ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ საკუთარი თავის მიმართ იმდენი ლანძღვა-გინება მოისმინა, ეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახა. იმ პირობებში, როცა კონსტიტუციურ უმრავლესობას ფლობ, გულის გახეთქვა შეუძლია თავად მეოცნებეებს და რომელ პოლიტიკურ ძალას გაუხეთაქავენ გულს, ესეც ადვილი წარმოსადგენია“, - დასძენს ცისკარიშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეს წარმოადგენს.

for.ge-სთან საუბარში მენაბდე ამბობს, რომ მმართველ გუნდს დეპუტატობის ამ რაოდენობით დაუბრკოლებლად შეუძლია ნებისმიერი ცვლილება მიიღოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.

„თუმცა, იმედია, რასაც ამბობენ, რომ ამ ბერკეტს არ გამოიყენებენ და ცვლილებებს მხოლოდ კონსენსუსს დააფუძნებენ, ეს რეალობაში დარჩება. საკონსტიტუციო კომისიაში აზრთა პლურალიზმი უნდა იყოს წახალისებული და ყველა ჯგუფი იყოს წარმოდგენილი. საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით რისკი არსებობს, რადგან მას ვერაფერი ვერ დააბალანსებს და ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ იმედია, რომ ამ რეალობის წინაშე არ დავდგებით, რადგან ეს დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია“, - აცხადებს მენაბდე.