„რესპუბლიკელებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ კრიზისი გამოწვეულია არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური მიზეზებით თუ ტაქტიკური შეცდომებით, არამედ იმითაც, რომ ჩვენი პროდასავლური პარტიების პოლიტიკურმა პარადიგმებმა თავი ამოწურეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომლის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ სტაბილურობა ამ ეტაპზე შეცდომების ჩაკეტილ წრეში ტრიალს ემსგავსებოდა.
for.ge ზაზა ფირალიშვილის ესაუბრა.
8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საქართველოში პარტიების მრავალრიცხოვანების მიუხედავად, მთავარი მოთამაშეების გარდა, პოლიტიკურ ძალებს პულსი ისედაც არ ესინჯებოდათ, მაგრამ შეიძლება ითქვას, ამჟამად შუა გაიკრიფა, ვგულისხმობ „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“. როგორ ფიქრობთ, ეს თავად ამ პარტიების პრობლებაა, თუ ივანიშვილის პოლიტიკური წონაა ქართული პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი?
ზაზა ფირალიშვილი: პოლიტიკაში არასოდეს მოქმედებს მხოლოდ ერთი ფაქტორი. ცხადია, ზოგ სხვა მიზეზთან ერთად თქვენს მიერ დასახელებული ფაქტორებიც მუშაობდა. თუ მართალია ის, რომ ივანიშვილმა ქართული პოლიტიკური სივრცე გაწმინდა დასავლეთისაკენ ორიენტირებული პოლიტიკური ძალებისაგან, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ თავად მან თავისი პარტიის ლიდერებად შემოგვთავაზა მკვეთრად გამოხატული დასავლური სიმპათიების მქონე ირაკლი ღარიბაშვილი, შემდეგ კი გიორგი კვირიკაშვილი.
მისი დამოკიდებულება ყოფილი პარტნიორების მიმართ, ალბათ, იმანაც განსაზღვრა, რომ მის გადაწყვეტილებებზე პირადი ურთიერთობების ხასიათი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუკი მას რაიმე ღვაწლი აქვს თქვენს მიერ დასახელებული ორი პარტიის მარცხში, უპირატესად ის, რომ ამ უკანასკნელებმა დაკარგეს კომფორტის ის რეჟიმი, რომელშიც იმყოფებოდნენ და რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებას ვერ გაუძლეს.
მესმის, რომ მკვეთრად არის ნათქვამი, მაგრამ ასეა.
გავიხსენოთ, თუ ელექტორალური სიმპატიების როგორი გადანაწილება გამოიწვია პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის გამოჩენამ. ეს უკვე მაშინ უნდა ყოფილიყო საგანგაშო ნიშანი „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატებისათვის“. მათ არა თუ ვერ შეძლეს ბურჭულაძის მიერ გამოთავისუფლებული სივრცის დაკავება, არამედ მთელიანად გადაულოცეს ინიციატივა „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“. ვფიქრობ, ეს პარტიები ბევრწილად თავისი ელიტური და (ნუ მიწყენენ) ბევრწილად სნობური ლიბერალიზმის მსხვერპლად იქცნენ. მათი წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა ვერ იგრძნო, თუ რას ნიშნავდა კოალიციის კომფორტის ზონიდან გასვლა.
ამ პარტიების არგუმენტია, რომ სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ დასავლეთმა „ქართული ოცნება“ მიიღო როგორც პარტნიორი...
- თავის დროზე, მათ, მართლაც, დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ დასავლეთს მიეღო „ოცნება“, როგორც შესაძლო პარტნიორი. სწორედ მაშინ დაუშვეს შეცდომა, როდესაც დასავლეთის მათ მიმართ დამოკიდებულება პოლიტიკური წარმატების წინაპირობად მიიჩნიეს. ზოგადად, ჩვენი დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, ისაა, რომ ისინი არსებობენ და მოქმედებენ ერთმანეთთან და დასავლეთის წარმომადგენლებთან დიალოგში და ივიწყებენ, რომ მათი მთავარი პარტნიორი რიგითი ქართველი ადამიანი უნდა იყოს. პოლიტიკური მარკეტინგის ამ ელემენტარული პრინციპის უგულებელყოფამ კი მოგვცა ის, რაც მოგვცა.
ჩვენი რიგითი მოქალაქისათვის ნაცნობ და მისაღებ იდეებს თავისუფლებისა, შემწყნარებლობისა, სქესთა თანასწორობისა და ასე შემდეგ ისეთ უცხო, ვორკშოფებსა და სემინარებზე შექმნილ ისეთ დიალექტზე სთავაზობენ, რომ ბევრმა უბრალო მოქალაქემ თავი თავსმოხვეულ სამყაროში იგრძნო. არ დამავიწყდება საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების ერთ-ერთი სლოგანი: „გენდერული თანასწორობა“. თითქოს მის აღმქმელად მხედველობაში ვიღაც სხვა ჰყავდათ და არა ის ადამიანები, ვისი ხმების მოპოვებასაც ცდილობდნენ.
ჩვენი არასამთავრობების წიაღში გამომუშავებული ელიტური ლიბერალიზმის პარადიგმები ერთგვარ „ლიბერალურ დიალექტად“ ჩამოყალიბდა და უკვე იმთავითვეა მოკლებული ხალხურობასა და დემოკრატიულობას. შედეგად კი ვიღებთ ლიბერალიზმს დემოკრატიის გარეშე. კიდევ უფრო შორს შეიძლება წასვლა: ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ადამიანის თავისუფლების იდეის ფესვებს ხედავენ არა საკუთარი კულტურის წიაღში, არამედ სადღაც სხვაგან. საკუთარ კულტურას კი განიხილავენ, როგორც რაღაც ირაციონალურ წარმონაქმნს, რომელშიც ნათელი უნდა შეიტანონ.
კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. ჩვენს თვალწინ რელიგიური შემწყნარებლობა ბევრი ადამიანისათვის სახიფათო, ჩვენი სულიერებისათვის დამანგრეველ იდეად იქცა. არადა, სწორედ ჩვენმა სულიერებამ შექმნა რელიგიათა თანაცხოვრების ისეთი ფორმები, რომლებიც, თამამად შეიძლება ითქვას, სხვაგან თითქმის არსად გვხვდება. ალავერდობას ქრისტიანები და მუსლიმები ერთად დღესასწაულობდნენ. თბილისის მეჩეთში წლების განმავლობაში შიიტები და სუნიტები ფარდით გაყოფილები ლოცულობდნენ ერთად, როდესაც ერაყში დღემდე აფეთქებენ ერთმანეთს. ჩვენს სულიერებაში ბევრი უაღრესად ჯანსაღი და ზედმიწევნით ევროპული იმპულსია და სწორედ მას უნდა დავყრდნობოდით.
არ იყო საჭირო რაღაც უცნაური ენისა და ფორმების გამოგონება თუ სხვებისგან გადმოტანა. შედეგად მივითეთ პარადოქსული ვითარება: ზოგმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ და მათმა წარმომადგენლებმა, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ, რელიგიური შემწყნარებლობისათვის შეეწყოთ ხელი, პირიქით, უცხო ფორმებისა და სოციალური ენის შემოთავაზებით კონფლიქტების გაღვივებას შეუწყვეს ხელი. მათთვის ხომ მთავარი ის იყო, რამდენად ესმოდათ მათი დონორებს და არა ის, თუ რამდენად ადეკვატურად აღიქმებოდა მათი ძალისხმევა აქ, ჩვენს გარემოში.
ისევ პოლიტიკურ პროცესებს დავუბრუნდები. სამწუხაროდ, ბევრი ვერ მიხვდა, თუ რა მახე დაუგეს პუტინისტებმა ჩვენს პროდასავლურ სპექტრს ერთნაირსქესიანთა თემის შემოგდებით.
მახის დაგებაში რას გულისხმობთ?
- არა მხოლოდ ვერ მიხვდნენ, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც პათეტიკურად დაიწყო საუბარი იმაზე, თუ პროგრესისა და ადამიანის უფლებათა დაცვის როგორი ნიშანი იქნებოდა ამგვარი ქორწინებების დაშვება. არადა, ამგვარი ქორწინებების წინააღმდეგ დასავლეთში გამოდიან არა მხოლოდ ტრადიციონალისტური ძალები, არამედ ჰომოსექსუალთა ორგანიზაციებიც კი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქორწინების უფლებაზე ლაპარაკის გადატანა მიზნად მათი პრობლემის პროფანაციას და საზოგადოებრივი აგრესიის გამოწვევას ისახავს მიზნად. ამგვარი ლიბერალიზმის ზერელობასაც თავი რომ დავანებოთ, განცხადებების ვერც ერთმა ავტორმა ვერ განსაზღვრა, თუ რა კონკრეტული პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა ამას და, რომ ამით ისინი თავის თავსაც იზარალებდნენ და იმ პოლიტიკურ ძალებსაც, რომელსაც წარმოადგენენ.
ამის შემდეგ რამდენჯერაც არ უნდა გაემეორებინათ დავით უსუფაშვილს და ირაკლი ალასანიას, რომ მათი პარტიები ამგვარი ქორწინებების წინააღმდეგები არიან, ეჭვი უკვე ჩათესილი იყო და პუტინისტები გულმოდგინედ აღვივებდნენ მას. ამომრჩეველთა კრიტიკულად დიდ ნაწილს არ აინტერესებს საპროგრამო დოკუმენტების ნიუანსები, თუმცა კი უკიდურესად ფაქიზად გრძნობს იდენტობის მიმართ საფრთხეს. ჩემს უბანში ბატონი დავით უსუფაშვილი იყრიდა კენჭს და დაბეჯითებით შემიძლია თქმა, რომ ტრანსპორტში, რიგებში და ა.შ. გულმოდგინედ და თანამიმდევრულად ავრცელებდნენ ტყუილს, რომ უსუფაშვილი, თურმე, ამგვარი ქორწინებების მომხრე იყო. ამ კონკრეტულმა მახემ იმუშავა. კიდევ რამდენი იყო ამგვარი მახე, ღმერთმა იცის. აღარ ჩამოვთვლი.
სამწუხაროდ, ჩვენი დასავლეთზე ორიენტირებული პარტიების წარმომადგენელთა დიდ ნაწილს არ ესმის განსხვავება არასამთავრობო და პოლიტიკურ რიტორიკას შორის. არასამთავრობოს წარმომადგენელთა რიტორიკა მაქსიმალისტურიც შეიძლება იყოს და კულტურის რეჟიმისათვის უცხოც. ამაზე მხოლოდ ისინი აგებენ პასუხს, მაგრამ როდესაც იგივე რიტორიკა პოლიტიკურ ცხოვრებაში გადმოაქვთ, პასუხს კონკრეტული პოლიტიკური პარტიაც აგებს და, საბოლოოდ, მთელი პოლიტიკური რეალობაც.
გაგახსენებთ, რომ ამ ორიოდე წლის წინ პუტინის მიმართ სიმპათიებს გამოკითხულთა 31% გამოხატავდა. მაშინვე უნდა დასმულიყო საკითხი იმის შესახებ, თუ რა დამსახურება მიუძღვის ამაში ჩვენი მედასავლეთეების ელიტურ და სნობურ ლიბერალიზმს. მათ უარი თქვეს ადამიანის თავისუფლების იდეა ჩვენი სულიერების კონტექსტში დაენახათ და ამ უკანასკნელისათვის ადეკვატური ფორმებით გამოეხატათ. შედეგად კი, პატრიოტულ რიტორიკის ინიციატივა მთლიანად პრორუსულ ძალებს გადააბარეს. იყო დრო, და ეს მე კარგად მახსოვს, როდესაც მათ როგორღაც ეუხერხულებოდათ კიდეც, პატრიოტები ყოფილიყვნენ. ამომრჩეველმა შეიძლება ბევრ რამეზე დახუჭოს თვალი, მაგრამ ასეთი რამე არ ავიწყდება. ერთხელ ჩათესილი ეჭვი წლების განმავლობაში ღივდება. როდესაც წლების განმავლობაში ქართულ ეროვნულ იდეაში მხოლოდ მანკიერ ძალას ხედავ, ძნელია, შემდეგ შენგან ვაჟასა და ფიროსმანზე საუბარი მიიღონ.
არჩევნებში ბარიერი გადალახა ახალმა პოლიტიკურმა სუბიექტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სახით. მას ბევრი პრორუსულ ძალად აღიქვამს. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, რამ განაპირობა ის, რომ საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი პრორუსული ძალა აღმოჩნდა, ვიდრე დასავლური ყაიდის „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“? თუ თვლით, რომ „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ხელოვნურად ხდება პრორუსულის იარლიყის მიწებება, მაშინ, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ამ არჩევნებშიც განმსაზღვრელი ისევ ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლა იყო და არა ქვეყნის უკეთ მომავალზე ფიქრი, ვინაიდან „პატრიოტთა ალიანსი“ სწორედ ყველაზე მკაფიოდ უპირისპირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“.
- ამ ეტაპზე, მაინც, ჩემთვის „პატრიოტთა ალიანსი“ პროდუქტია იმის მცდელობისა, რომ დასავლური ორიენტაცია ანტიეროვნულ ფენომენად, ხოლო პრორუსული სენტიმენტები ქართული პატრიოტიზმის ორგანულ ნაწილად ყოფილიყო აღქმული. ამ პროცესს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვადევნებდით თვალს, თუმცა კი, როგორც ვთქვი, განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდნენ ისინი, ვისაც უნდა მიექცია. ვერ ვიტყვი, რომ მათი მოხვედრა პარლამენტში რუსული პოლიტიკის განსაკუთრებული წარმატების ნიშანია. პირიქით - თუ გავიხსენებთ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ჰყავდა „აღორძინების კავშირს“, დღევანდელი მდგომარეობა ამ ძალებისათვის არც არის სახარბიელო. ამას დაუმატეთ თავად წარმომადგენლობის ხასიათიც. ვფიქრობ, „აღორძინების კავშირის“ წევრთა პროფესიონალიზმი უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა. გარდა ამისა, როგორც მგონია, მათ არ გაუჭირდებათ თავისი იდეოლოგიური პოზიციის შეცვლა, თუ ამას მათგან პოლიტიკური სიტუაცია მოითხოვს.
ამიტომაც არ დავსვამდი საკითხს ისე, თითქოს ქართულმა მოსახლეობამ „პატრიოტთა ალიანსი“ ამჯობინა „რესპუბლიკელებს“ ან „თავისუფალ დემოკრატებს“. ამ უკანასკნელების მარცხის მიზეზებზე უკვე ვისაუბრე. დავამატებ, რომ მათ ვერ შეძლეს საინფორმაციო სივრცის გაჯერება. მათ რამდენჯერმე ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ საინფორმაციო სივრცის „ენერგეტიკულ ცენტრებად“ ქცეულიყვნენ, მაგრამ ხელიდან გაუშვეს ეს შანსი. „პატრიოტთა ალიანსი“ კი ამ დროს თავისუფლად განაგებდა „ობიექტივს“ და საშუალება ჰქონდა, მოსახლეობის დიდ ნაწილზე მოეხდინა გავლენა. ამ შესაძლებლობასთან შედარებით მათი შედეგი მოკრძალებულია.
ხშირად მითქვამს, რომ როგორი მორალისტური თუ ფსევდო-თეოლოგიური არგუმენტებიც არ უნდა მოიშველიონ პრორუსულმა ძალებმა, როგორ ნათელ ფერებშიც არ უნდა დახატონ ჩვენი ეროვნული ღირებულებების ბედი რუსულ წიაღში, რუსეთთან გატარებული საუკუნეები და მიღებული გამოცდილება საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ პრორუსული სენტიმენტების მქონე ამომრჩეველს ბოლო წამს ხმის მიცემისაგან თავი შეეკავებინა, ან აშკარად პრორუსული ძალის ნაცვლად ხმა რომელიმე ჩამნაცვლებლისათვის მიეცა. ასეთები საქართველოში, როგორც წესი, ხელისუფლებას უჭერენ ხოლმე მხარს: შევარდნაძეს, სააკაშვილს (გავიხსენოთ, როგორ მხარდაჭერას უცხადებდნენ მას სტალინისტები), ახლა კი ბიძინა ივანიშვილს.
დამარცხებულმა დასავლურმა პარტიებმა ვერ შეძლეს, ევრო-ატლანტიკურ იდეაზე სრულფასოვანი ინიციატივა აეღოთ. ვერ შეძლეს ერთმანეთთან საერთო ენა მოეძებნათ და თავისი კანდიდატები მაჟორიტარულ არჩევნებში მაინც არ დაეპირისპირებინათ ერთმანეთისათვის. მოკლედ, ბევრი მიზეზის დასახელება შეიძლება. საბოლოოდ, ორი იდეოლოგიურად ერთგვაროვანი პარტიის ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმში არსებობა იმის ნიშანი იყო, რომ მათ შემთხვევაშიც გრძელდებოდა ის, რაც ადრეც მითქვამს - უცხოელებმა ფეოდალური პლურალიზმი უწოდეს. რაც შეეხება პარლამენტში პრორუსული ძალების მოხვედრას, „პარტიოტთა ალიანსის“ გარეშეც დღეს იქ ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც ძალუძს, განაცხადოს, არასოდეს თქვა არასოდესო.
საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ერთ–ერთი საკითხი რაზეც პოლიტიკური დებატები არ წყდება, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული სამოქალაქო სექტორი თვლის, რომ ხელისუფლების ხელში საფრთხეს წარმოადგენს საკონსტიტუცი უმრავლესობა. გარკვეული საფრთხეები ალბათ, არსებობს, თუმცა ხომ არ ფიქრობთ, რომ ე.წ. შეფარული ნაციონალური არასამთავრობო სექტორი ამ ლოზუნგის ქვეშ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ პროპაგანდას ეწევა? - მათ ნაციონალების დროს არასოდეს გაუპროტესტებიათ საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა ქვეყანაში.
- ნუ გავიმეორებთ კლიშეებს. ნაციონალების ხელში არსებულ საკონტიტუციო უმრავლესობას არასამთავრობო ორგანიზაციები თავის დროზეც აკრიტიკებდნენ. ცხადია, მხედველობაში არა მაქვს ის ორიოდე არასამთავრობო, წლების განმავლობაში ნაციონალების იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ უზრუნველყოფას რომ ემსახურებოდნენ. მათი აქტიურობა ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს ამ სექტორის მხრიდან ნაციონალების მხარდაჭერა ტოტალური იყო. არადა, არ არის ასე.
პირადად მეც არ მიმაჩნია ნორმალურ სიტუაციად, როდესაც კონკრეტული ძალა ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას. არსებობს ეჭვი და ეს ეჭვი თუ არ გამოითქვა, ხვალ შეიძლება გვიან იყოს. ამას პრევენციული მნიშვნელობა აქვს. ცხადია, ნაციონალებმა მოისურვეს ესარგებლათ ამ სიტუაციით და „ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოქცევის საპირწონედ მეორე ტურში „ოცნების“ მოწინააღმდეგეებისათვის ხმის მიცემისაკენ მოგვიწოდეს.
ზედმეტად გამჭვირვალე ეშმაკობაა საიმისოდ, რომ მან იმუშავოს. როგორც ჩანს, საკონსტიტუციო უმრავლესობა გარდუვალია და დღესვე უნდა ვისაუბროთ იმ საფთხეებზე, რომელიც მას ახლავს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელოვნურად შევცვალოთ ძალების ბალანსი პარლამენტში. ჩვენმა ამომრჩეველმა სწორედ ასეთი არჩევანი გაკეთა და ამას ვეღარაფერი შეცვლის. ნაციონალების წარმომადგენლებისათვის ხმის მიცემას მან არჩია, „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა. ვფიქრობ, ნაციონალებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რას ნიშნავს ეს.
ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, შესაძლოა, კახა შარტავაც, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები ახალი ძალებით შემოვლენ ქართულ პოლიტიკურ ველზე? არის საუბრები, რომ ახალი ძალა პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანდება, თუმცა პრეზიდენტი რამდენად ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად მიგაჩნიათ, რომ ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგეს? საერთოდ, თუ ელოდებით ახლო მომავალში ახალი ძალის გამოჩენას?
- ძნელი სათქმელია, რა პროცესები შეიძლება წარიმართოს, თუმცა კი, დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კრიზისი გამოწვეულია არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური მიზეზებით თუ ტაქტიკური შეცდომებით, არამედ იმითაც, რომ ჩვენი პროდასავლური პარტიების პოლიტიკურმა პარადიგმებმა თავი ამოწურეს. პოლიტიკოსისა და არასამთავრობოოს წარმომადგენლების აზროვნება მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. ამ თემას უკვე შევეხე. პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა და არა მაქსიმალური სიკეთისა თუ სასურველის არსებულად გასაღებისა. როგორც კი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „კარგი პიარით“ ნებისმიერი რამ შეიძლება ადამიანებს თავს მოახვიოს, მისი კრახი იწყება. ჩვენ ეს არაერთხელ ვნახეთ.
რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ პირებს. ვერ გეტყვით და მე არ შემიმჩნევია, პრეზიდენტი რაიმე ამგვარი მიზნისაკენ მიმართულ მოძრაობებს აკეთებდეს. დრო ჯერ კიდევ არის და შესაძლოა, რაღაც ვიხილოთ კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე ამის ნიშნები ნაკლებადაა. ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ განაცხადი უკვე გააკეთა ბატონმა დავით უსუფაშვილმა. ბევრისგან განსხვავებით, მე ვამართლებ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. მის განცხადებაში ნათლად იმზირებოდა აზრი, რომ თუ ლიბერალურმა და დასავლურმა რიტორიკამ არ დასთმო ჰერმეტულობა და თავად ჩვენს საზოგადოებრივ ძალებს არ დაეყრდნო, ის კვლავ დარჩება უცხო ძალად და ისტორია განმეორდება. ახალ პოლიტიკურ კავშირს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემა აზრი და წარმატების შანსი.
„რესპუბლიკური პარტიის“ სტაბილურობა ამ ეტაპზე შეცდომების ჩაკეტილ წრეში ტრიალს ემსგავსებოდა. ბატონმა დავითმა, როგორც ჩანს, ეს იგრძნო. დაწმუნებული ბრძანდებოდეთ, მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დისკუსიებიც, კამათიც და ა.შ. მისმა ნაბიჯმა თავად „რესპუბლიკელები“ შეიძლება გახადოს იძულებული, კარგად გაიაზრონ თავისი მარცხის მიზეზები.
სხვისი არ ვიცი და მე ვინატრებდი, რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრება უსუფაშვილისა და კვირიკაშვილის ოპონეციაზე აგებულიყო. ორივეს საკმარისად აქვს პოზიტიური მუხტი და კრიტიკულ მომენტებში თანამშრომლობის უნარი. ვიმეორებ, დღეს „ქართულ ოცნებას“ არა ჰყავს სრულფასოვანი ოპონენტი. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სავალალო საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო, არ ძალუძს სრულფასოვანი ოპონეცია და პროცესებში რაიმე სერიოზული კორექტივების შეტანა. სწორედ ეს ქმნის სირთულეს „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გამო და არა ის, რომ ნაციონალებმა საკმარისი ადგილები ვერ მოიპოვეს.
ცვლილებებია „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, პარტია ორად გაიყო რადიკალებად და რეალისტებად. რა შანსები აქვს რეალისტების ფრთას და ელოდებით, რომ მათ ალიანსი შექმნან პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებთან?
- დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე კრიზისი აქვს. პარტია მრავალრიცხოვანია, კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული, მაგრამ 2012 წლის შემდეგ თავისი ადგილის მოპოვება უჭირს. ამას ემატება ისიც, რომ - და ეს არჩევნებმაც აჩვენა - მის მიმართ პოზიტიური მოლოდინი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. უახლესი ისტორიის განმავლობაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკურ ძალას კრიზისისათვის თავი დაეღწიოს. თქვენს მიერ დასახელებული ორი ნაწილი ამ კრიზისის ნიშანია. ვერ გეტყვით, რას შეძლებენ ისინი. ქართული პოლიტიკური სპექტრი ჯერაც არ ჩამოყალიბებულა და ჯერაც უნდა ველოდეთ მნიშვნელოვან პროცესებს - მათ შორის „ქართულ ოცნებაშიც“. ეს უკანასკნელიც არაერთგვაროვან ძალად რჩება.