გასულ კვირას, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დედამ, რემა ჟვანიამ, ზურაბ ჟვანიას ყოფილ თანაპარტიელებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა. "თქვენ არ შეასრულეთ ხალხის ნდობა, ღირსეულად მაინც წადით!" - უთხრა მან ხელისუფლებაში მყოფ ყველა იმ პირს, რომლებიც თავს ისევ ზურაბ ჟვანიას მეგობრებად მიიჩნევენ. წლებია, ქალბატონი რემა ჟურნალისტებთან შეხვედრას ერიდება. თუმცა, ამჯერად "კვირის პალიტრისთვის" გამონაკლისი დაუშვა. გთავაზობთ ზურაბ ჟვანიას დედასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც ის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებზე ლაპარაკობს. ქალბატონ რემას სწორედ მაშინ შევხვდით, როცა საზოგადოება ჟვანიას სიკვდილის გარემოებათა ამსახველი სკანდალური ვიდეოჩანაწერის მოლოდინში იყო (მედიაში გავრცელდა, რომ ჩანაწერს საზოგადოება უახლოეს ხანში ნახავს). ქალბატონი რემა ამ დღეს ძალიან ღელავდა:
- ამ ქვეყანაში ყველაფერს საჩვენებლად აკეთებენ, ადამიანის ძირითადი უფლებები კი სრულიად უგულებელყოფილია. ქალაქად თუ სოფლად, ყველგან ერთნაირი ვითარებაა, ყველა, გლეხი თუ მეცნიერი, დიდ სიდუხჭირეშია. ხელისუფლების საქმიანობაზე პროტესტის გრძნობა დიდი ხანია გამიჩნდა, მაგრამ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირების ნახვამ მოთმინების ფიალა ამივსო. თითქოს კიდევ ერთხელ მოვკვდი, თითქოს გულში დანა გამიყარეს. ასეთივე განცდა მქონდა ზურას გარდაცვალების გამო და არ მეგონა, თუ განმეორდებოდა. ასეთ საშინელებას ვერ წარმოვიდგენდი. აშკარაა, ხელში შეგვრჩა სიცრუეზე აგებული ქვეყანა, სადაც მართალია, გზებს აგებენ, მაგრამ ქალაქი ქალაქს აღარ ჰგავს, სოფელი სოფელს და ზოგიერთი ადამიანი - ადამიანს.
ადრე არასდროს გქონიათ ბევრ თემაზე საჯაროდ საუბრის სურვილი.
- მართალია, ბევრი რამ უთქმელი დამიგროვდა, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ხალხში გამოჩენა და ლაპარაკი არ შემიძლია. უკვე 80 წელს ვუახლოვდები, პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ. ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ, ქვეყანას შევძრავდი, ახლა კი მიუხედავად უძლურებისა, მაინც გავაკეთე განცხადება და მათ, ვინც თავს ზურას მეგობრად მიიჩნევენ, მოვუწოდე, ხელისუფლებიდან ღირსეულად წავიდნენ. გულიდან მაინც ვერ ამოვიღე ისინი, რომლებთან ერთადაც ზურა ჯერ კიდევ "მწვანეთა მოძრაობიდან" მოდიოდა. სხვათა შორის, "მწვანეებში" იყო მისი დაცვის უფროსი კობა ხარშილაძეც, რომელიც ჩემი შვილის უშუალო მკვლელი არ არის, მაგრამ არ ჰქონდა უფლება, ზურა მიეტოვებინა! ვშიშობ, რომ ხელისუფლება ისევ ძალადობას მიმართავს, ამიტომაც თავი ვალდებულად ჩავთვალე, მეთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი.
მას შემდეგ, რაც ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოფირები გავრცელდა, გია ბარამიძემ "ნაციონალების" მხარდამჭერებს მოუწოდა, თავაწეულმა იარეთო. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- აბა, რა გითხრათ, ეტყობა, შეასრულა ის, რაც უთხრეს.
გია ბარამიძეს ბოლოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შევხვდი. შინ მესტუმრა. მაშინაც ძალიან აღელვებული ვიყავი იმ ყველაფრით, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ვკანკალებდი და თითქმის ყვირილით ველაპარაკებოდი გიას, ისიც კი ვუთხარი, ბუშმა, პუტინმა და სააკაშვილმა მსოფლიოში ბევრი სისხლი დაღვარეს და ტრიბუნალს იმსახურებენ-მეთქი. გია გაგიჟდა და გავარდა.
ხათუნასთანაც (გოგორიშვილი) მქონდა ურთიერთობა, რომელიც მართლაც ძალიან მიყვარდა, თუმცა, ბოლო დროს, ყველას თავს ვარიდებ. ვიცი, რომ ზურას დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში დიდი თაიგულებით მიდიან გიაც და ხათუნაც ჩემი შვილის საფლავზე. ჩვენ მათ იქ არ ვხვდებით.
და მაინც, რითია განსხვავებული ზურას გზა მიშას გზისგან?
- ძალიან განსხვავებულია. ზურა არ დაუშვებდა დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებას საქართველოში და ძალაუფლების უზურპაციას. ზურა ყოველთვის ხელს უშლიდა კლანების ჩამოყალიბებას. მამალაძესაც იმიტომ დაუპირისპირდა, რომ მან მომხვეჭელობა დაიწყო. ზურა სხვებისგან ადამიანური თვისებებითაც განსხვავდებოდა, - ის ოპონენტსაც უსმენდა, აკვირდებოდა, შეეძლო იმასაც დახმარებოდა კანონიერების ფარგლებში, ვინც მუდამ მის ლანძღვაში იყო. მისთვის მატერიალური მხარე არასდროს იყო მთავარი. არადა, ზოგიერთი მისი ოპონენტი ამბობს, ხელისუფლებაში ფული ვერ გაიყვესო და ამით ტალახს ზურასაც ესვრის. ამ ოპონენტებს წარმოდგენაც არა აქვთ არც ზურასა და არც მის ოჯახზე. ჩემი შვილი სხვაგვარად აღზრდილი იყო, ფულის სიყვარული გენებშიც არ ჰქონდა. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: ჩემმა დედამთილმა თალიკომ ბინის მიყიდვაზე კლიენტს უარი უთხრა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისთვის ჰქონდა სიტყვა მიცემული, ამ და ამ ფასად მოგყიდიო. ახალი კლიენტი ბინაში თალიკოს ორმაგ ფასს სთავაზობდა და გაოცდა: "ნუთუ თქვენი სიტყვა 50 ათასი ღირს?" - ჰკითხა თალიკოს და ასეთი პასუხი მიიღო: "ჩემი სიტყვა არ იყიდება". აი, ასეთი ადამიანების გარემოში აღიზარდა ზურა.
მახსოვს, როცა ზურა მოასვენეს, თოვდა, ქარი ქროდა. სრულიად გათიშული ვიყავი, დილის ათი საათიდან განუწყვეტლივ მოდიოდა და მოდიოდა ხალხი. სოფლებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ზურას ასე მიატირეს, შენ რომ არა, გასულ ზამთარს ვერ გადავიტანდითო. ამ სიტყვებმა თითქოს გამომაფხიზლა, ზურა ჩუმად, გაუხმაურებლად ეხმარებოდა ადამიანებს.
ბოლო დროს ბევრი ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. რას იტყვით იმ ჩანაწერზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასა და ზურაბ ჟვანიას შორის დაპირისპირება იყო?
- ეს ისედაც ვიცოდი. ზურა არაფერს ამბობდა, მაგრამ ვგრძნობდი. ხშირად ეთანხმებოდა მიშას, მაგრამ მერე მაინც თავის ხაზს ატარებდა პოლიტიკაში. ამის შედეგი ის იყო, რომ 2004 წელს (გახსოვთ, ალბათ, ცხინვალის სიმაღლეების აღების ეპიზოდი) ზურას ავტომანქანა დაცხრილეს, როცა ოსებთან მოლაპარაკებაზე მიდიოდა. ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, კიდევ საკითხავია. დარწმუნებული ვარ, ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, 2008 წლის ომიც არ დაიწყებოდა.
ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის, ჟვანიას, პატარკაციშვილისა და კიწმარიშვილის საუბრების ვიდეოჩანაწერები, რომლებიდანაც ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება მედიას როგორც ნადავლს, ისე უყურებს. ჟვანია პატარკაციშვილს ეუბნება, ეროსი წუხს, რომ ბაზრის ფასი გაზარდეო.
- ზურა ასე მარტივად აღსაქმელი ადამიანი არ იყო. როგორც ვიცი, ეროსის უნდოდა ყველა ბიზნესის გაკონტროლება, რისი საშუალებაც სწორედ ზურამ არ მისცა. ეროსიმ რაღაც მოითხოვა და ზურა არ დათანხმდა. ბადრისთან კი ზურა მართლაც დაახლოებული იყო. მისი უბედურება ის იყო, რომ ყოველთვის ჰყავდა ზემოთ მდგომი ადამიანი, რომელიც მიზნის მიღწევაში ხელს უშლიდა. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მაინც ახერხებდა თავისი პოლიტიკური ხაზის გატარებას. როგორ, ნამდვილად ვერ გეტყვით. ის სულ სხვანაირი ადამიანი იყო. ამას არ ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ ზურაბ ჟვანიას დედა ვარ. ერთხელ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ მითხრა, ქალბატონო, თქვენი შვილი გენიოსიაო. ზურას უცხოელი კოლეგები [პირად წერილებში გაცილებით მეტს წერენ ზურაზე, ვიდრე ახლა მე გიამბობთ. ჩემი შვილი წიგნშიც - "500 ძალიან ჭკვიანი ადამიანი" არის შეტანილი.
თუკი მიშასა და ზურას შორის ყველაფერი გარკვეული იყო, ადგილები - გადანაწილებული და არსებობდა ინტერესთა თანხვედრა (როგორც სააკაშვილი ამბობს ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში), მაშინ, თქვენი აზრით, ვინ და რატომ მოიცილა ზურაბ ჟვანია?
- საქმეც ის არის, რომ ბოლომდე არ იყო ინტერესთა თანხვედრა. ხომ ვხედავთ, როგორ ცხოვრობენ ეს ვაჟბატონები, აღარ იციან, რითი ისიამოვნონ, საზღვარგარეთ ნაოჭებსაც კი ისწორებენ და ხალხი ამ დროს უკიდურეს სიდუხჭირეშია. ვფიქრობ, ზურა ამას არ დაუშვებდა. არ შემიძლია ვინმეს დავადო ხელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმიტომ ვერ გაიხსნა ეს საქმე, რომ მასში ჩარეულია სააკაშვილისთვის ძვირფასი პირი.
ნინო ქადაგიძე თვლის, რომ ჟვანიას სიკვდილი ახალაიას, ალანიასა და მელნიკოვის კლანს უკავშირდება.
- ისინი შემსრულებლები იყვნენ, შემკვეთი კი, სავარაუდოდ, მიშასთვის მნიშვნელოვანი ადამიანია. როგორც აჭარის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ბაკურაძე ამბობს, სასჯელს გირგვლიანის მკვლელების მეზობელ საკანში იხდიდა და თავად გაუგონია ალანიას ხმა, როცა ციხის უფროსს ეუბნებოდა, სააკაშვილთან დამაკავშირეთ, ჟვანიას ამბავი უნდა შევახსენოო.
თურმე განაწყენებული ყოფილა, რომ მამა გარდაცვლია და ოჯახში, დედასთან დარჩენის საშუალება არ მისცეს, საკანში მიაბრუნეს. ციხის უფროსი თურმე უბოდიშებდა, შენზე ინფორმაციამ გაჟონა და ამიტომ ოჯახში ვერ დაგტოვეთო. უფრო ადრე ოქრუაშვილმაც თქვა, რომ ჟვანია მოკლეს და მისი ცხედარი იმ ავადსახსენებელ ბინაში მიიტანეს.
თქვენ გქონდათ ზურას ცხედრის დათვალიერების საშუალება?
- საეჭვოდ მეჩვენა, რომ კეფის არეში მთლიანად, ისევე როგორც კისრიდან მუცლის გაყოლებაზე, გაჭრილი იყო. ვიკითხე, ეს რა არის-მეთქი და მიპასუხეს, ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, მოიწამლა თუ რა მოხდაო.
თავიდანვე რატომ იფიქრეთ, რომ ნამდვილად მოკლული იყო?
- იმიტომ, რომ ზურა ზამთარშიც კი ფანჯარას ოდნავ ღიად ტოვებდა, სამსახურშიც და შინაც, ეს მისმა მეგობრებმაც კარგად იციან. მით უმეტეს, არ გაჩერდებოდა ფანჯრებჩაკეტილ ოთახში, სადაც გაზის გამათბობელი იდგა.
ვერაფრით დავიჯერე, რომ იმ საღამოს სასმელი დალია და თან სოსისი თუ სხვა რაღაც მიირთვა, როგორც გამოაცხადეს იმ საღამოს. იმ დღეს ზურამ შინ შემოიარა, შევთავაზე ლიმონიანი უშაქრო ჩაი და ისიც კი არ დალია, დიეტაზე ვარ და 7 საათის მერე პირში არაფერს გავიკარებო.
ჟვანიას მეგობრებისთვის თუ გითქვამთ, რომ ზურა მოკლულია?
- რა თქმა უნდა. გიამ თქვა, მიდის გამოძიება და ყველაფერი დადგინდებაო და დღემდე იძიებენ. საქმე რომ დაეხურათ, სტრასბურგის სასამართლოში გავგზავნიდი, მაგრამ არ დახურეს და ამის უფლება არ მომცეს. გუმანმა თავიდანვე მიკარნახა, რომ ზურა მოკლეს. პანაშვიდზე გიული ალასანია რომ მოვიდა, ვუთხარი, გიული, ზურა მოკლულია, მოწამლეს-მეთქი! არა, არაო, - იუარა. "როგორ არა, მიშაც იყოს ფრთხილად, ყველგან რაღაცას ჭამს. ზურა მოწამლეს!" - გავუმეორე მე. "არა! რას ამბობთ!" - იყო პასუხი. მას შემდეგ გიული აღარ მინახავს.
როგორც ამბობენ, არსებობს ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებების მამხილებელი ვიდეოჩანაწერი...
- ხალხი ისედაც შეშლილია პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირის მერე. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოება ენდობა, ამიტომ ჯობს, მას აჩვენონ ფირი. შემდეგ ბიძინა გადაწყვეტს, გააცნოს საზოგადოებას თუ არა. შესაძლებელია ისიც, მხოლოდ თავად ნახოს და თავისი დასკვნა ხალხს გააცნოს. პირადად მე წარმოდგენაც კი მიჭირს, რა შეიძლება იყოს ფირზე აღბეჭდილი. ის თუ არის ასახული, თუ როგორ კლავენ ჩემს შვილს, ამას ნამდვილად ვერ ვუყურებ, მაგრამ უნდა ვიცოდე, ვინ არის მკვლელი!..