8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით - 44, ხოლო მაჟორიტარულში - 23 მანდატი მიიღო. მეორე ტურში კი, ამავე პოლიტიკურმა ძალამ 48 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა. საერთო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ 115 მანდატი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. მე-9 მოწვევის პარლამენტში 27 მანდატით შეივსო „ნაციონალურ მოძრაობა“, 6 მანდატი „პატრიოტთა ალინასი“, 1 მანდატით „მრეწველი“ სიმონ ნოზაძე და 1დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცესკოს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებში მოპოვებული 8 მანდატითა და მაჟორიტარული სისტემით მოპოვებული 6 მანდატით 21 წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება“ 14 დეპუტატს შეიყვანს.
მომავალ პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის სტატუს ისევ ინარჩუნებს „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, პარლამენტში 27 მანდატით შესულ ნაცმოძრაობას საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება შეუძლია, მაგრამ ერთზე მეტ ფრაქციას ვერ შექმნის. ამ თვალსაზრისით როგორი იქნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ეს ჯერჯერობით უცნობია.
for.ge-სთან საუბრისას სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს მონოლითურ ორგანიზაციას, რაც უფრო მრავალრიცხოვანია ფრაქცია პარლამენტში, მით უფრო ექვემდებარება შემდგომში გარკვეულ დეფრაგმენტაციას. გორგილაძე აცხადებს, რომ დაშლის პროცესი ემუქრება როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება საინტერესო კონფიგურაციები შემოგვთავაზონ. სულაც არ ვამბობ იმას, რომ მაინცდამაინც უნდა მოხდეს ასეთი დაშლა, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვიხილოთ მართლაც მრავალფეროვანი განსხვავებული პოლიტიკური ინტერესების მქონე ძლიერი ჯგუფები.
სწორედ, ამ ძლერი ჯგუფების ხილვით შეიძლება დავინახოთ კონტურები უკვე მომავალი მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის. პარლამენტში შიეძლება წარმოჩნდეს ჯგუფები, რომელებიც შეიძლება პარლამენტს გარეთ დაუკავშირდნენ სხვადასხვა ჯგუფებს. ვფიქრობ, რომ საქართველო როგორც მრავალპარტიული, შეიძლება, შედგეს, მაგრამ მაქსიმუმ რასაც დაიტევს ჩვენი პოლიტიკური ბაზარი, ეს არის სამი-ოთხი პოლიტიკური ორგანიზაცია“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
პარლამენტში 27 მანდატით შესული „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას პროგნოზირებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აშკარად დაშლის პირას უფრო არის, ვიდრე კონსოლიდაციის. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში შესაძლოა უფრო თაობათა დაპირისპირების მაგვარი რამ მივიღოთ, მაგრამ ეს არ იქნება დაშლა.
„გაცილებით მძიმე იყო კოალიციური ერთიანობა, მაგრამ მაინც მოახერხეს მთლიანობა, რომელიც მხოლოდ რეპლიკებში ირღვეოდა. პარლამენტში შეიძლება შიქმნას ფრაქციები, რაც „ქართულ ოცნებას“ აწყობს კიდეც. იმიტომ, რომ ფრაქციები იძლევიან მოვლენების შეფასებას, ასეთი რაც მეტი ეყოლება „ქართულ ოცნებას“ მით უფრო ხელსაყრელია, ისევე როგორც ნაციონალები ეცდებიან შექმნან ფრაქცია. ფრაქციის შექმნა შეიძლება არ მიუთითებდეს დაშლაზე, პირიქით, მიუთითებდეს იმ სტრატეგიაზე, რომ ტრიბუნაზე ბევრი მომხრე გაიყვანონ.
ამ გადასახედიდან, საყურადღებო იქნება როგორ გადანაწილდება საპარლამენტო თანამდებობები. ამ პროცესმა შეიძლება გააჩინოს ბზარი. ასევე, როგორ გადანაწილდება აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობები, აქაც შეიძლება წარმოიშვას უკმაყოფილება. ალბათ, ამ ორი პროცესის შემდეგ უფრო მეტად შეიძლება დავინახოთ განვითარების ის ხაზი და მიმართულება, რაც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ გაუჩნდეს ამ უმრავლესობაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ყველაზე სწორი იქნება „ქართული ოცნება“ დაიშალოს. მისი თქმით, გუნდში არიან ახალი სახეების ლიბერალური ნაწილი, რომლებიც შეიძლება ცალკე ფრაქციის სახით გამოვიდნენ და ოპონირება გაუწიონ მმართველ გუნდს.
„საერთო ჯამში „ქართული ოცნებისათვის“ და საუკეთესო შემთხვევაში ამ ადამიანებისთვის, ვინც „ქართული ოცნების“ სიით გავიდნენ, კარგი იქნება დაიწყონ ოპოზიციის სივრცის შევსება და მეტ-ნაკლებად ნორმალური ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას. თუმცა, პირველ ეტაპზე არ მიმაჩია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. იმიტომ, რომ ზედმეტად უცხო სახეები არიან, ერთი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებიათ, ერთ დებატში არ დამჯდარან და ბუნებრივია ცალკე ბევრად გაუჭირდებათ.
მას შემდეგ, რაც მეტ-ნაკლებად იმიჯის ფონს დააგროვებენ, ცალკე გამოვიდნენ და უკვე ოპოზიციის მისიით იმუშაონ 2020 წლის პარლამენტში შესასვლელად. თუ ეს იქნება ბუნებრივი პროცესი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ თუ ეს იქნება მართული პროცესი, ასეთ შემთხვევაში, საერთო ჯამში „ქართულ ოცნებაში“ მყოფი პირების გავლენის სივრცეს გააგრძელებს და სხვა ადამიანებს გავლენის მოხდენის შესაძლებლობას არ მისცემს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამ ეტაპზე სქეპტიკურად უყურებს პროცესს, რომ რაიმე ჯგუფმა საკუთარი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს. მისი თქმით, ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ მთლიანად ერთ ადამიანზეა აწყობილი, შესაბამისად, საკუთარი პოლიტიკური თამაშის წამომწყები ლიდერები, „ქართულ ოცნებაში“ უბრალოდ არ არიან.
„რაც შეეხება სამ პოლიტიკურ ძალას, ესეც ძალაინ პირობითია. პარლამენტში პოლუსად არ განვიხილავ „პატრიოტთა ალიანსს“. ეს უფრო ეგზოტიკური ელემენტი იქნება პარლამენტის და ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი არ შეცვლილა ამ არჩევნებით, დარჩა იგივე უმრავლესობა და იგივე უმცირესობა. ერთდერთი რაც შეიცვალა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ ეს სისტემურად არაფერს არ ცვლის. ასე რომ, მე ამ კონფიგურაციის შეცვლას არ ველოდები, უბრალოდ ამის რესურსს ვერ ვხედავ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.