რა კავშირშია პეტრე ცისკარიშვილი გაზთან?

რა კავშირშია პეტრე ცისკარიშვილი გაზთან?

"ქრისტიან-დემოკრატები" ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნას ითხოვენ. ამის არგუმენტად კი ის სახელდება, რომ ფასების გაანგარიშებისას ოპოზიციის მიერ პროცესის უშუალო მეთვალყურეობის განხორციელება აუცილებელია. ვეფხვაძე კი იმასაც აცხადებს, რომ მათი წარმომადგენლის ამ კომისიაში ყოფნა, პირველ ეტაპზე, გაზზე ფასის დაწევას გამოიწვევს. თუმცა, ხელისუფლებისთვის მათი ეს წინადადება კატეგორიულად მიუღებელია.

წყლის და ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნის აუცილებლობას "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე რეგიონებში გაზის საფასურის კატასტროფული მომატებით ხსნის.

"ფაქტია, რომ რეგიონებში საშინელება ხდება. დაიწყო ფასების დერეგულაციის საკითხი. მაგალითად, კახეთში მოსახლეობისთვის კოლოსალურად მოიმატა გაზის საფასურმა. ზოგიერთ რაიონში კუბური მეტრის საფასურმა 60 თეთრს გადააჭარბა. ბიზნესსტრუქტურებისთვის 90 თეთრამდეც კი ავიდა.

"ტარიფში არის გარკვეული რესურსი, ასეთი ფასს რომ არ იხდიდეს მოსახლეობა. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებასთან მარტივი შეთავაზება გვაქვს. ეს გულისხმობს იმას, რომ, თუკი მათ უნდათ დარწმუნდნენ, რომ ტარიფები არის გაბერილი და შეიძლება შემცირება, მარეგულირებელ კომისიაში დანიშნონ ჩვენი წარმომადგენელი", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

აღსანიშნავია, რომ მარგულირებელი კომისიის წევრებს ამტკიცებს პარლამენტი პრეზიდენტის წადგინებით. დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით კი, ამ კომისიაში ერთი ადგილი უკვე კარგად ხანია, ვაკანტურია. თუმცა, ამ ადგილზე ჯერჯერობით არც პრეზიდენტი ნიშნავს ვინმეს და არც ოპოზიციის შეთავაზებას თანხმდებიან.

"წყლისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიაში, რომელიც თბილისიდან სასწრაფოდ ქუთაისში გადაისროლეს, არის ერთი ვაკანსია და ჩვენ მზად ვართ, ეს ტვირთი ავიღოთ და აქ დანიშნონ ჩვენ მიერ წარდგენილი კომპეტენტური ადამიანი, რომელიც უკვე ადგილზე, ტარიფის დათვლით მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ტარიფის დაწევა რეალურზე რეალურია. ანუ, იმის დემონსტრირებას და რაც მთავარია იმის ლობირებას, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ", - აცხადებს ვეფხვაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ, მისი თქმით, მის პოლიტიკურ ძალას ამ თემაზე საუბარი ჰქონდა ხელისუფლების პირველ პირებთან, მაგრამ მათგან დუმილის მეტი ვერაფერი მიიღებს.

ამ შემთხვევაში კი დუმილი თანხმობის ნიშანი რომ არ არის, შედეგიდან ჩანს. ხელისუფლებას მარეგულირებელ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნა რომ სურდეს, აქამდე ეს საკითხი საკმაოდ კარგად გაპიარდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არც უმრავლესობას სურს და არც მთავრობას. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში კი მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა იყოს და თავად ვერანაირ განცხადებას და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ცხადია, ისიც საეჭვოა, თუ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არავინ არ ინიშნება. ეს კიდევ სხვა თემაა, რადგან, როგორც წესი, ასეთ ჩუმ და მაღალხელფასიან თანამდებობებზე, როგორც წესი, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ინიშნებიან.

ამ შემთხვევაში კი მთავარი ტარიფების დაწევის საკითხია. ლევან ვეფხვაძე ამას ქვეყანაში დასაქმების პრობლემის გადაჭრასაც კი უკავშირებს.

"ზღაპარია იმაზე საუბარი, რომ აქ ინვესტიცია იდება და ამით დასაქმების პრობლემა მოგვარდება. აქ არანაირი მილიარდიანი ინვესტიციები არ იდება და ერთ-ერთი ამის დასტური არის ე.წ. ვერა ქობალიას თემა, როდესაც სააკაშვილმა გობეჯიშვილი იმის გამო გალანძღა, რომ 9 მილიარდიანი ინვესტიცია გააბრუნაო და, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ თუ პირმა 900 ათასის საბანკო გარანტია ვერ მოიტანა. თურმე ეკონომიკის რომელიღაც მინისტრის ბრალი ყოფილა, ეს ე.წ. ინვესტორი აფერისტი რომ აღმოჩნდა, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა და ის კიდევ სხვა, პრეზიდენტი ადამიანებს როგორ უნდა ეპყრობოდეს და პიროვნული შეურაცხყოფა რომ არ შეიძლება.

ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ ინვესტიციები ამ ქვეყანაში არის ზღაპარი და ერთადერთი, რაც შეიძლება ადგილობრივი წარმოებისთვის იყოს ხელისშემწყობი, ეს არის ტარიფების დაწევა. თუ საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის თვითღირებულება შემცირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქციამ შეიძლება მოთხოვნილების დიდი ნაწილი დააკმაყოფილოს და ეს უკვე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტია იქნება. ეს ძალიან მარტივია და მოსახლეობას ნუ ვატყუებთ, რაღაც ქიმერული ინვესტიციების მოზიდვით. სჯობს, ტარიფების დაწევაზე ვიზრუნოთ", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისი თქმით, გაზზე საფასურის დაწევა არის ძალიან რეალური და, თუკი ოპოზიციას მარეგულირებულ კომისიაში წარმომადგენელი ეყოლება, ამის დადასტურება ადვილი შესაძლებელი იქნება.

"საუბარია იმაზე, თუ ის კომპანია, რომელიც ყიდულობს გაზსს და შემდეგ მოსახლეობა მისგან ყიდულობს, ამ ფასად რატომ ყიდულობს. ჩვენ გვაქვს რესურსი და მინდა, დავადანაშაულო ყველა ის ჩინოვნიკი ენერგეტიკის სამინისტროდან, რომელიც ამბობს, რომ უფასო გაზზე არც შაჰდენიზის ხელშეკრულებაში არ არის საუბარი და არც სხვაგანო. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტში სიტყვა "უფასო" არ წერია. საუბარია ტრანზიტის საფასურზე, რის სანაცვლოდაც ამ გაზს გვაძლევენ და არა უფასო გაზზე. ამიტომ ნუ იტყუებიან და იმ ხელშეკრულებით, რომელიც არსებობს, ჩვენ მოვახდინოთ გამოყენება იმ გაზის, რომელიც შეიძლება ტარიფში გავითვალისწინოთ", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიშობს, რომ გაზი კიდევ უფრო გაძვირდება, თუკი ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა მოხდა.

"ჩვენ ჩრდილოეთი-სამხრეთის გაზსადენის შესაძლო პრივატიზებაზეც ამიტომ ვხმაურობდით, რომ როდესაც ეს გაიყიდება, გაზის საფასური, მინიმუმ, ათი თეთრით კიდევ მოიმატებს. იმიტომ, რომ დღეს ამ მაგისტრალიდან 200 მილიონი კუბამეტრი უფასოდ გვაქვს, ვისაც შენ ამ გაზსადენს მიჰყიდი, ამას ის მიიღებს და შემდეგ შენ ამ გაზს ძვირად მოგყიდის. ის, რაც დღეს უფასო გვაქვს, ხვალ ფასიანი იქნება. ამიტომ ამ პრობლემაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და ამაზე ძალიან აქტიური მუშაობა გავაგრძელოთ", - აცხადებს ვეფხვაძე.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამ მაგისტრალის შესაძლო გაყიდვის საკითხი გააქტიურდა, ოპოზიციის მხრიდან მთავარი აქცენტი გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვის საფრთხეზე გაკეთდა. მაგრამ, მოგვიანებით არაოფიციალურად ის მოსაზრებაც გაჩნდა, რომ ხელისუფლებაში გარკვეული პირები ამას საკუთარი ინტერესისთვის იყენებენ, რათა თავად ჩაიგდონ ხელში.

ცხადია, ამაზე დაბეჯითებით საუბარი და იმის თქმა, თუ ხელისუფლებაში კონკრეტულად ვის აინტერესებს ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება, ძნელი სათქმელია. მაგრამ, არაოფიციალურად ის ვერსიაც ვრცელდება, რომ ამით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილია დაინტერესებული და მის უკან ვანო მერაბიშივლი დგას. თუმცა, თავად ცისკარიშვილი ამ თემაზე არანაირი კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ამ გაზსადენის არც რუსეთისთვის მიყიდვა იგეგმება და ახლო მომავალში არც გაყიდვას აპირებს ვინმე.

ხელისუფლების დუმილი კი იმაზე, რომ ოპოზიციამ არ ჩაიხედოს მარგულირებელი კომისიის სამზარეულოში და დოკუმენტაცია მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის, ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს.