"კლინტონი ზიზილ-პიპილებიანი დახვედრისათვის არ ჩამოდის"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის უკრაინაში, პოლონეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში დაგეგმილ ვიზიტს მიეძღვნა, განაცხადა, რომ ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ სახელმწიფო მდივანმა განუმარტოს ამ ქვეყნებს ამერიკის პოზიცია რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების შესახებ.

პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი "რეზონანსს" ამ ვიზიტის მიზნებსა და შესაძლო შედეგებზე ესაუბრა.

- ცხადია, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ქვეყნისათვის, ზოგან მას ინსპექტირების სახე შეიძლება ჰქონდეს, ზოგან უფრო სერიოზული. ამ კონტექსტში შეიძლება გამოვყოთ პოლონეთი, სადაც ქალბატონი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებიდან სწორედ მეორე დღეს ჩადის. მანამდე რომ ჩასულიყო, ეს სხვაგვარად იქნებოდა აღქმული და რუსეთს შეეძლო ეთქვა, რომ ადგილი აქვს ზეწოლას. მაგრამ ეს არის დიპლომატიური ნაბიჯი და ამერიკა ამით აფიქსირებს, რომ ისინი პოლონელი ხალხის გვერდით არიან, ვინც გინდა გახდეს პრეზიდენტი.

თავისი მნიშვნელობით მეორე ვიზიტი არის აზერბაიჯანი, რადგან ამ ბოლო დროს ოფიციალლური ბაქო საომარ რიტორიკაზე გადავიდა და თითქოსდა მზად არის ომი დაიწყოს ყარაბაღის გამო. ამერიკისთვის ამ საკითხებში გარკვევა მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ვიზიტს სომხეთში, ალბათ საუბარი იქნება თურქეთ-სომხეთის ურთიერობებეზე და ყარაბაღზეც.

ცოტა რთული მდგომარეობაა უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან გაურკვეველია უკრაინის საგარეო პოლიტიკური კურსი, რა უნდა იანუკოვიჩს და სად დგას.

საქართველოსთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ძირითადი სასაუბრო თემა სწორედ რუსეთი იქნება.

არავინ იცის წინასწარ, რაზე იქნება საუბარი. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი ირანსაც შეეხოს და კლინტონმა ჰკითხოს სააკაშვილს, ირანთან დაკავშირებით რა თამაშს ეწევიო. რაც შეეხება რუსეთის თემას, რა თქმა უნდა, ეს თემა წამყვანი იქნება, მაგრამ ალბათ შედარებით კატეგორიული, რომ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების დალაგება მნიშვნელოვანია. ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ სააკაშვილმა უშიშროების საბჭო სასწრაფოდ მოიწვია და იქ ასეთი რამ განაცხადა, რომ რუსეთთან მზად არის სასაუბროდ. ალბათ კლინტონს ეტყვის, მე მზად ვარ სასაუბროდ, კარგი ბიჭი ვარ, მაგრამ ისინი არიან ცუდები და დილოგზე არ მოდიანო.

ასევე საუბარი იქნება რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, სააკაშვილი ხან ამბობს ვეტოს დავადებო, ხან გადათქვამს. შეიძლება ამ საკითხზე დისკუსიაც არ გაიმართოს, ისე უთხრან, ზედმეტი ლაპარაკი ამ თემაზე არ ღირსო.

საყურადღებოა ისიც, რომ კლინტონი აპირებს ოპოზიციასთან შეხვედრას. არსად რომელ ქვეყანაშიც ჩადის, არ ხვდება ოპოზიციას, ეს საყურადღებოა, მაგრამ საკითხავია, როგორ წარმოადგენს თავს ოპოზიცია. ადრე ამბობდნენ, რომ პუტინს კასტინგი აქვს ქართულ ოპოზიციასთან, ახლა კლინტონს ექნება კასტინგი ქართულ ოპოზიციასთან.

რას უნდა ველოდეთ ამ ვიზიტიდან?

ფაქტია, რომ კლინტონი არანაირი ზიზილ-პიპილებიანი დახვედრისათვის სპარსულ უბანში არ ჩამოდის, ეს საქმიანი ვიზიტია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოგახსენეთ, მნიშვნელოვანი ტურნეა, რაღაც გრანდიოზული ოცნებებით არ უნდა ვიყოთ და არც მისი წასვლიდან მეორე დღეს არ მოხდება რეჟიმის ცვლა საქართველოში. ეს არასერიოზული ოცნებებია, თუმცა ოცნების უფლება გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი კლინტონი საკმაოდ ინფორმირებული წავა საქართველოდან, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.