ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი პროგნოზს თანდათან შორდება

ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი პროგნოზს თანდათან შორდება

ეკონომიკური ზრდის ტემპი, მატების ნაცვლად, ჯერჯერობით იკლებს. რა შეიცვლება დარჩენილ 2 თვეში ძნელი სათქმელია. მთავრობა საპროგნოზო ნიშნულს, მიახლოების მაგიერ, შორდება.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მთლიანად III კვარტალის შედეგი - 2,2 პროცენტია. 2016 წლის ცხრა თვეში ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 2,6 პროცენტს არ აღემატება, არადა მთავრობა მინიმუმ 3%-ს ელოდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ უფრო მეტს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ „საქსტატმა“ ეკონომიკის ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც კვარტალურად ზუსტდება. ყოველთვიური მონაცემები საკმაოდ მერყევია.

„წინა თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენ დაახლოებით 2.9% გვქონდა, რაც ბუნებრივია, მაღალი არაა, მაგრამ რეგიონში არსებული მაჩვენებლების ფონზე საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. ძალიან რთული იქნება ერთი თვის მონაცემებით რაიმე ტენდენციების შეფასება, თუმცა ჩვენ ამას ვაკვირდებით. ეს სიგნალი იყო, რომ უკეთესი ანალიზი გავაკეთოთ და შევაფასოთ თუ რა ტენდენციებია ქვეყანაში.

არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში ერთი თვის ჩავარდნა იყოს და ის ტემპები, რომელიც დაგეგმილია, ეკონომიკის ზრდის 3%-ს ვგულისხმობ, შემდეგ თვეში აღდგეს. გამორიცხული არ არის, რომ ეს 1.5%-იანი მაჩვენებელი დროებითი, ერთვთიანი მაჩვენებელი იყოს.

ძირითადად ჩვენი მოლოდინი მომავალ წელზეა გათვლილი და ბიზნესის ნდობის ფაქტორების ზრდას, დოლარიზაციის შემცირებასა და საინვესტიციო პროექტების დაჩქარებას ველოდებით. ამ ყველაფერმა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს სხვადასხვა სტრუქტურული რეფორმების შედეგად“, - აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

რეფორმებზე საუბრობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძეც. მისი თქმით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

„ჩვენი ის პროგრამული დანაპირები რაც განვაცხადეთ, უნდა შევასრულოთ და ქვეყნის სწრაფი განვითარება, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანაში მისთვის სასიკეთო რეფორმები ხორციელდება. ჩვენ თანმიმდევრულად განვახორციელებთ ამ რეფორმებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე შეიძლებელია მშპ-ს ზრდის ტემპი ცოტათი დაჩქარდეს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს შეცვლის.

„წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მცირე ცვლილების იმედი ნამდვილად მაქვს. საერთოდ, 3%-იან მაჩვენებელზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, ეს არასაკმარისია. მინიმუმ 4-5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება“, - აცხადებს სილაგაძე.

წლევანდელი ბიუჯეტით წელს 3%-იანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი. შარშან ეს მაჩვენებელი 2.8% იყო, 2017 წელს კი მთავრობა 4%-იანი მაჩვენებლის მიღწევას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული, საშუალოდ, 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან მისი ტემპი შენელდა და 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა 4,6%-ს ვერ გასცდა. 2015 წელს კი, მშპ მხოლოდ 2.8%-ით გაიზარდა.