„რესპუბლიკური პარტიიდან“ წასვლას ხმალაძე, ებანოძე და ნერგაძეც გეგმავენ

„რესპუბლიკური პარტიიდან“ წასვლას ხმალაძე, ებანოძე და ნერგაძეც გეგმავენ

„რესპუბლიკური პარტიიდან“ კადრების გადინება გრძელდება - დავით უსუფაშვილის შემდეგ, პარტია შესაძლოა, კიდევ სამმა წევრმა დატოვოს. for.ge-ს ინფორმაციით, პარტიიდან შესაძლოა მოქმედი დეპუტატები - ვახტანგ ხმალაძე, ნოდარ ებანოიძე და თემურ ნერგაძე წავიდნენ.

წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, თუმცა, ისინი „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის სხდომის ჩანიშვნასა და პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ელოდებიან.

თუ რამდენად მოსალოდნელია „რესპუბლიკური პარტიიდან“ ზემოთ აღნიშნული პირების წასვლა, ამ საკითხის დაზუსტებას for.ge მათთან შეეცადა.

for.ge-ს ინფორმაციას დეპუტატი თემურ ნერგაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს.

მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია ბევრ რამეზე. განსაკუთრებით, ეროვნული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მისი ვარაუდით, ერთ კვირაში გაიმართება.

პარტიასთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიებზე ნერგაძე საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა, ამბობს, რომ ის უკმაყოფილებას პარტიულ ორგანიზაციულ საკითხებზე გამოთქვამს.

„25 წელია, რაც ამ პარტიაში ვარ, მაგრამ პარტიაში ბევრი რამე არ მომწონს“, - დასძენს ნერგაძე.

თანაპარტიელის მსგავსად, აზრთა სხვადასხვაობაზე საჯაროდ არ საუბრობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ ებანოიძე, თუმცა, ის for.ge-ს ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ებანოიძის განცხადებით, ეს ჩვეულებრივი პროცესი არ არის და მისთვის პარტიიდან წასვლის, ან დარჩენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის.

„რას და როგორ ვაპირებ, ამასთან დაკავშირებით, პარტიას უნდა დაველაპარაკო. საუბარი არ შემდგარა და ამას უახლოეს დღეებში ვგეგმავ. პარტიის შიგნით უნდა დავილაპარაკო. ჩემთვის ყველაზე რთულია გადაწყვეტილების მიღება, რადგან სად უნდა ვიყო, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივია. ეროვნულ კომიტეტთან საუბარს ვაპირებ და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ. ასევე შეხვედრას თავმჯდომარესთან ვგეგმავ“, - აღნიშნავს ებანოიძე.

კანონმდებელის ცნობით, მას „რესპუბლიკურ პარტიასთან“ 27 წლიანი ურთიერთობის ისტორია აქვს. შესაბამისად, მისთვის რაიმე გადაწყვეტილების მიღება უმძიმესია.

„პარტიასთან დიდი ხანია დაკავშირებული ვარ, ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყველასთვის რთულია. არჩევანის წინაშე მე და სხვებიც დავდექით“, - განუცხადა for.ge-ს ებანოიძემ.

თანაგუნდელების მსგავსად, პარტიიდან წასვლას გეგმავს თუ არა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, მცდელობის მიუხედავად, for.ge-მ ამ საკითხის მასთან დაზუსტება ვერ შეძლო, რადგან მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„რესპუბლიკური პარტიის“ მოქმედი წევრების პოლიტიკურ გეგმებსა და გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას პარტიის წევრები ამ დრომდე არ ფლობენ.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, ის ხმალაძესთან, ებანოიძესთან და ნერგაძესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

„არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, ყველაფერი შენ გცოდნია. მე არაფერი არ ვიცი. ამ ხალხის განცხადება არ გვაქვს. ეროვნული კომიტეტის სხდომა ჩანიშნული არ არის, მაგრამ უახლოეს ხანებში უნდა იყოს“, - დასძინა ბერძენიშვილმა.

გასულ კვირას, „რესპუბლიკური პარტია“ დავით უსუფაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს. დავით უსუფაშვილმა პარტიიდან წასვლის მიზეზად აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა და აქტიური ოპოზიციონერობა დაანონსა.