მთავრობის მიერ აღებულმა 211-მილიონიანმა საშინაო ვალმა ექსპერტთა ნაწილი დააფიქრა. თუ მთელი წლის განმავლობაში 200 მილიონი საშინაო ვალი უნდა ჰქონოდა მთავრობას, ცხრა თვის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი უკვე 211 მილიონს შეადგენს. ამას ემატება საგარეო ვალიც და, მთლიანობაში, მდგომარეობა არასახარბიელოა.
აღნიშნულის შესახებ For.ge-ს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ესაუბრა.
2016 წლის ბიუჯეტის შესრულების მხრივ მთავრობას პრობლემები აქვს, ვინაიდან საგარეო სესხებისა და გრანტების კუთხით ჯერჯერობით გეგმა არ სრულდება. ამიტომაც მთავრობამ 211-მილიონიანი საშინაო ვალი აიღო. როგორ ფიქრობთ, ამ 211 მილიონიდან ზედმეტად აღებული 11 მილიონი ვალი უკანონო იყო?
- 2016 წელს დაგეგმილი იყო, რომ მთავრობა აიღებდა 200 მილიონი ლარის ოდენობით საშინაო ვალს, მაგრამ 9 თვის მონაცემებით, უკვე აღებული აქვს 211 მილიონი, ანუ 11 მილიონით მეტი. შესაძლოა, ამ ბოლო კვარტალშიც კიდევ უფრო მეტი საშინაო ვალი აიღეს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ რაც 2016 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი იყო საგარეო ვალის აღებისა და გრანტების კუთხით, ის ვერ შესრულდა და დანაკლისი გვაქვს, როგორც გრანტებში, ისე საგარეო ვალის აღების კუთხით. შესაბამისად, ეს დანაკლისი როგორღაც რომ დაებალანსებინა მთავრობას, დაგეგმილზე უფრო მეტი შიდა ვალი აიღო.
თქვენი აზრით, შიდა ვალის აღებას ისევ საგარეო ვალის აღება სჯობდა?
- საგარეო ვალის აღება სჯობდა, რადგან, როგორც წესი, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან აღებული საგარეო ვალი უფრო დაბალპროცენტიანია, გრანტები ხომ საერთოდ უფასოა და ისე გვჩუქნიან მიზნობრიობის კუთხით დასახარჯად. გარდა ამისა, უცხოური ვალუტა შემოდის ქვეყანაში, რაც დადებითად მოქმედებს ლარის კურსის სტაბილურობაზე და გაუფასურების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. რაც შეეხება შიდა ვალს, ეს არის ძვირადღირებული ვალი, 10-11-12%-იანი. ხელისუფლება კომერციული ბანკებიდან იღებს ამ ვალს. ირიბად რომ ვთქვათ, ეროვნული ბანკიდან ხდება ფულის გადაქაჩვა ბიუჯეტში, ანუ ჯერ ეროვნული ბანკი აძლევს ამ კრედიტებს კომერციულ ბანკებს, კომერციული ბანკები კი ყიდულობენ სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს.
ანუ სახელმწიფოც ისეთივე დიდ სარგებელს აძლევს კომერციულ ბანკებს, როგორც ამ ბანკებისგან დაზარალებული
მოსახლეობა?
- დიახ, ეს არაგონივრული და ძალიან ცუდი ნაბიჯია. ამით დამატებით სარგებელს ვაძლევთ კომერციულ ბანკებს. როცა კომერციული ბანკი ხედავს, რომ გარანტირებულად შეუძლია მიიღოს 10-11%-იანი მოგება წლიურად ლარში, ცხადია, ის დაიწყებს სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვას და აღარ გასცემს კრედიტებს სოფლის მეურნეობაზე თუ მშენებლობაზე, აღარ დაიწყებს იმაზე წვალებას, შეაფასოს რისკები. მისთვის უკეთესია, გარანტირებულად იყიდოს სახელმწიფო ობლიგაციები და მიიღოს ეს თანხა. ეს კარგი არ არის საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ეკონომიკიდან ვიღებთ იმ ფულს, რომლითაც ცალკეული დარგები უნდა დაკრედიტირებულიყო. ამასთან ერთად, ეს არის ძალზე ძვირადღირებული ვალი, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული სესხი 2 და 3 %-იანია.
საგარეო ვალს თუ შევეხებით, მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალის ვადა ზოგიერთ შემთხვევაში ხანგრძლივპერიოდიანია, 20-25 წლამდეც მერყეობს და საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 1-2 %-ია, მაგრამ ქართული კომპანიები მაინც სარისკო კომპანიებად ითვლებიან და ქართველებისთვის სულ სხვა სტანდარტი მოქმედებს. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც ჩვენი კომპანიებისთვის 5-დან 10%-ის ფარგლებშია. იქნებ, მთავრობასაც არ ჰქონდა უკეთესი არჩევანი?
- ზუსტად ასეა, საგარეო ვალი გრძელვადიანია და ზოგიერთ ვალს საშეღავათო პერიოდიც აქვს, ანუ 10-20 წელი საერთოდ არ იხდი პროცენტს. თუმცა საგარეო ვალს აქვს კონკრეტული მიზნობრიობა, ანუ შენ თუ ეტყვი მსოფლიო ბანკს, რომ მე მინდა ავტობანის მშენებლობა, ის მოგცემს ზუსტად ამ ავტობანის ასაშენებელ სესხს. შესაბამისად, ამ სესხს სხვა დანიშნულებით ვერ გამოიყენებ, ანუ პენსიებს ვერ დაარიგებ, ხელფასებს ვერ გასცემ. ამისგან განსხვავებით, შიდა ვალს რომ იღებენ ბანკებისგან, რაშიც უნდათ, იმაზე დახარჯავენ. შიდა ვალს არ აქვს მიზნობრიობა და რაიმე შეზღუდვა.
მათ შორის, შიდა ვალი გამოიყენება გაზრდილი პრემიებისა და სხვადასხვა მიზნებისთვისაც?
- ნებისმიერი მიზნებისთვის, როგორც თვითონ გადაწყვეტენ, ისე დახარჯავენ. შიდა ვალის მექანიზმი არის იმისთვის, რომ თუ მოკლევადიანი პრობლემა შეექმნათ ბიუჯეტში, უცებ აღმოფხვრან. ამიტომაც არის ის ძვირადღირებული.
რატომ არ არის ჩადებული კანონმდებლობაში რაიმე ბერკეტი, რომ საშინაო ვალისადმი წვდომა ასე ადვილი არ იყოს?
- საკანონმდებლო შეზღუდვა აქ არ არსებობს. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ ჩვენი ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ არ აიღოს ასეთი ვალები. როდესაც საუბრობენ, რომ საგარეო ვალების აღება შეამცირეს, რაღა აზრი აქვს, თუ საშინაო ვალები ძალიან გაზარდეს?! თუ იმაზე იყო საუბარი, რომ უცხოურ ვალებს აღარ ვიღებთ და ჩვენს შვილიშვილებს არ დარჩებათ საგარეო ვალი გადასახდელი, რა აზრი აქვს, შიდა ვალები ხომ დარჩებათ? თანაც, ბევრად უფრო ძვირადღირებული და ბევრად არაეფექტური ჩვენი ეკონომიკისთვის. საამისოდ საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს და მეც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს შეზღუდული, რადგან შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს და მიმდინარე პრობლემების დასაფინანსებლად მართლაც დაგვჭირდეს მცირე ვალის აღება შიდა ბაზარზე. ეს ნორმალურია, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს დიდი მასშტაბი. პირველ რიგში, ეს ფინანსთა სამინისტრომ უნდა გააკონტროლოს და ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ფინანსთა სამინისტრო უნდა ვაკონტროლოთ და ვაკრიტიკოთ, რომ ბევრი შიდა ვალი არ აიღონ და ნამეტანი არ მოუვიდეთ.
ცხადია, გადამეტებული რაოდენობით საშინაო ვალის აღება ლარის კურსზეც უარყოფითად აისახება. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ საქართველოს საგარეო ვალმა კრიტიკულ ნიშნულს უკვე მიაღწია, ზოგი კი ვარაუდობს, რომ 2017 წლისთვის მიაღწევს ისტორიულ კრიტიკულ ნიშნულს. თქვენ როგორ თვლით?
- მართალია, ისტორიულ ნიშნულს მიაღწია საგარეო ვალმა, მაგრამ, ჩემი აზრით, კრიტიკული ნიშნულისთვის არ მიუღწევია. თუ საერთაშორისო სტანდარტებით შევხედავთ, საგარეო ვალი ითვლება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით და ამ წუთისთვის ჩვენ ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. ბევრ განვითარებულ ქვეყანას -ამერიკას, იაპონიას, გერმანიას, იტალიას ჩვენთან შედარებით ბევრად მეტი საგარეო ვალი აქვს აღებული. საგარეო ვალის აღება არ არის პრობლემა. მე მივესალმები, თუ საგარეო ვალს უფრო მეტად აიღებენ, ოღონდ საშინაო ვალი არ აიღონ. როდესაც ვიღებთ საგარეო ვალს, ეს ნიშნავს, რომ უცხოური ვალუტა შემოდის საქართველოში. ჩვენთან ლარი იმიტომ უფასურდება, რომ უცხოური ვალუტის ნაკლებობაა. თუ მეტი უცხოური ვალუტა შემოვა, ეს სტაბილურს გახდიდა ლარის კურსს.
ანუ მკვეთრი შეფასებები, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკა ვალების გადახდას ემსახურება, უფრო ხმამაღალი ნათქვამია?
- ეს ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ჩვენი საგარეო ვალის ნიშნული არ არის კრიტიკულ ზღვარზე.
რამდენად არგუმენტირებულია „ნაციონალთა“ ბრალდება, რომ 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა საქართველოს საგარეო და საშინაო ვალის მოცულობამ მაშინ, როცა საგარეო ვალების 90% დაგროვილია სწორედ ნაცმოძრაობის პერიოდში? ნაციონალებმა რამდენიმე ასეულ მილიონიანი ვალი აჰკიდეს საქართველოს, რომელიც დღეს პროცენტების გამო რამდენიმე მილიარდს გაუტოლდა.
- მართლაც ვერ ვიტყვით, რომ ამ ხელისუფლებამ დიდი რაოდენობით საგარეო ვალები აიღო. საგარეო ვალის დიდი ნაწილი აღებულია წინა ხელისუფლების დროს. ჩემი აზრით, ყველაზე პრობლემური იყო 2008 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები, რომელიც ძალიან ძვირ პროცენტში ავიღეთ. ცხადია, 2013 წელს ამას ერთბაშად ვერ გადავიხდიდით, ისევ გადაფარვა მოხდა და 2023-ში მოგვიწევს ამის გადახდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრად ნაკლები საგარეო სესხი აიღეს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ პერიოდში, მაგრამ სესხის აღებაში მე პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარია, სწორი მიმართულებით დავხარჯოთ ეს სესხი. თუ აღებულ საგარეო ვალს ეკონომიკაში ჩავდებთ და ეს შემდგომში შედეგს მოგვიტანს, მაშინ ამით თავისუფლად შეგვიძლია სესხის გადახდა. ამიტომ სესხები უნდა ჩავდოთ ისეთ სფეროებში, რომელიც არანაირ უკუგებას არ მოგვცემს.
ხომ არ ჩაგიტარებიათ კვლევა, დღემდე რაში იხარჯება საშინაო ვალი?
- ამას ვერ გავიგებთ, რადგან ამ თანხების აკუმულირება ხდება ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ აქედან იხარჯება. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც აქედან აღებული ფულით გაიცა ხელფასები. რაც შეეხება საგარეო ვალს, მაგალითად, თუ საგარეო ვალით დავაფინანსებთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს კარგი იქნება, რადგან ეს ინფრასტრუქტურა შემდგომში გამოადგება ჩვენს ქვეყანას. როცა ვსაუბრობთ ევროობლიგაციაზე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს გამოუშვეს, დღესაც არ ვიცით, ის 500 მილიონი რაში დაიხარჯა. თანაც, 500 მილიონი ავიღეთ მაშინ, როცა ბიუჯეტში დეფიციტი არ გვქონდა, ანუ სესხის აღების საჭიროება არ ყოფილა. არის სხვადასხვა ვერსია, რომ მაშინდელმა მთავრობამ წინასწარ იცოდა, რომ აგვისტოში ომი ელოდა და ამის გამო აიღი სესხი. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას, მაგრამ დაზუსტებულად პასუხი არ არსებობს, რაში დაიხარჯა ის 500 მილიონი ევრო.