"ჩვენი ინიციატივაა, თბილისში დაიდგას სააკაშვილის ხელისუფლების მსხვერპლთა მემორიალი", - გვითხრა ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია "გამარჯვებისთვის" ლიდერმა, შალვა ხაჭაპურიძემ. მისივე თქმით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედ უზურპატორს დაუდგამენ მისი რეჟიმის მსხვერპლთა ძეგლს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ძეგლის დადგმის წინააღმდეგი იქნება, ამოქმედდება ევროკონვენციის მეათე მუხლი გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. სად დაიდგმება მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლთა მემორიალი; რატომ ითხოვს ხაჭაპურიძე მმართველი პარტიის გაუქმებას; რისთვის დაიწყო ბრძოლა ვანო მერაბიშვილმა და ვის ეკუთვნის დღეს ტელეკომპანია "იმედი"? - გვესაუბრება შალვა ხაჭაპურიძე.
რა შეფასებას აძლევთ 13 მარტს "იმედის" ეთერში გასულ "იმიტირებულ ქრონიკას"? როგორი იყო თქვენი რეაქცია?
- თავიდანვე მივხვდი, რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო. სასწრაფოდ გადავწყვიტეთ "იმედში" წასვლა. რაც იქ ვნახეთ, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია. ეს იყო ფსიქოლოგიური ომი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ ხალხს გამოუცხადა. მაგრამ, დამერწმუნეთ, რომ ეს ომი მალე დამთავრდება და ამ ომის მსხვერპლი თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი გახდება. რაც ამ ხელისუფლებამ ამდენი წლის განმავლობაში აკეთა, ეს იყო ბუნების კანონების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. საერთოდ, რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ანუ იმიტაცია იმისა, რომ მიშა სააკაშვილი მოკლეს, არ იყო შემთხვევითი.
თუმცა, მანამდე რუსულ მედიაში იყო ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით..
- შენ იმიტომ ხარ პოლიტიკოსი, რომ განსაზღვრო, ამას პოლიტიკური მექანიზმებით როგორ გასცე პასუხი და არა - საკუთარი ხალხის ხარჯზე. "ქრონიკას" უყურებენ დედები და ბავშვები. კაცი არ გამოსულა და არ უთქვამს რამე, ბოდიშიც არ მოუხდია. თბილისში მეტ-ნაკლებად კომუნიკაცია იყო, მაგრამ რაიონებში ხალხს 3 დღის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა. ასეთი რამ ჯერ მსოფლიოში არ მომხდარა. ჩემი აზრით, საერთოდ სერიოზული ეჭვი უნდა გაჩნდეს მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. პირადად მე ამ დღეებში მივდივარ ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ვითხოვ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას სააკაშვილის ფსიქიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
რატომ ითხოვთ ამას?
- რაც მან 2007 წლის 7 ნოემბერს, 2008 წლის აგვისტოში და ბოლოს 13 მარტოს გააკეთა, ამის საჭიროებას ქმნის. ამას არ აკეთებს ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანი. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ეს ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულია. აქედან გამომდინარე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, კონსტიტუციურად ამის უფლება მაქვს და ვითხოვ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლას.
მართლა გჯერათ, რომ საქართველოში რომელიმე ფსიქიატრი გაბედავს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას შეამოწმებს?
- გეთანხმებით, რომ ამის გაკეთება იქნება ძნელი. სახელმწიფო ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში ზის ერთი ქალბატონი, რომელიც ისეთ გიჟზე, რომელიც კედელზე დადის, წერს, ჯანმრთელიაო და ახლა სააკაშვილზე რომ არ დაწერს ამას, ეს გასაგებია. მაგრამ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას დაგვასწრონ რამდენიმე ადვოკატი და პლუს ჩვენ მიერ მოწვეული რამდენიმე საერთაშორისო ფსიქიატრიული ექსპერტი. კანონმდებლობით სააკაშვილს შეუძლია, ამაზე უარი თქვას. თუ მან მართლა უარი თქვა, მაშინ ეს ექსპერტიზა ვერ ჩატარდება.
ამაზე სააკაშვილი ხუმრობს. დავუშვათ, დაიდო დასკვნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, ასეთ შემთხვევაში რა მოხდება?
- მოქმედი კონსტიტუციის თანახმად ხდება მისი იმპიჩმენტი და გადაყენება. ამასთან, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვაქვს დასაბუთებული სარჩელი, რომ უნდა აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა". ერთადერთი პარტია, რომელიც მსოფლიოში აკრძალულია, ფაშისტური პარტიაა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო უარს გვეტყვის, მაშინ ეს საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში.
რა მიზეზით ითხოვთ მმართველი პარტიის გაუქმებას?
- პარტიების შესახებ კანონში არსებობს მუხლი, სადაც ცალსახად წერია, რომ პარტია, რომელიც ძალადობისა და ომის პროპაგანდას ეწევა, უნდა აიკრძალოს. გაიხსენეთ ტალიავინის კომისიის დასკვნა, "ნაცმოძრაობის" ლიდერების სატელევიზიო გამოსვლები, სააკაშვილის გამოსვლა დაახლოებით ერთი თვის წინათ, როდესაც ჯარისკაცები დააყენა და თქვა, უნდა შეიარაღდეს მთელი ქართველი ერი, მათ შორის ქალები, უნდა გადავცეთ ავტომატები და ომისთვის უნდა მოვემზადოთო. გაიხსენეთ იგივე ნულოვანი ტოლერანტობის იდეა, რამაც გამოიწვია უდანაშაულო ადამიანების ქუჩაში ჩაცხრილვა. სწორედ ესაა ჩვენი არგუმენტები, რომ ეს პარტია ეწევა ძალადობის პროპაგანდას.
ნულოვან ტოლერანტობაზე სააკაშვილმა განმარტა, რომ უკან არ მიაქვს მას თავისი სიტყვები...
- ნულოვანი ტოლერანტობა სისხლის სამართალში აკრძალული ტერმინია. მთელი მსოფლიოს სისხლის სამართლის პოლიტიკა მიდის ლიბერალიზაციისკენ. რაც მან თქვა, ეს ციხეშიც კი აკრძალულია. ჰიტლერის შემდეგ ეს არავის აღარ უთქვამს. ერთხელ თქვა ჰიტლერმა და მთელმა მსოფლიომ ნიურნბერგის პროცესი ჩაუტარა მას, აუკრძალეს პარტია და თქვეს, რომ ასეთი რამ ცივილიზებულ სამყაროში მიუღებელია. მართალია, სააკაშვილს ჰიტლერს ვერ შევადარებ. იმიტომ, რომ ჰიტლერი გენიოსი იყო, სააკაშვილი კი გრიგოლ რობაქიძესა და შოთა რუსთაველს ერთმანეთისგან ვერ არჩევს.
ხალხი ამბობს, კი, ბატონო, სააკაშვილი აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ ოპოზიციამ რა შემოგვთავაზაო? როგორ გესახებათ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება?
- თუ ამბობ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა გაყალბებებით, თუ უარს ამბობ საარჩევნო კოდექსის შემუშავებაზე, მაშინ მე ვსვამ კითხვას, საერთოდ რატომღა იღებ არჩევნებში მონაწილეობას, ამით ხომ ამყარებ ამ კაცის ძალაუფლებას და ლეგიტიმაციას აძლევ მას? ამის მიუხედავად, გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა თქვეს, მონაწილეობას ვიღებთ არჩევნებშიო. წარმატება მინდა, ვუსურვო მათ, მაგრამ მეეჭვება, არჩევნები მოიგონ. არჩევნები უკვე წაგებულია და ამაზე მეტყველებს თუნდაც 13 მარტის "იმიტირებული ქრონიკა", რომელმაც აღწერა მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარი - ოპოზიცია განაწყენებულია და გამოვიდა ქუჩაში. განაწყენებულებს მე მოუხმობ იმ იდეის თანადგომისთვის, რითაც ჩვენი პარტია "გამარჯვებისთვის" გამოვდივართ. ჩვენი ინიციატივაა, დაიდგას სააკაშვილის მსხვერპლთა მემორიალი.
რას ნიშნავს სააკაშვილის მსხვერპლთა მემორიალი? ვის ეძღვნება ის?
- რასაც ჩვენ ახლა ვაპირებთ, ამას ისტორიაში ანალოგი არ აქვს. მოქმედ უზურპატორს ვუდგამთ მისივე რეჟიმის მსხვერპლთა ძეგლს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამის წინააღმდეგ წავა და არ დაგვადგმევინებს. ასეთ შემთხვევაში ამოქმედებას იწყებს ევროკონვენცია, რომლითაც ჩვენ მონიჭებული გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. ისე, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი მოვიდეს და ლენტი გაჭრას ამ ღონისძიებაზე. ამ ძეგლის გახსნაზე მოწვეული იქნებიან ელჩები, მთელი მსოფლიოს მედია იქნება საქმის კურსში ჩაყენებული. ეს მოხდება არჩევნებამდე, ეს იქნება ტესტი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისა და ქართული საზოგადოებისთვის.
თუ გაქვთ გეგმა, როგორი უნდა იყოს ეს ძეგლი?
- გეგმა არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამას ვერ გეტყვით. რამდენიმე ესკიზია წარმოდგენილი და კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, რომელს მიანიჭებს უპირატესობას. რაც შემიძლია, გითხრათ, ის არის, რომ ეს ძეგლი ადგილობრივ არჩევნებამდე დაიდგმება.
რატომ მაინც და მაინც არჩევნებამდე
- მსოფლიოს ხომ ეუბნებიან, რომ დემოკრატები არიან. გამოხატვის თავისუფლება ხომ მაქვს ევროკონვენციის მიხედვით? ამიტომ ვთვლი, რომ ეს ძეგლი უნდა დაიდგას. ეს ადამიანები უდანაშაულოდ იქნენ დახვრეტილები ქუჩაში. მე აღმოვჩნდი შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას კაბინეტში, ჩემი საადვოკატო საქმიანობის დროს. მან ვერ მიცნო. კედელზე გაკრული ჰქონდა რუკა, სადაც წითელი ჭიკარტები ჰქონდა მიკრული, ვინც მე მახლდა, მან ჰკითხა, ეს რა არისო. მან უპასუხა, წითელი ჭიკარტებით მონიშნულია ის ადგილები, სადაც უკვე ჩავცხრილეთ ხალხი და ამ უბნებში დავამყარეთ წესრიგიო.
მათ შორის გაიმართა ასეთი საუბარი, თუ გახსოვთ, იყო ერთი პერიოდი არასრულწლოვანებს შორის დაჭრის ფაქტების გახშირება. როგორც მან თქვა, არის დავალება, რამდენიმე არასრულწლოვანიც მოვკლათ, მაგრამ პოლიციის ბევრი თანამშრომელი გამოვიდა და თქვა, არასრულწლოვანების ჩაცხრილვის წინააღმდეგები ვართ და გადაიფიქრესო.
რაც შეეხება გამოქვეყნებულ ფარულ სატელეფონო საუბრებს, არველაძე და მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული. თქვენ ხედავთ რუსულ კვალს?
- რა რუსული სპეცსამსახურები, ეს იყო ვანო მერაბიშვილის ჩაწერილი. მერაბიშვილი ცდილობს, ამ გზით ხელისუფლებას ჩამოაშოროს "თავისუფლების ინსტიტუტი" და არ გაგიკვირდეთ, მაგრამ სააკაშვილიც კი. რუსეთს რად უნდა ჩაწერა, როცა არიან ადამიანები, რომელთა მეშვეობით სააკაშვილს გემრიელი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, პუტინთან და მედვედევთან.
ვისი მეშვეობით ამყარებს სააკაშვილი პუტინთან ურთიერთობას?
- ბიძამისის, თემურ ალასანიას მეშვეობით. არ იცით? ეს საკმაოდ გახმაურებული ამბავია.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, რა მიზანი აქვს მას, რატომ გამოაქვეყნა მან ეს ფარული ჩანაწერები?
- მერაბიშვილმა კარგად იცის, რომ სააკაშვილი დიდხანს ვეღარ იქნება ხელისუფლების სათავეში. იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია გაძლიერდება. არამედ, ამ ხელისუფლებამ იარა ბუნების კანონების წინააღმდეგ, რასაც უფალი არავის არ პატიობს. ისტორია წრიულად ბრუნავს.
თუ რუსის ჯარი შემოვა, სააკაშვილს გარანტირებული აქვს წასვლა, ის, როგორც დევნილი პრეზიდენტი, წავა ამერიკაში და იქნება მშვიდად. მაგრამ, ამ ხალხს რა ეშველება? ვინც ეს უბედურებები გააკეთა სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე, მათ რა მოუვათ? ამიტომ ჩაირთო თვითგადარჩენის ინსტინქტი. არ გამოვრიცხავ, რომ სულ მალე შეიქმნას ოპოზიციური პარტია და ამ პარტიის სათავეში ვიხილოთ ვანო მერაბიშვილი. ეს ჩანაწერი გააკეთებინა მერაბიშვილმა და მანვე გამოაქვეყნებინა კიდეც.
აქ არის ერთი გუნდი, რომელიც ფიქრობს, რომ სააკაშვილის საქმე წასულია. ამიტომ, ცდილობს ეს ხალხი თავის გადარჩენას, ბუნებრივია, ცდილობენ, გაემიჯნონ სააკაშვილს. რუსების მიერ რომ იყოს ეს ჩაწერილი, მაშინ პირველ რიგში გამოაქვეყნებდნენ აგვისტოს ომის დროინდელ საუბრებს. რუსები რომ უსმენენ ამათ, ეს ფაქტია. მაგრამ, ამერიკელებიც უსმენენ და თუ არ იციან, ვეტყვი, რომ ირანის საელჩოც უსმენს და ნებისმიერი სხვა საელჩო.
თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ ირანის საელჩო საქართველოს ხელისუფლებას უსმენს?
- მინდა, გითხრათ, რომ ერთ-ერთ ვითომ ოპოზიციურ პარტიაში ირანის აგენტი უზით. დააკვირდნენ, გაჰყვნენ და ნახავენ, რომ ყოველ მეორე დღე ირანის საელჩოში დადის და ფულსაც იღებს ირანის საელჩოდან.
მაშინ, გვითხარით, ვინ არის ეს ადამიანი?
- არ მინდა, გვარი დავასახელო. ყველამ იცის. გაიკითხეთ, ირანისტი ვინ არის ქართულ პოლიტიკაში და გეტყვიან.
ისევ მერაბიშვილს რომ დავუბრუნდეთ, თქვენ ამბობთ, რომ მან პირველობისთვის დაიწყო ბრძოლა?
- არ ვიცი, პირველობისთვის დაიწყო ბრძოლა თუ რა ხდება. მაგრამ, ფაქტია, რომ მერაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა და მიშა სააკაშვილი დატოვა შიშველი. ვანომ ბევრი რამე გაუკეთა ამათ და მე მგონია, რომ ბევრ რამესაც უმზადებს. ბევრ საუბარს ვიხილავთ კიდევ. მაგათ ეგონათ, რომ თუ დაუშვებდნენ კანონს მოსმენების შესახებ ეს აქლემი მაგათთან არ ჩაიჩოქებდა. დიახ, რომ ჩაიჩოქა. საერთოდ, დიქტატორული სისტემები შიგნიდან ჭამენ ერთმანეთს.
"იმიტირებული ქრონიკის" წამყვანი, ნათია კობერიძე, საგაზეთო ინტერვიუში ამბობს, იმიტაციები პატარკაციშვილის "იმედში" რომ იყო, ახლა არც დაესიზმრებათო...
- რა იყო მაშინ იმიტაცია, ის, რომ ქართველმა კაცმა ვაზი აჩეხა იმის გამო, რომ ყურძენი ვერ ჩააბარა ვერსად? თუ ის, რომ ქართველები ლუკმაპურის საშოვნელად საქართველოდან არიან გაქცეული საზღვარგარეთ და მათხოვრებივით მუშაობენ? ეს იყო მაშინ იმიტირებული? საერთოდ, მაინტერესებს, ეს მარეგულირებელი კომისია რომ გამობრძანდა და არავითარი რეაგირება არ მოახდინა, თვითონ ეს მარეგულირებელი კომისია არაა, რომელმაც დაურიგა ბოკერიებს და ამ "ნაციონალების" ოჯახის წევრებს ეს ტელევიზია? ულიცენზიო ტელევიზია, როგორიც არის "ალანია", რამდენი წელია, რაც მუშაობს? ამათ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ? მათზეა საერთოდ სისხლის სამართლის საქმე აღსაძვრელი.
დღეს ვისია "იმედი"?
- ხელისუფლების. გამოვიდა არაბული ფირმა და თქვა, არანაირი კავშირი არ გვაქვს "იმედთანო". ჯოზეფ ქეიც გაქცეულია, მასაც არ უნდა ეს "იმედი". ის მანამდეც საუბრობდა ვიწრო წრეში, არაფერში არ მჭირდება "იმედი", მაგრამ მაიძულებენო. რომ ვთქვა, ჩემი არ არის, დამიჭერენო. "იმედი" დღეს არის ხელისუფლების.