25 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიზეზად პოლიტიკურ კულუარებში უსუფაშვილ-ხიდაშელსა და ძმებ ბერძენიშვილებს შორის არსებულ პოლიტიკურ უთანხმოებას ასახელებენ.
დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების თაობაზე მოულოდნელი განცხადება დღეს გააკეთა, რაც მედიაში ინფორმაციის გაჟონვამ დააჩქარა.
უსუფაშვილმა პოლიტიკურ გეგმებზე ნაკლები ილაპარაკა, მეტი კი, „რესპუბლიკურ პარტიასა“ და მის ურთიერთობაზე.
სპიკერის თქმით, მან ადამიანურად მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, პარტიის დატოვების თაობაზე ბევრი ჯერ კიდევ არჩევნებამდე უკიჟინებდა, თუმცა ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას უსუფაშვილს ვინ უკიჟინებდა, ეს მას არ დაუკონკრეტებია, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვებას და სანაცვლოდ, მეცხრე მოწევის პარლამენტში სპიკერის თანამდებობას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ რესპუბლიკელი მინისტრების პოსტზე ყოფნის დროს სთავაზობდა, რის შესახებაც for.ge ზაფხულში წერდა.
„ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, რომ საქმიანობას ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ვაგრძელებ და ამ საქმიანობის კონკრეტულ ფორმასა და კონტურებზე დიალოგი ბევრ ადამიანთან მექნება და ორი-სამი თვის შემდეგ მოგახსენებთ იმის შესახებ, თუ რა არის დაგეგმილი. პარტიის დატოვების თაობაზე ბევრი ჯერ კიდევ არჩევნებამდე მიკიჟინებდა, მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ოლქშიც და ქვეყანაშიც. ერთად ის შედეგი მივიღეთ, რაც მივიღეთ. ახლა პოლიტიკურ საქმიანობას ინდივიდუალურად გავაგრძელებ, პარტია კი ქართულ პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვის“, - განაცხადა სპიკერმა.
უსუფაშვილმა პარტიის დატოვების მიზეზების დასახლებისგან თავი შეიკავა, თუმცა, პარტიაში არსებულ უთანხმოებაზე ირიბად მიანიშნა.
„პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის დამფუძნებლებს და სხვა ლიდერებს შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები აქვთ, რომლებსაც არ ვიზიარებ და რომელთა რეალიზებასაც ხელს არ შევუშლი. ამ ხედვებს არ ვიზიარებ, რადგან ამ გზით საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე პარტიის გავლენა კიდევ უფრო შესუსტდება. ქართულ პოლიტიკაში პარტიის დამფუძნებლების სრულიად გამორჩეულ ღვაწლს პატივს ვცემ და „რესპუბლიკური პარტიის“ მომავლის განსაზღვრაში მათი ხედვების პრიმატს ვაღიარებ“, - დასძინა უსუფაშვილმა.
მართალია, უსუფაშვილმა პარტიაში არსებულ უთნხმოებაზე საჯაროდ არ ისაუბრა, მაგრამ როგორც for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, „რესპუბლიკურ პარტიაში“ აზრთა სხვადასხვაობა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე წელია არსებობს.
წყაროს ცნობით, პარტიაში დავით და ლევან ბერძენიშვილები, ასევე თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე უფრო რადიკალური და მკვეთრი პოლიტიკის მომხრე არიან, უსუფაშვილ-ხიდაშელი კი, შედარებით უფრო დიპლომატიური სვლების.
სანამ უსუფაშვილი უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან არსებულ უთანხმოებაზე უფრო მეტ დეტალს გაასაჯაროვებს, მანამდე მან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის დავით ბერძენიშვილმა პოლიტიკურად გაზარდა.
„ფეხი ამ პარტიაში ავიდგი და პოლიტიკოსად დავით ბერძენიშვილმა მაქცია, რისთვისაც მას პერსონალურად მადლობას ვუხდი. დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე სხვადასხვა ფლანგიდან, მაგრამ ერთად ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის იმ საქმეს გავაგრძელებთ, რასაც ერთად ვემსახურებოდით“, - დასძინა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი სამომავლო გეგმების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა, ამბობს, რომ ის მზადაა დიალოგი ყველასთან ჰქონდეს, ვისთვისაც გარკვეული ღერებულებები მისაღებია.
მისი მოსაზრებით, ახლა დრო არ არის პოლიტიკურად ხელების ჩამოშვების, ყურების ჩამოყრის და მზად არის დიალოგი იმ ადამიანებთან აწარმოოს, ვინც არის ენერგიით და შემართებით სავსე და მზად არის დამღლელი, მძიმე პოლიტიკური საქმიანობისთვის.
„მზად ვარ, დიალოგი ყველასთან მქონდეს, ვისაც საქართველო ევროპის ნაწილად წარმოუდგენია, ვისაც საქართველო თავისუფალ ქვეყნად წარმოუდგენია, ვისაც ლიბერალური დემოკრატია იმ ფუნდამენტად წარმოუდგენია, რომელზეც ისეთი სახელმწიფო უნდა დაშენდეს, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. პირველ რიგში, მზად მოსმენისთვის ვარ. უახლოეს ორ-სამ თვეში ინტენსიური დიალოგი მექნება ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით - მეტი პრობლემის გამო მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის“, - დასძინა უსუფაშვილმა.
გახდება თუ არა დავით უსუფაშვილი ე.წ. მესამე ძალა, ამის თქმა რთულია, თუმცა, სპიკერი ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსის მქონე ახალი ტიპის პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა გაიმარჯვოს, რომელსაც პოლიტიკურ-გენეტიკურ კოდში მრავალპარტიულობის აუცილებლობა ექნება და არა მისი მიუღებლობა, შეცვლადობა და არა შეუცვლელობა, ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა.
„მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ფეხზე მყარად ის, რაც მართლაც ერთადერთი და შეუცვლელია - ქართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს სამშობლოს სათანადოდ უპატრონებს“, - აცხადებს უსუფაშვილი.
რაც შეეხება თინა ხიდაშელის პოლიტიკურ გეგმებს, ამის თაობაზე, უსუფაშვილი აცხადებს - „ქალბატონი თინა, ჩემს დატოვებას არ აპირებს“.
დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილების თაობაზე თუ რას ფიქრობენ „რესპუბლიკურ პარტიაში“, ამის გარკვევის მიზნით, for.ge-მ პარტიის ლიდერებთან დაკავშირება სცადა, თუმცა, უშედეგოდ, რადგან მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
გამონაკლისი პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ დაუშვა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში უსუფაშვილის პარტიიდან წასვლა „ძალიან დიდი დანაკლისად“ შეაფასა.
მისი განცხადებით, შედეგებმა და წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის, მთავარი მრჩევლის პოლიტიკა იყო მცდარი გზა.
„ამ შედეგების განხილვამ დასკვნებამდე მიგვიყვანა და ანალიზი მიმდინარეობს, რომ პარტიაში ახალი ძალები უნდა გავაძლიეროთ და იდეოლოგიასა და ღირებულებებზე მკვეთრად ორიენტირებული უნდა ვიყოთ. სწორედ ეს საკითხი იყო, რის გამოც დავით უსუფაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და პარტია დატოვა, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, რადგან დავით უსუფაშვილი პროფესიონალი და კვალიფიციური პოლიტიკოსია, როგორც პარტიისთვის, ასევე ქვეყნისთვის“, - დასძინა სამნიძემ.
როგორც ჩანს, დავით უსუფაშვილს ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება მოუწევს, რადგან ის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს უახლოეს მომავალში დატოვებს.
რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიაში“ არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, ეს საპარლამენტო საქმიანობის ოთხწლიან ციკლში, რესპუბლიკელების მიერ for.ge-სთვის მიცემული ინტერვიუებიდანაც ჩანდა, სადაც ძმები ბერძენიშვილები ბიძინა ივანიშვილს მკვეთრად უპირისპირებდნენ და პარალელურ რეჟიმში, „ქართული ოცნების“ ქურქში „პატრიოტთა ალიანსის“ გახვევაზე აპელირებდნენ.