„ოცნებისკენ“ გადახრილი „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების უეცარმა ფერისცვალებამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვიქტორ დოლიძე, გიორგი ცაგარეიშვილის, ზურაბ აბაშიძის, დავით ონოფრიშვილის არჩევანი მედროვეთა არჩევანია, რადგან „ეს ხალხი ძალიან ადვილად იყიდება და სჭირდება კი „ოცნებას“ ასეთი ადამიანები?!“ ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და „თავისუფალი დემოკრატების“ ზემოთ დასახელებულ წევრებს „ოცნებაში“ დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ ალასანიასა და „ოცნების“ გაყრის დროს არ უნდა მოეჭრათ.
უღირს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ამ ადამიანების თავიანთ რიგებში დაბრუნება და უღალატეს თუ არა მათ „თავისუფალ დემოკრატებს“?!
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რთულია ასეთი მკვეთრი კლასიფიცირება-მედროვენი არიან ეს ადამიანები თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებენ?! უბრალოდ, მათი სურვილია, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ეს კი იმის ნიშანია, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის.
„გაიყიდნენ თუ არა, ცოტა უხერხული ნათქვამია. ამას ძირითადად, ის ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებიც ნაცმოძრაობის მხარდამჭერები არიან, რადგან მათ გია
ცაგარეიშვილის და ზურაბ აბაშიძის ასეთი გადაწყვეტილებები და მოწოდებები არ აწყობთ. არადა, ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომ აღარ გააგრძელონ ოპოზიციური პოლიტიკური ბრძოლა და, თუ „ქართული ოცნება“ მათ გამოიყენებს თავიანთი კვალიფიკაციის შესაბამისად, ამაზე უარს არ იტყვიან. ვერ ვიტყვი, რომ „ოცნების“ საარჩევნო გუნდი ვარსკვლავებით იყოს დაკომპლექტებული. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ასეთი საკადრო რესურსი, თუნდაც - საგარეო კუთხით. ერთადერთი ძალა, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების განცხადებები ზიანს აყენებს, ეს არის მათი ყოფილი პარტია -„თავისუფალი დემოკრატები“. მათი ამომრჩეველი ამ გუნდის მოქმედებებისგან გაღიზიანებული იქნება, რაც მათი მხარდამჭერების კიდევ უფრო მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს.
სხვათა შორის, ალასანიამ არ შესთავაზა „ქართულ ოცნებას“ თანამშრომლობა. ასე რომ, მთლად მარტივად საქმე არ არის, როგორც უნდათ, წარმოაჩინონ. ეს საკმაოდ რთული პროცესია. „თავისუფალი დემოკრატები“ საკმაოდ დიდხანს იყვნენ ოპოზიციაში, მათ იმედი ჰქონდათ, მიაღწევდნენ წარმატებას, ეს ვერ მოახერხეს და ჩათვალეს, რომ უნდა გავიდნენ პოლიტიკიდან. მე ვფიქრობ, ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი „ოცნებას“ სჭირდება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და განმარტავს, რომ მცდარია ბრალდება, თითქოს ამ ადამიანებმა საკუთარ პარტიას უღალატეს.
მისივე თქმით, იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში გავარკვიოთ, რას ნიშნავს ღალატი?! პროტესტის ნიშნად გადადგომა ღალატი არ არის. ეს დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. თუმცა, როგორც ჩანს, ამ 25 წლის განმავლობაში ვერ ვხვდებით, რა არის ღალატი. თავისუფალ საზოგადოებას ვაშენებთ და ამ დროს ყველგან ღალატი და „კგბ“-შნიკი გველანდება.
თუ რას უკავშირდება ყოფილი „თავისუფალი დემოკრატების“ არჩევანი - „ოცნების“ უძლეველობას, თუ ამ ადამიანების მერკანტილურ სწრაფვას, ამის შესახებ ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განსხვავებული პოზიცია აქვს.
For.ge-სთან საუბარში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სრულებით იზიარებს გია ცაგარეიშვილის, ზურაბ აბაშიძის, დავით ონოფრიშვილის მოსაზრებას, რადგან ისინი მისი თანამებრძოლები არიან და პატივს სცემს მათ დროულ და მისაბაძ პოზიციას.
„ეს სამეული ყოველთვის იყო ის ძალა, რომლებიც „თავისუფალ დემოკრატებში“ გამოხატავდნენ ანტინაციონალურ სენტიმენტებს. ამ ანტინაციონალურმა ფრთამ გადაწყვიტა, ბოლომდე დაეცვა თავისი ღირებულებები, თავისი პოლიტიკური მრწამსი და, როცა დაინახეს, რომ პარტია დაიშალა და პარტიაში არ დარჩა მათი სამოქმედო არეალი, მათ გააკეთეს არჩევანი. პირდაპირ ვთქვათ, „თავისუფალ დემოკრატებში“ პრონაციონალისტური ფრთაც იყო, ირაკლი ალასანიასაც ჰქონდა ნაციონალური მიმართულებები. ნინო გოგუაძესთან ერთად რეალურად კეთდებოდა ნაცმოძრაობის საქმე და ფორმალურად იყვნენ ისინი ნაცმოძრაობის წინააღმდეგნი. გია ცაგარეიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ კი დაინახეს, რომ დარჩა ორი უალტერნატივო ძალა-ბოროტი და კეთილი - ანუ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. სხვა ალტერნატიული ძალა რომ ყოფილიყო, ისინი გააკეთებდნენ თავიანთ არჩევანს, რადგან მათ კითხვები გააჩნდათ თუნდაც იმავე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, მაგრამ არჩევანს „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ ხომ არ გააკეთებდნენ? ამდენად, ყოფილი „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ჯანსაღი პოლიტიკოსების ჯანსაღი გადაწყვეტილებაა. სხვა გზა არ არსებობს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.