„ყველა ველოდებით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს“, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ინაოშ ჰერმანი, რომლის შეფასებით, საარჩევნო პროცესი ჯერ არ დასრულება და შესაბამისად, არჩევნების მთელ პროცესზე პირად შეფასებას ჯერ ვერ გააკეთებს.
„საქართველოში იმყოფება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის ეგიდით, OSCE/ODIHR-იც და ველოდებით შეფასებას, რომელიც იქნება მეორე ტურთან დაკავშირებით, ასევე, ველოდებით მთლიანი საარჩევნო პროცესის შეფასებას იმ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება ეუთო-ს მიერ. ჩვენ ყველა ველოდებით არჩევნების მეორე ტურს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას იანოშ ჰერმანმა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე საგანგებო განცხადებას ავრცელებს „ევროპის სახალხო პარტია“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი სახის ძალადობას, დაშინებას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დემოკრატიულ არჩევნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
„კვირას ქართველ ხალხს უნდა მიეცეს არჩევნებში საკუთარი აზრის მშვიდობიანად დაფიქსირების უფლება. ასეთი შემთხვევები არჩევნების პირველ ტურში გამოვლინდა და მეორე ტურში აღარ უნდა განმეორდეს. ოპოზიციასა და ამომრჩეველზე ზეწოლა ყოვლად მიუღებელია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, 30 ოქტომბერს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს“, -ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 30 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით 53 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურის წინ მობილიზებულია შსს. შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ყველა მიმართულებით შეინარჩუნოს წესრიგი და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში.
როგორც ხუციშვილმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებსა და ინციდენტებზე გამოძიება 94 საქმეზე მიმდინარეობს, პასუხისგებაში კი მიცემულია 19 პირი.
მიუხედავად იმისა, რომ შსს-ში დარწმუნებული არიან, მეორე ტური ისეთივე მშვიდ ვითარებაში ჩაივლის, როგორც პირველი ტური, მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის ბრძოლა არ არის. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისათვის და პირადად მისთვის.
„მეორე ტური არ არის სტანდარტული და ორ პოლიტიკურ ძალას შორის ბრძოლა. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს საფრთხეს. საფრთხეს ქვეყნის წინააღმდეგ იმ თვალსაზრისით, რომ სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეიცვალა ვერც ზნე, ვერც ჩვეულება. მიუხედავად იმისა, რა ფარდას არიან ამოფარებულნი, კვლავაც ფიქრობენ, რომ დაბრუნების შემთხვევაში, კვლავაც დაკავდნენ ძალადობით, ააღორძინონ ის თავისი პოლიტიკური ცხოვრების წესი, რითაც მართავდნენ ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, სტაბილურობისთვის ყველაზე დიდი პრევენციაა, ყველამ იცოდეს, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში ის დაისჯება. ძაბირაძე მეორე ტურში დაძაბულობას არ ელოდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ლოკალური პროცესები შეიძლება რომლიმე საარჩევნო ოლქში მოხდეს.
„მაგრამ ძირითადად არჩევნები ჩაივლის მშვიდად, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს უამრავ საარჩევნო ოლქში, საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვთ. პირველ ტურში დაპიქსირებული უპირატესობა კიდევ უფრო მეტ გარანტიებს აძლევს ხელისულების კანდიდატებს. შესაბამისად, პროვოცირება ბევრს არაფერს მოუტანს ოპოზიციას შედეგის კუთხით და ეს მათ კარგად იციან. შესაბამისად, არ ველოდები, რომ მნიშვნელოვანი გართულებები იქნება“, - აცხადებს ვახატანგ ძაბირაძე.
მიუხედავად იმისა, რომ გართულებებს არ ელოდება, ექსპერტი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს, ყველანი გულხელდაკრეფილი ისხდნენ და დამკვირვებლის პოზიცია შეინარჩუნონ, საჭიროა მობილიზება და სრული მზადყოფნა.
„ერთია რას ველოდებით და მეორეა რა იქნება. ამიტომ, ყველამ მისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. ამ შემთხვევაში შსს-ს ფუნქციაა, რომ უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარება. გარდა ამისა, პირველ ტურში გამოიკვეთა რამდენიმე ოლქი და უბანი, სადაც პრობლემები გაჩნდა. ამიტომ, შესაბამისი უწყებების მხრიდან, ოლქებს და რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. საჭიროა ფხიზლად ყოფნა, შეიძლება განმეორდეს არეულობის მცდელობა და შეიძლება ამან საკმაოდ უსიამოვნო ხასიათი მიიღოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს არჩილ გამზარდიას აქვს მოლოდინი, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ნელ-ნელა ხელიდან გამოაცალა შესაძლო კოზირი, რაც შეიძლება ჰქონოდათ.
„პრინციპში, ის ეფექტი და მოლოდინი, რაც ამ პარტიას ჰქონდა, არჩევნებისთვის მოახდენდნენ რაღაცა ფოკუსირებას იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ამაზე დაიწყო ლაპარაკი 8 ოქტომბერს, მაგრამ მას შემდეგ, რაც შიდა და გარე სადამკვირვებლო მისიებმა დასკვნები დადეს და საბოლოო ჯამში, დადებითად შეაფასეს პროცესი. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი მოტივაცია ამ ხრივ გაქრა“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.
მისი თქმით, იმის ფონზე, როდესაც ხელისუფლებას დადებითად ეთვლება ნამუშევარი და საერთაშორისო ორაგანიზაციების დამოკიდებულება მკაფიოდ პოზიტიურია, საერთო ჯამში „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერს არ აძლევს კიდევ უფრო დაინგრეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საკუთრი იმიჯი.
„ნებისმიერ დესტრუქციას უნდა ჰქონდეს თავისი მიზანი, რა საოცრება უნდა მოახდინოს იმითი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ორიოდე უბანზე რაღაცა შედეგი მიიღოს, რითაც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ზიანი მიაყენოს?! ვფიქრობ, ამისი პირობები და შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ პრაგმატულად ხედავენ მოვლენებს და არ გააკეთებენ იმას, რომელიც საერთო ჯამში, მათ წინააღმდეგ უფრო იმოქმედებს, ვიდრე ხელისუფლების“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდიამ.