„კომუნისტების დროს მშენებელი რომ მომკვდარიყო, მთავარი ინჟინერი ციხეში მიდიოდა...“

„კომუნისტების დროს მშენებელი რომ მომკვდარიყო, მთავარი ინჟინერი ციხეში მიდიოდა...“

საქართველოში მშენებლების სიცოცხლე დაუცველია. ძირითადად ელიავადან აყვანილ გამოუცდელ მუშახელს კაბალურ პირობებში ამუშავებენ. ამიტომაც მშენებარე ობიექტებიდან ცვივიან მუშები ისე, რომ მშენებლობის დამკვეთს არავინ სთხოვს ობიექტის სართულები დამცავი მოაჯირებით შემოფარგლოს.

ექსპერტები დაუყოვნებლივ მოითხოვენ შრომის ინსპექციის შექმნას. მართალია, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი გასულ წელს შეიქმნა, მაგრამ მისი ფუნქციები შეზღუდულია და ამ სამსახურს ინსპექტირების უფლება ობიექტის ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე არ აქვს. ამდენად, წინა კვირას მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი ორი მშენებლის დაღუპვა საქართველოში არავის გაჰკვირვებია. ჩვენს ქვეყანაში ხომ 2007-დან 2015 წლამდე საწარმოო ტრავმით 356 ადამიანი დაიღუპა.

ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შრომის ინსპექციის აღდგენა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისე გამოდის, რომ სახელმწიფომ უარი თქვა მშენებლების სიცოცხლის დაცვაზე. საქართველოს გარდა, არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც სამუშაო ძალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი სახელმწიფოს მიერ ასე მიტოვებული იყოს.

„კანონმდებლობაშიც ისეა აღრეული ყველაფერი, რომ ვერაფერს გაიგებ, ძველი კანონები გააუქმეს, ახალი არ მიუღიათ, რაღაცას ებღაუჭებიან. 18 წელიწადი რკინა-ბეტონის ქარხანაში ვმუშაობდი და სამშენებლო ობიექტებთან კავშირი მქონდა. მახსოვს, რა დონეზე იყო მაშინ მშენებლის სიცოცხლე დაცული. არსებობდა მთლიანი შრომის დაცვის კანონმდებლობა, მერე ეს კანონმდებლობა ცალკე დარგების მიხედვით იყო დამუშავებული და ამ დარგებში კიდევ ცალკეული სახეობების მიხედვით ინსტრუქციებად იყო დაყოფილი. თითოეული საწარმო ვალდებული იყო მუშის სიცოცხლე დაეცვა, რადგან თავად აგებდა ამაზე პასუხს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით.

ყველა წარმოებაში და სამშენებლო სამმართველოში იყო უსაფრთხოების ინჟინერი. კომუნისტების დროს ობიექტზე ან ქარხანაში მშენებელი ან მუშა რომ მომკვდარიყო, ერთი ამბავი ატყდებოდა. მთავარი ინჟინერი ციხეში მიდიოდა, დირექტორს მოხვდებოდა და რაიკომის მდივანს გაფრთხილებას მისცემდნენ და ბიუროზე გაიყვანდნენ. თუ გადარჩებოდა რაიკომის მდივანი, ეს კიდევ სათუო იყო. ამდენად, შრომის ინსპექციის აღდგენამდე აუცილებელია, ახლად შეკრებილმა პარლამენტმა კანონმდებლობა წესრიგში მოიყვანოს. რაც გადმოსაღებია, თუნდაც იმ ძველი და საბჭოურიდან უნდა გადმოიღონ“, - აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ.

მისივე თქმით, საწარმოო ტრავმით გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება საქართველოში, ვიდრე დასახელებული 356 ადამიანია. უბრალოდ, დაღუპულთა 20%-ის გაჟღერება არ ხდება, რადგან, როგორც კი ვინმე ჩამოუვარდებათ ობიექტიდან, ან ვინმე დაშავდება, მაშინვე მის ოჯახს მიუგდებენ თანხას და გააჩერებენ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ წარმოების ხელმძღვანელისთვის საქართველოში პასუხი მოეთხოვოთ. მას საყვედურსაც კი არ უცხადებენ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შრომის ინსპექციის აღდგენა აუცილებელია, განსაკუთრებით, ჩვენს პირობებში, როცა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ვითარებაა. შახტები გვაქვს, ამას წინათ კი მეზღვაური დაიღუპა სწორედ უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან მშენებლობაზე მუშაობენ არაპროფესიონალი, ბირჟიდან აყვანილი ადამიანები, რადგან ისინი იაფ სამუშაო ძალას წარმოადგენენ.

„მშენებლობის დამკვეთს ურჩევნია აიყვანოს სადღაც ბირჟაზე მდგომი მუშა, რომელსაც ხშირად წარმოდგენაც არ აქვს მშენებლობის სპეციფიკაზე, მას ჩაუტარებს ათწუთიან ინსტრუქტაჟს, დააფარებს თავზე ჩახფუტს და ამით ამოიწურება ყველაფერი. ამიტომ პროფესიული სწავლების ცენტრები უნდა ამოქმედდეს და გადაამზადოს არაპროფესიონალები. თუ სერთიფიკატი არ ექნება ტექნიკურ პერსონალს, ის არ უნდა დაუშვან მშენებლობაზე“.