ლარის გამყარება უკვე მითია, სტაბილურობა - საეჭვო

ლარის გამყარება უკვე მითია, სტაბილურობა - საეჭვო

ფაქტია, რომ ლარის შესაძლო გამყარებაზე უკვე აღარვინ აკეთებს პროგნოზს. ახლა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის საუბარი, რომ ეროვნულმა ვალუტამ როგორმე სტაბილურობა შეინარჩუნოს. თუ ესეც ვერ მოხერხდა, მერე იმის გამართლება დაიწყება, რომ ლარი ნელ-ნელა უფასურდება და არა ნახტომისებურად და ესეც დიდი შეღავათია მოსახლეობისთვის.

ამასობაში ქართულმა ვალუტამ გაუფასურების 7-თვიანი რეკორდი მოხსნა. ერთი ამერიკული დოლარი უკვე 2.40-ს გადაცდა. ამაზე მეტად ლარი გაუფასურებული 2016 წლის 15 მარტს იყო, მაშინ ერთი დოლარი ოფიციალურად 2.4115 ლარი ღირდა.

მთავრობა გადამეტებულ ოპტიმიზმს არ იშლის. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ირწმუნება, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად გამყარდება.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომ ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია და ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და როგორც არაერთხელ აღინიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება“, - განაცხადა ხადურმა.

კურსის სტაბილურობსი პირობას იძლევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. მისი თქმით, სებ-ის ფუნქცია არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება, რამაც გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა უნდა განაპირობოს.

„კურსის პროგნოზის გაკეთება იმ შემთხვევაში, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს, თეორიულადაც კი ძალიან ძნელია. ვფიქრობ, რომ ის ვინც ამას გააკეთებს, ისევე როგორც ნავთობის ფასების პროგნოზირებისას ემართებათ, შეცდება. ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს არც მაშინ, როცა მყარდება კურსი და არც მაშინ, როცა უფასურდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მართლაც არსებობდა ერთჯერადი ფაქტორები, რომლებმაც ნამდვილად მოახდინეს გავლენა ეროვნულ ვალუტაზე. ბაზარზე გაჩნდა გარკვეული მოლოდინი, რომლებსაც არ შეიძლება რომ გავლენა არ მოეხდინათ გაცვლით კურსზე.

„თუ გადავხდავთ მიმდინარე ანგარიშის ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა გაუმჯობესებაზე მეტყველებს: ტურიზმი გაიზარდა 11%-ით, ფულადი გზავნილები - 13%-ით. სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8%-ით გაიზარდა, იმავე თვეში იმპორტი 2%-ით შემცირდა. ასევე ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და გარკვეულწილად პიკსაც მიაღწია ამ დღეებში სხვა ვალუტებთან მიმართებაში. თუ ყველაფერს ერთად შევხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ექსპერტებსაც უფრო მეტად ლარის სტაბულობის იმედი აქვთ, ვიდრე გამყარებისა. ეკონომისტი ლევან კალანდაძე ეროვნული ვალუტის ირგვლის დიდ ცვლილებას აღარ ელის. ლარი დღეისათვის ინარჩუნებს იმ წონასწორობას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს. წინ ზამთრის სეზონია, რომელიც კურსთან მიმართებაში გარკვეულ რისკ ფაქტორებს ატარებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც სეზონი შეიძლება ორად გაიყოს.

„ლარის კურსთან დაკავშირებით გარკვეული რისკ ფაქტორია ზამთარი, თუმცა იგი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პირველი არის ნოემბრის თვე, რომელიც ხასიათდება ლარზე გარკვეული რისკების გაძლიერებით. მხედველობაში მაქვს ის, რომ იმპორტიორები წინასაახალწლოდ თადარიგს იჭერენ სასაქონლო საკითხის თვალსაზრისით. შესაბამისად, არის რისკი, რომ იმპორტიორების მოთხოვნა დოლარზე გაიზარდოს. მეორე თემა დაკავშირებულია დეკემბერთან. ამ თვეში, პირიქით, ხდება და მოთხოვნა იზრდება ლარზე.

ახლა ლარი, უბრალოდ, ინარჩუნებს იმ წონასწორობის კურსს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს. მოლოდინი რომ კურსი უცვლელი იყოს, არ უნდა გვქონდეს. გამყარებას წლის ბოლომდე არ ველი, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნების მოლოდინი მაქვს“, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.