30 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით 53 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური თბილისის 18 ოლქში, ხოლო რეგიონების- 35 ოლქში გაიმართება. მეორე ტურის აუცილებლობა იმან განაპირობა, რომ კანდიდატებმა „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სრული მზადყოფნაა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე ხელისუფლების მხრიდან. დევნილთა და განსახლების მინისტრი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტური 50-ვე ოლქში მშვიდად ჩაივლის. სოზარ სუბარის პროგნოზით 50 ოლქიდან 49-ში „ქართული ოცნება“ მოიგებს.
„ერთ ოლქს ვერ მოვიგებთ, რადგან იქ ჩვენი წარმომადგენელი არ არის, მთაწმინდას ვგულისხმობ. ვერავინ ვერ გაბედავს რაიმე მცირე ინციდენტსაც კი, რასაც ადგილი ჰქონდა პირველ ტურში. შედეგი თუ გაინტერესებთ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 50 ოლქიდან 49-ში „ქართული ოცნება“ მოიგებს. ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერის იმედი. ამ იმედით გავიმარჯვეთ 2012 წელს, 2014 წელს თვითმმართველობებში და 2016 წელს და ეს იმედი გვაქვს 2016 წლის 30 ოქტომბერს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოზარ სუბარმა.
მეორე ტურში გამარჯვების მოლოდინი აქვს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კობა კობალაძეს, რომლმაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 40,31%, ხოლო მისმა კონკურენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ალექსანდრე ჩაფიჩაძემ ამომრჩეველთა 24,56% მიიღო. გლდანის მე-20 ოლქის მაცხოვრებლებმა 30 ოქტომბრს არჩევანი კობალაძესა და ჩაფიძეს შორის უნდა გააკეთონ.
for.ge-სთან საუბრისას კობა კობალაძე ამბობს, რომ კანდიდატების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ კანდიდატები საკმაოდ წარმატებულები და ლიდერები იყვნენ. აქედან გამომდინარე, კობალაძე 30 ოქტომბერს მოსახლეობის არჩევანს ელოდება.
„მარტო ჩვენს რაიონში 15-მდე საარჩევნო სუბიექტი იღებდა მონაწილებას არჩევნებში, მათ შორის ზოგი წარმოადგენდა როგორც პარტიას, ზოგი დამოუკიდებელ კანდიდატს, ამ რაიონის მკვიდრნი, ცხოვრებაში შემდგარი და წარამატებული ხალხი. აქედან გამომდინარე პროცენტული რაოდენობით, სადღაც 35% პროცენტამდე განაწილდა ამ მაჟორიტარებზე და მიუხედავად ამისა, ჩვენ გვქონდა ლიდერის ფუნქცია. რაც შეეხება მეორე ტურს, პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ვიყავით საკმაოდ წარმატებულები და ლიდერები ამ თვალსაზრისით. ასე რომ, 30 ოქტომბერს დაველოდოთ ჩვენი მოსახლეობის არჩევანს. არც ერთ ოლქში ჩვენ არ გაგვიჭირდება გამარჯვება. ჩვენი საზოგადოების პოზიცია ცალსახად და ნათლად არის გამოხატული, ისინი ეუბნებიან არას ქვეყნის შიგნით მოქმედ დესტრუქციულ ყოფილ მარგინალურ ძალას, ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კობა კობალაძე.
მეორე ტურში ისნის მე-10 ოლქში ერთმანეთს „ქართული ოცნებიდან“ ბექა ნაცვლიშვილი და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზაზა კედელაშვილი დაუპირისპირდებიან. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩებნებში ნაცვლიშვილს ამომრჩევლის 45,07%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის კონკურეტს, კედელაშვილს - 26,61 %-მა.
ბექა ნაცვლიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გამარჯვების შანსი აქვს, თუმცა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება სირთულე იყოს მხლოდ ის, რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის სიახლეს წარმოადგენს მეორე ტური.
„სირთულე შეიძლება იყოს იმაში, რომ ადამიანები არ არიან მიჩვეული მეორე ტურს. ერთელ უკვე გვქონდა ეს სიახლე მუნიციპალურ არჩევნებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოვიყვანოთ ადამიანები არჩევნებზე. ეს ცოტა რთულია, მაგრამ ამას ვცდილობთ ახლა, ამ ეტაპზე ვართ. საარჩევნო კომპანიის ნაწილი, სადაც ვეცნობოდით მოსახლეობის პრობლემებს, ეს პროცესი პრინციპში დასრულდა, ახლა მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, მოსახლეობას შევატყობინოთ, რომ მეორე ტურია, ჯერ არ გაგვიმარჯვია და, რომ გამარჯვების ბოლო ეტაპია გადასალახი, ამიტომ ზუსტად ამ მიმართულებით ვახდენთ მობილიზებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილმა.
არჩევნების მეორე ტურში გლდანის 22-ე ოლქში ერთმანეთს „ქართული ოცნებიდან“ ლევან კობერიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძე დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში კობერიძეს ამომრჩეველთა 44,75%-მა, ხოლო ბარამიძეს 25,61%-მა დაუჭირა მხარი. ამის მიუხედავად ბარამიძე შანსებზე საუბრობს, თუმცა, ამობობს, რომ ყველაფერი ხალხის ხელშია.
„საზოგადოებაზეა დამოკიდებული, მოინდომებს თუ არა მხარი დაუჭიროს ივანიშვილისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩაგდებას, მაშინ, როდესაც მისმა პარტიამ ამომრჩევლის 25%-ზე ნაკლები ხმა მიიღო პროცენტულად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შანსები არის, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ბუნებრივია, ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი ბარამიძემ.
„ქართული ოცნების“ წევრის რომან კაკულიას განცხადებით, რატომღაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჩაითვალა, რომ სწორი პიარ-სტრატეგია, როდესაც აბსოლუტურად არგუმენტების გარეშე წინასწარ აანონსებენ მაქსიმალურ გამარჯვებას და ამას, მისივე განცხადებით, აკეთბდნენ ისეთი პარტიები, რომლისგანაც სახელის მეტი არაფერია დარჩენილი. შესაბამისად, კაკულია ფიქრობს, რომ პროგნოზორებამ ფასი დაკარგა, მაგრამ მეორე მხრივ უფრო დაკვირვებული ხედვის და არგუმენტირებული პოზიციების ფასი გაზარდა.
„ის პოზიციები რასაც აჟღერებს „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ სხვა პარტიები, ეს თითქოს მათთვის მომგებიანი სტრატეგიაა, რომ მხარი არ დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის საფრთხე არსებობს, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. ჩვენდა საბედნიეროდ და მათდა სამწუხაროდ, ეს მათ სწორ სტრატეგიად მიაჩნიათ.
ყველაფერი ამის გათვალსიწინებით, ჩვენ უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. თუმცა, გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ უფრო მეტი ხალხი მოვა, ისინი უფრო მეტად გაიაზრებენ თავის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფრი ერთობლიობაში მაძლევს საშუალებას, რომ ოპტიმისტური პროგნოზი გამოვთქვა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რომან კაკულიამ.
სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ფიქრობს, რომ შეიძლება ერთ, ან ორ ოლქში შეიქმნას პრობლემა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მინიმუმ 48 ოლქში „ქართული ოცნება“ მოიგებს. როგორც ბიგვავა ამბობს, კანდიდატებმა პირველ ტურში დიდი განსხვავებით მოიგეს ყველასთან შედარებით და ფიქრობს, რომ დანარჩენი პარტიების მხარდამჭერები ძირითადად არჩევანს „ქართულ ოცნების“ კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთებენ. გარდა ამისა, სოცილოგი არ იზიარებს ხელისუფლების ოპონენტების განცხადებას, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევს ბიძინა ივანიშვილს და არა კონკრეტულ კანდიდატს.
„რა თქმა უნდა, ფაქტორია ბიძინა ივანიშვილის სახელი და ავტორიტეტი, მაგრამ არა მხოლოდ ეს. იმ კონკრეტულ ადამიანებს აქვთ ავტორიტეტი ადგილობრივ ოლქებში, სადაც ისინი იყრიან კენჭს. ასე რომ, ეს არაა მარტო ბიძინა ივანიშვილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მუშაობა და იმუშავებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავამ.