ნატო შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების გაგზავნას გეგმავს

ნატო შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების გაგზავნას გეგმავს

ნატო-ს წევრი ექვსი სახელმწიფო შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების გაგზავნას გეგმავს, რასაც ქართველი პოლიტიკოსები საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად აფასებენ, ქართველი ექსპერტები კი, მოსალოდნელ საფრთხეებზე აპელირებენ.

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაძლიერების გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე მიიღო და როგორც ჩანს, ნატო-მ მიმდინარე წლის 8-9 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი უკვე დაიწყო, რადგან ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ის ქვეყნები დაასახელა, რომელთაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს.

სტოლტენბერგის ინფორმაციით, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად სამხედრო ძალები გაგზავნონ, ხოლო სხვა წევრი სახელმწოფები განიხილავენ იმას, თუ რა გზით შეუძლიათ კონტრიბუცია.

„შეხვედრაზე ნატო-ს საზღვრების სიახლოვეს განხორციელებული სამხედრო აქტივობის შესახებ ვიმსჯელეთ. მათ შორის სწავლება „კავკაზ 2016“-ის და რუსეთის მიერ კალინინგრადის ოლქში ისკანდერის სარაკეტო კომპლექსების განლაგების შესახებ. რუსეთის საქციელით შეშფოთებულები ვართ, მაგრამ დიალოგი მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დაძაბულობა იზრდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა გამოსვლისას ყურადღება რუსეთის ქმედებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს, თუმცა რუსეთის ქმედებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

„ჩვენ ცივი ომი და შეიარაღების ახალი რბოლა არ გვსურს, რის გამოც ნატო-ს ქმედებები თავდაცვითი და პროპორციულია. ამავე დროს, ნატო-მ რეაგირება უნდა მოახდინოს, როცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი არსებითად აძლიერებს სამხედრო პოტენციალს. ვნახეთ, რომ ისინი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას ახდენენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავინახეთ, რომ რუსეთი მზადაა, მეზობელი ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა, რომლის განცხადებასაც შეფასებები საქართველოში უკვე მოჰყვა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე ნატოს გადაწყვეტილებას მიესალმება და განმარტავს, რომ ვარშავის სამიტზე, ალიანსმა გადაწყვიტა, აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ყოფნა გაზარდოს, ასევე მის საზღვრებს გარეთ სტაბილურობის გავრცელებას ხელი შეუწყოს და პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს დაეხმაროს, მათ შორის საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერებაში.

„აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო ყოფნის და აქტივობების გაძლიერებას მივესალმებით. განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში, რადგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ალიანსმა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო“, - დასძინა მინისტრმა.

თუ რა პოზიტიური და ნეგატიური მხარე შეიძლება ჰქონდეს შავი ზღვის რეგიონში ნატოს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების ყოფნას, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა.

როგორც for.ge-ს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, იმ ქვეყნების განსაზღვრა მიმდინარეობს, რომლებიც შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში თავის წვლილს შეიტანენ.

დეპუტატის შეფასებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ჩართულია.

„პირველ ეტაპზე საჭირო იმ ქვეყნების განსაზღვრა იყო, რომლებიც თავის როლს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეიტანდნენ. ძირითადად ეს შეეხება საზღვაო პატრულირებას, უსაფრთხოების სხვა ზომებს, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ იქნება ორიენტირებული. ასევე იცით, რომ ოკუპირებულია აფხაზეთი და სამწუხაროდ, ამ მიდამოებში არსებულ საზღვაო აკვატორიას ვერ ვაკონტროლებთ, არადა, გარკვეული ტვირთების მოძრაობა ხდება, რაც აკრძალულია როგორც ჩვენი კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. რიგ შემთხვევებში, ამ აკვატორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ბოლომდე ვერ უზრუნველვყოფთ. ნატოს ამ ღონისძიებაში ჩვენი ჩართულობა მეტ ზედამხედველობას ნიშნავს, იგივე შავი ზღვის აკვატორიაში“, - აცხადებს სესიაშვილი.

სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებას რუსეთის მხრიდან ერთგვარი პროტესტი მოჰყვეს.

„რუსეთი სტანდარტულად ნებისმიერ იმ საკითხზე ახდენს რეაგირებას, რომელიც მის უშუალო საზღვრებს შეეხება. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია, რომ რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს, მისთვის ასეთი ფორმატი მისაღები უნდა იყოს, მაგრამ მოლოდინი არ მაქვს, რომ რუსეთი ამას ტაშით შეხვდება, პირიქით, თავის პოზიციას დააფიქსირებს“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

თანაგუნდელის მსგავსად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ფიქრობს, რომ მთავარი თემა ისაა, რომ საფრთხეები ბალანსდება და for.ge-სთან საუბარში ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ნატო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეკავებას ცდილობს, რომლის კონტექსტში, ეს ღონისძიებები საქართველოსთვის ზიანის მომტანი არ იქნება.

„ეს რეგიონალური უსაფრთხოების კონცეფციაა, რომელიც აგრესიის დაბალანსებისკენ არის მიმართული. რასაკვირველია, საქართველომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და უსაფრთხოების კონცეფციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ამას ვინმეს საწინააღმდეგოდ არ ვამბობთ და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ძალისხმევას პოზიტიურად ვაფასებთ“, - აღნიშნავს ვოლსკი.

ხელისუფლების მსგავსად, ნატო-ს გადაწყვეტილებას მიესალმება ოპოზიცია. for.ge-სთან საუბარში ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“-ს წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ რუსეთმა ბევრი სამხედრო გადაადგილება განახორციელა, რაზეც ნატომ რეაგირება მოახდინა.

დეპუტატის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნატოს სამხედრო ძალების განლაგება პირველად ხდება. მათ შორის საუბარია, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთზე.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თუკი შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ძალები იქნებიან, ეს საქართველოს უსაფრთხოებას გაზრდის.

„როგორც ჩანს, ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერება შავ ზღვაშიც ხდება, რაც პასუხია იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებს. განცხადებიდან ჩანს, რომ ნატოს გაცხადებული მიზანია, მხარი დაუჭიროს ნატოს წევრ ქვეყნებს და მის პარტნიორებს იმისათვის, რომ პოტენციალი საფრთხეები თუ არსებობს, ამ საფრთხის განეიტრალება მოხდეს. დაახლოებით ცივი ომის მდგომარეობაა, რაც საბჭოთა კავშირსა და ნატოს შორის იყო. საქართველოს მიმართ ნეგატიურ კონტექსტს ვერ ვხედავ“, - აცხადებს ჯაფარიძე.

კანონმდებელი აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში ნეგატიური მხარე შეიძლება იმ ადამიანმა დაინახოს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა დაიჭიროს.

„ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს კარგია. კარგია, რომ ნატომ გაიღვიძა და გაცილებით უფრო აქტიური ხდება. საბოლოო ჯამში მჯერა, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. საქართველოსთან გეოგრაფიულად რაც უფრო მეტი ნატოს წარმომადგენლობა იქნება, ეს მით უფრო პოზიტიური იქნება თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ნატოსგან იმას მალე მივიღებთ, რისკენაც მივდივართ“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ქართველი ექსპერტები არსებულ საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ერთის მხრივ მნიშვნელოვანია, რუსეთის რეაქცია, ხოლო მეორეს მხრივ საყურადღებოა ის, რომ ამ პროცესში საქართველოს როლი მინიმალურია, მაგრამ ხიფათი მაღალია.

როგორც for.ge-ს ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განუცხადა, საქართველოსთვის ეს საკითხი საკმაოდ სერიოზული საფრთხის შემცველია, რადგან ორი დიდი სახელმწიფოს კონფლიქტის შემთხვევაში, სერიოზული დარტყმის ქვეშ რომ მოხვდე, თავისთავად, ეს ძალიან ცუდია.

„როცა რეგიონში კონფლიქტზეა ლაპარაკი, კონფლიქტი ამერიკასა და რუსეთს, რუსეთსა და ნატოს შორის იგულისხმება. ასეთი მასშტაბის კონფლიქტი რთულად წარმომიდგენია. მით უმეტეს, თურქეთი თანახმაა, რომ ამ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს. თუ ასეთი ტიპის კონფლიქტი წარმოიშვება და ეს იქნება მესამე მსოფლიო ომი, ამ შემთხვევაში, საქართველოს პასიური როლი ექნება, მაგრამ საქართველო სიტუაციაში მთლიანად ჩათრეული იქნება - მსუბუქად პოლიტიკურად და მაქსიმუმ სამხედრო თვალსაზრისითაც. ასე რომ, ჩვენთვის ეს საკითხი საკმაოდ სერიოზული საფრთხის შემცველია, რადგან ორი დიდი სახელმწიფოს კონფლიქტის შემთხვევაში, მოხვდე სერიოზული დარტყმის ქვეშ თავისთავად, ძალიან ცუდია“, - აცხადებს ექსპერტი.

არეშიძე მთავარ კითხვად სვამს იმას, ასეთი ტიპის კონფლიქტი რამდენად რეალურია.

„ვთვლი, რომ კონფლიქტის ალბათობის ხარისხი საშუალოა, ძალიან მაღალი არ არის და ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, საქმე კუნთების თამაშთან გავქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდება, ერთ მშვენიერ დღეს, სერიოზული კონფლიქტის ფორმატი არ შეიქმნება. ამ პროცესში საქართველოს როლი მინიმალურია, მაგრამ ხიფათი მაღალია. ანუ, საქართველოს გადაწყვეტილებების მიღება და ამ საქმეში აქტიური ჩარევა არ შეუძლია, მაგრამ თუ საომარი სივრცე შეიქმნება, იქ აუცილებლად მოვხვდებით და ეს ძალიან ცუდია“, - ამბობს არეშიძე.

კოლეგის მსგავსად, სოსო ცინცაძე საკითხზე საუბრისას ყურადღებას რუსეთის რეაქციაზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთავარია, რუსეთის რეაქცია როგორი იქნება. ცინცაძის განცხადებით, ბოლო ხუთი-ექვსი წელია, ვლადიმერ პუტინი ნატოს არც ერთ ნაბიჯს პასუხის გარეშე არ ტოვებს. მათ შორის კალინგრადში რაკეტები დაიდგა, რომელიც ლამის ესპანეთამდე გადავიდა.

„ამას რა მოჰყვება? - რუსეთს შავ ზღვაში ფლოტი და სევასტოპოლი აქვს, მაგრამ შეიძლება, ნატოს გადაწყვეტილებას რუსეთის მხრიდან ფლოტის გაძლიერება მოჰყვეს. ვერ გეტყვით, პუტინი თვალს დაადგამს თუ არა ფოთსა და ბათუმს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადება ერთია, მაგრამ თავად ნატოში ძალზედ დიდი წინააღმდეგობებია. სამიტი რამდენიმე დღის წინ გაიმართა, სადაც სანქციების გაძლიერება უბრალოდ ახსენეს. უნგრეთი და იტალია ყალყზე შედგნენ და თქვეს, სანქციებზე საერთოდ ხმა არ ამოიღოთო. განცხადებიდან რეალიზაციამდე ხშირად წლები გადის. ამიტომ, საქართველო რუსეთის საპასუხო განცხადებებსა და ნაბიჯებს უნდა დაელოდოს, რის შემდეგაც შეიძლება ვილაპარაკოთ გამოწვევებზე, რისკებსა და სხვა საკითხებზე. საქართველოსთვის პოზიტიურს ვერ ვხედავ. გააჩნია, დახმარება რა იქნება, მაგრამ ესეც საეჭვოა“, - დასძენს ცინცაძე.

ნატო-ს გეგმას პოზიტიურად აფასებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ძალების გამოჩენა მისი ბავშვობის ოცნება იყო.

ბერძენიშვილის მოსაზრებით, ის ექვსი ქვეყანა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ნატო-ს უბრალო წევრები არ არიან და ისინი შავი ზღვის საქმეებში კარგად ჩახედულები არიან.

„ვფიქრობ, რომ არასწორი ექსპერტები ჩაწერეთ, რადგან ამერიკელი ექსპერტის მოსაზრებას ვკითხულობდი, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ნატოსთვის, ასევე საქართველოსთვის. შავ ზღვაში მათი გამოჩენა ჩვენი ბავშვობის ოცნება იყო, რადგან ის პერიოდი კარგად მახსოვს, როცა ბათუმში, ჩემი ახლობლები სანაპიროზე გადიოდნენ, ამერიკის მეექვსე ფლოტი ხომ არ შემოვიდაო, რადგან საქართველოს გადარჩენის სიმბოლო ეს იქნებოდა. თუ რომელიმე ექსპერტს ჰგონია, რომ ეს გაზრდის ჩვენს მოწყვლადობას და ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, ქვეყანას ჩავაბარებთ თუ არა რუსეთს, ის ექსპერტი კი არა, სამშობლოს მოღალატეა და აზრზე არაა, რას ლაპარაკობს“, - აცხადებს ბერძენიშვილი.