„ჟურნალისტი“ ჟორიკა რურუა და „ALLMEDIA.GE“-ს ამოფარებული ე.წ. დამკვირვებლები

„ჟურნალისტი“ ჟორიკა რურუა და „ALLMEDIA.GE“-ს ამოფარებული ე.წ. დამკვირვებლები

თბილისში, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ ოლქში, ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა - 44,42% დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. მისმა კონკურენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა რურუა მხოლოდ 26,92% მიიღო. შესაბამისად, 30 ოქტომბერს მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს ზურაბიშვილი და რურუა უპირისპირდებიან.

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობა დააანონსა. მისი თქმით, მეორე ტურისთვის აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა უჩვეულოდ მაღალია, რამაც შესაძლოა, საარჩევნო უბნებზე არეულობის შეტანაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

საგანგებო ბრიფინგზე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს სტატისტიკაც წარმოუდგინა და შეახსენა ერთ-ერთი მედიასაშუალების „ALLMEDIA.GE“ -ს მიერ არჩევნების პირველი ტურისთვის 3 400 აკრედიტებულ ჟურნალისტს მეორე ტურისთვის 500-მდე ჟურნალისტი დაემატა, რადგან მედიამ ღია კონკურსი გამოაცხადა აკრედიტაციასთან დაკავშირებით.

„ამას ემატება დაახლოებით 700 ჟურნალისტი „რუსთავი 2“- დან და ჩემი გამოთვლებით, 5 ათასამდე ჟურნალისტი უნდა გადანაწილდეს 50 ოლქში, რაც თითო უბანზე დაახლოებით, 30 ჟურნალისტის ყოფნას ნიშნავს. ვინ იქნებიან მათ რიგებში არავინ იცის, რადგან პირველი ტურის დროს მათ რიგებში იდგა ჟორიკა, და ვიცით რა წარსული აქვს ამ ადამიანს.

არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ რიგებში აღმოჩნდნენ იმ დაცვის კომპანიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ეკუთვნის კანდიდატს და მის ძმას. ამ რაოდენობას ემატება არასამთვრობოები და სხვა დამკვირვებლები, რომლებიც სხავადსხვა ფორმით შევლენ უბანზე, ეს ყველაფერი კი ხდება „ALLMEDIA.GE“-ს სიტყვებით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ამ რაოდენობის ადამიანების შესვლა ორ მიზანს ემსახურება, ერთი შესაძლოა, იყოს არეულობა და მეორე, ზეწოლა ამომრჩევლებზე. ზურაბიშვილი მიმართავს მთაწმინდის ოლქში ყველა თავმჯდომარეს, რომ სწორედ ამ უბანზე დაცული იყოს წესრიგი, უზრუნველყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება.

„კანონი არ კრძალავს ამ რაოდენობის ადამიანს უბანზე, თუმცა კრძალავს იმას, რომ არ დაუშვას უბანზე კონკრეტული მედიიის სამ წარმომადგენელზე მეტი. პირობას ვდებ ჩემი შტაბის წარმომადგენლები და დამკვირვებლები ყველაფერს იღონებენ, რომ საარჩევნო უბანზე წესრიგი იყოს დაცული. არეულობის მოწყობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც ამას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მთაწმინდის პირველი მაჟორიტარული ოლქის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, კომენტარს არ აკეთებს ამავე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა რურუა. რაც შეეხმა მის ძმას, გიორგი რურუას, იგივე ჟორიკას, ის დამკვირვებლის სტატუსით 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვიდეოში კარგად ჩანს „ALLMEDIA.GE“-ის ჟურნალისტის სტატუსით საარჩევნო უბანზე მყოფილი ჟორიკა რურუა. აკრედიტაცია კი გავლილი ჰქონდა არარსებული ინტერნეტპორტალი „ALLMEDIA.GE“-ს სახელით. ამ ყველასთვის უცნობმა სააგენტომ უბნებზე დამკვირვებლის სტატუსით 3402 ჟურნალისტის ყოლის უფლებაც კი მოიპოვა.

სააგენტოს ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები თუ რეპორტაჟები, სააგენტოს გვერდზე არ მოიპოვება, რაც თავისთავად ბადებს კითხვას, რა საერთო აქვს ინტერნეტ პორტალ „ALLMEDIA.GE“-ს ჟურნალისტიკასთან და რეალურად, ვინ არიან ჟურნალისტის სტატუსს ამოფარებული ე.წ. ჟურნალისტები. ამის მიუხედავად, 24 ოქტომბერს სააგენტომ სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გამოქვეყნა და ამჟერად ყველა მოქალაქეს აძლევენ საშუალებას, რომ როგორც მოხალისეები დააკვირდნენ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს.

იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მედია წარმომადგენლის აკრედიტაცია მედიაპლატფორმა „ALLMEDIA.GE“-ს მეშვეობით მოიპოვონ, საჭიროა, რომ ელ-ფოსტაზე გააგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი. ვინაიდან, როგორც „ALLMEDIA.GE“ მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროპულ ოჯახში დაბრუნების კუთხით.

„ქართული ოცნების“ წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, ბევრ კითხვას ბადებს მედია საშუალების გამოჩენა, რომელსაც 3 500 თანამშრომელი ჰყავს და არც ერთი მედია სიახლე არ დაუდია და არ გაუშუქებია.

„კიდევ უფრო უცნაურია ის მოწოდება, რომ უამრავი ადამიანი ჩაერთოს მათი საშუალებით არჩევნების პროცესის გაშუქებაში. მე ასე შევაფასებდი ამ თემას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს სწორედ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების, მოსახლეობისა და არჩევნების მიმართ. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამდენ ადამიანს შორის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკმაოდ ბევრი იყოს საზოგადოებისათვის არაკეთილმოსურნე მიზნებით გამსჭვალული ადამიანების რაოდენობა და მოვუწოდებდი, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის მოქმედებებისგან“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სამართალდამცავების მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, მაგრამ სამართლებრივი რეაგირებისთვის საკმარისი მხოლოდ განცხადება ვერ იქნება, უნდა იყოს მაქსიმალური მობილიზაცია, რომ არ მოხდეს უბანზე არეულობა.

„ცალკე თემაა ეს მედია საშუალება. ამ შემთხვევაში რომც არ იყოს მაჟორიტარი კანდიდატის განცხადება, ეს მაინც საყურადღებო საკითხია იმიტომ, რომ საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია 3 500-ანი ორგანიზაცია და მით უმეტეს, როცა ლაპარაკია სააგენტოზე. ამიტომ, ეს იწვევს ძალიან ბევრ კითხვებს და ალბათ, საჭიროა მობილიზაცია საიმისოდ, რომ დაუშვებელი და შეუძლებელი გახდეს არეულობის მოწყობა“, - აცხადებს საყვარელიძე.

მისი თქმით, როდესაც საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ნამდვილად ასეთი გეგმა არ არის გამორიცხული.

„არაერთხელ ვნახეთ, რომ არეულობასთან და დესტაბილიზაციასთან ყოველთვის ფიგურირებდნენ ნაციონალები. მით უმეტეს ამ ფრაგმენტებში, ცალკეულ მაჟორიტარულ ოლექებში, შეიძლება იყოს არეულობის მოწყობის მცდელობა, იმისდა მიხედვით, როგორი იქნება სიტუაცია, მათი გეგმა შეიძლება აღმოჩნდეს ქმედითი. არ გამოვრიცხავ, ამ შემთხვევაში ნაციონალებმა დაასკვნეს, რომ ასეთი ფიზიკური საფრთხის დროს, სალომე ზურაბიშვილი, როგორც ქალბატონი უკან დაიხავეს და შეიძლება მისი დაშინება, ან მისი მხარდამჭერების. ვფიქრობ, რომ არასწორი მოლოდინი აქვთ“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე