საქართველოში ბიზნესის წარმოება წლიდან წლამდე მარტივდება

საქართველოში ბიზნესის წარმოება წლიდან წლამდე მარტივდება

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმოების სიმარტივით საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. ამასთან, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის - მაკედონიის და ლატვიის შემდეგ. მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს პირდაპირი გზავნილია ინვესტორებისთვის. რამდენად იმოქმედებს მსოფლიო ბანკის რეიტინგი უცხოურ ინვესტიციებზე, ეს მალე გამოჩნდება.

საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

გასული წლის განმავლობაში საქართველომ ხუთი რეფორმა განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ელექტროენერგიის მიღება, ქონების რეგისტრაცია, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვა, საერთაშორისო ვაჭრობა და გადასახადების გადახდა.

გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით. საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობის და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით. ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. გადასახადების გადახდის სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა.

„ბიზნესის წარმოების“ კვლევის მიერ შეფასებულ ხუთ სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს წინსვლა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ქვეყანა კვლავაც წარმატებულ რეფორმატორებს შორისაა ეკონომიკური ზრდით და გლობალური შოკების მიმართ მდგრადობის გაძლიერებით“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა.

მთავრობა მსოფლიო ბანკის შეფასებით ძალიან კმაყოფილია. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საქართველოს წლევანდელი წარმატება განპირობებულია მთავრობის კოორდინებული და ეფექტური მუშაობით.

„ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული ხუთი რეფორმით საქართველო მსოფლიოში 190 ქვეყანას შორის კვლავ მთავარ ათ რეფორმატორს შორისაა. წინა წლებთან შედარებით, 2017 წელს საქართველომ გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიც გერმანია, რომელიც მე-17 ადგილზეა და ირლანდია, რომელიც მე-18 ადგილზეა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველო მშენებლობის და ქონების რეგისტრაციის მიხედვით, პირველ ადგილზეა. ქვეყნის რეიტინგი გაუმჯობესებულია 7 ინდიკატორში 11 კომპონენტში, ხოლო საქართველოს ქულა გაუმჯობესებულია 7 ინდიკატორში.

წინა წელთან შედარებით 2017 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია (მე-17 ადგილი), ირლანდია (მე-18 ადგილი), ავსტრია (მე-19 ადგილი), ისლანდია (მე-20 ადგილი), ლიტვა (21-ე ადგილი), კანადა (22-ე ადგილი), მალაიზია (23-ე ადგილი), პოლონეთი (24), პორტუგალია (25), ჩეხეთი (27), ნიდერლანდები (28), საფრანგეთი (29), სლოვენია (30), შვეიცარია (31), ესპანეთი (32), სლოვაკეთი (33), იაპონია (34), იტალია (50), ისრაელი (52), აზერბაიჯანი (65), თურქეთი (69), უკრაინა (80) და სხვა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 7-საფეხურიანი ნახტომი რეიტინგში მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის. „მსოფლიო ბანკის რეიტინგს რაც შეეხება, ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ფაქტობრივად, 7 საფეხურით აიწია საქართველომ ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში - 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ვინაიდან საქართველო შედის წამყვან ქვეყნებში. პოზიტიური ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისათვის, რომელიც ფიქრობს საქართველოში კაპიტალის დაბანდებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.