გასულ კვირას ლოპოტის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა უამრავი კითხვა წარმოშვა, რომელზედაც პასუხები დღემდე გაუცემელია. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ერთ ნაწილს დევნის ოპერაცია ხელისუფლების დადგმულ პიარაქციის ნაწილად ეჩვენება, რომელიც, სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა.
არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ამ ოპერაციამ ჩვენი ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან გადაარჩინა. იყო თუ არა აუცილებელი ე.წ. დივერსანტთა განადგურება, ვისი ხელშეწყობით ან უყურადღებობით მიეცათ მოჯაჰედებს საქართველოში შემოსვლის საშუალება, ამის გარკვევა კომპეტენტურ წყაროებთან ვცადეთ.
რა ხდებოდა დახურულ ბაზაში?
მასალა, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ორი კვირის წინ ჩავწერე მაგრამ გამოქვეყნებას მოვერიდე. ერთი მხრივ, მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმებას ვცდილობდი, რაც რთული აღმოჩნდა, მეორე მხრივ, ვაღიარებ, არ მსურდა თუნდაც ერთი გაქცეული სიტყვით ბიძგი მიმეცა რაიმე პროვოკაციისთვის. მას შემდეგ კი, რაც ლოპოტის ხეობაში მოვლენები ელვისებურად განვითარდა და ზოგიერთმა ექსპერტმაც დამიდასტურა, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ გადამევლო თვალი მასალისთვის და ის საზოგადოებისთვის გამეცნო.
ვინ და რატომ ლაპარაკობდა ორი კვირით ადრე მოსალოდნელ პროვოკაციაზე?
გთავაზობთ ქართული სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ნაამბობს, რომელიც დახურულ ბაზაში გადიოდა წვრთნას და ავადმყოფობის გამო სამსახურის დატოვება მოუხდა:
- რასაც ახლა გეტყვით, საკუთარი თვალით ვნახე. აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ბაზაში (არ ვაზუსტებ ადგილმდებარეობას, რადგან ამით ჩემი ვინაობის დადგენა შესაძლებელი გახდება და საფრთხე შემექმნება) ივლისის მეორე ნახევრიდან წვრთნას გადიოდნენ ადამიანები, რომელთა ეროვნება უცნობია. მათ გვერდით მომზადებას გადიოდნენ ქართველებიც, სხვადასხვა კონტინგენტის წვრთნა მიმდინარეობდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წვრთნას გადიოდნენ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან საქართველოს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმში. მათთან ერთად მზადებას გადიოდნენ არაქართველებიც, რომლებიც ცხადია, დაქირავებული იყვნენ. არსებობდა ცალკე ჯგუფიც, რომელიც სხვადასხვა რაიონში შეკრებილი მამაკაცებისგან შედგებოდა, მათ მხოლოდ მიტინგების დასარბევად ამზადებდნენ.
ე. წ. ნებაყოფლობით რეზერვისტებს გულისხმობთ?
- არა, ესენი იყვნენ რაიონებიდან ჩამოყვანილი ნაკლებად ცნობილი მოკრივეები, მოჭიდავეები და მორაგბეები. მათ წვრთნისას ხელკეტებს, ფარებსა და სხვა აღჭურვილობას ურიგებდნენ.
ამისთვის ფულს უხდიდნენ?
- რასაკვირველია. მათი ხელფასი (არაოფიციალურად) 730 ლარს შეადგენდა. ასეთი რაზმი, მაგალითად, ორხევსა და მუხროვანშიც იყო. სპეცდანიშნულების რაზმი დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების სალიკვიდაციოდ იქმნება, სხვათა შორის, ეს სპეცდანიშნულების რაზმი ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას ახალაიასთან თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადაიყვანეს, მერაბიშვილის გაპრემიერმინისტრების შემდეგ კი უკან გადმოიყვანეს, შსს-ში. ახლა ამ რაზმს, რომელიც სულ სხვა პრინციპით იყო გაწვრთნილი, სხვა რამეს ასწავლიან. სხვათა შორის, ამ რაზმმა 2008 წლის ომში თავი ისახელა ერთ-ერთ რუსულ კოლონასთან ბრძოლაში. მოულოდნელად ჩასაფრებიდან ამოუხტნენ და ძალიან მოკლე დროში თითქმის სრულად გაანადგურეს.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანის ანაზღაურება სხვადასხვაგვარია, - იწყება 730 ლარიდან და 1.700 ლარით მთავრდება. წვრთნები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. იდეოლოგიური დამუშავებაც მიმდინარეობს, რაც შიდაპოლიტიკურ პროცესებს ნაკლებად უკავშირდება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით.
"მოჯაჰედებსა და ქართველ სპეცრაზმელებს შორის კინკლაობა ფულის გამო დაიწყო"
კიდევ ერთი პირი, რომელიც მოსალოდნელ პროვოკაციაზე რამდენიმე თვით ადრე ლაპარაკობდა (საჯაროდ), კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი იყო. მან წინასწარ აღწერა ის სიტუაცია, რაც ლოპოტის ხეობაში განვითარდა და ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ჩრდილოკავკასიელების საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრა რუსეთს საქართველოზე შეტევის საფუძველს მისცემდა. კასრელიშვილი იმთავითვე ვარაუდობდა, რომ ჩრდილოკავკასიელების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე ხელისუფლების უნებართვოდ არ მოხდებოდა. რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ თავი აერიდებინა ამ პროვოკაციისთვის, რა მოხდა რეალურად ქართველ სპეცრაზმელებსა და მოჯაჰედებს შორის, ამაზე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრა.
- გიდასტურებთ, რომ თქვენი სპეცრაზმელის მონათხრობი სიმართლეს შეესაბამება. მეც მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ბაზაზე ჰყავდათ ჩამოყვანილი ე.წ. კონტრაქტორები, რომლებსაც რუსეთის აგრესიის შემთხვევაში გამოიყენებდნენ. პრობლემა ის კი არ არის, თუ სახელმწიფო იყენებს დაქირავებულ პირებს მოწინააღმდეგის აგრესიის მოსაგერიებლად (ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს), არამედ ის, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ამგვარი ურთიერთობა არ არის მოქცეული ლეგალურ ფარგლებში.
ჩვენ არ ვეთანხმებით საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ოფიციალურ ვერსიას. ვფიქრობთ, ეს იყო გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი ინციდენტი, რასაც იძულებით მოჰყვა მძევლების აყვანა, თუკი საერთოდ, იყო ასეთი ფაქტი. ამასთან, ჩვენს ჩრდილოკავკასიელ მეგობრებს დავუკავშირდით, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ ეს ხალხი შემთხვევით არ აღმოჩენილა ამ ტერიტორიაზე. ისიც გამორიცხულია, თითქოს ჯგუფს გზა აებნა და საქართველო-დაღესტნის საზღვარზე გადმოვიდა. მებრძოლებს აქვთ საკუთარი მარშრუტი, რომლის მიხედვითაც დადიან და თუ გზა აებნევათ, შეიძლება გადმოუხვიონ 2-3 კილომეტრით, არ შემოვლენ 25 კილომეტრით ქვეყნის სიღრმეში. ჩანს, ეს მებრძოლები საქართველოში პირველად არ ყოფილან, მათ კარგად იცოდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაც, უბრალოდ, დაუგეგმავ წინააღმდეგობას წააწყდნენ. წარმოიშვა გაუთვალისწინებელი კონფლიქტი, რასაც შესაძლოა, მძევლების აყვანა მოჰყვა.
ჩვენი ხელისუფლება პიარის დიდოსტატია და მომხდარის სათავისოდ გამოყენება სცადა, მაგრამ ღრმად შეტოპა, რასაც სისხლის ღვრა მოჰყვა. "კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამიჯნოს ხელისუფლება და მოსახლეობა. ამ ორგანიზაციის სახელით უახლოეს დღეებში გავავრცელებთ განცხადებას, რომ არაფერ შუაშია ქართველი ხალხი. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დღეს ის მიუღებელია როგორც ჩრდილოკავკასიელებისთვის, ასევე დასავლეთისა და რუსეთისთვის. თუმცა მისი ქმედებებიდან ყველაზე მეტ სარგებელს მაინც რუსეთი ნახულობს. ცხადია, სააკაშვილის ხელით ჩრდილოკავკასიელები და ქართველები თუ გადაეკიდებიან ერთმანეთს, ამით რუსეთი იხეირებს, შექმნილი ვითარება არ აწყობს დასავლეთსაც, რომელიც კავკასიაში სტაბილურობის მომხრეა.
ვიდრე მოჯაჰედები ლაფანყურის მკვიდრ ახალგაზრდებს მძევლად აიყვანდნენ, კონფლიქტი უკვე დაწყებული იყო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დაღესტნელმა მეგობრებმა მოგვაწოდეს, კონფლიქტი მოჯაჰედებსა და ქართულ მხარეს შორის წარმოიშვა რაღაც პირობებზე შეუთანხმებლობის გამო. ჩვენმა ხელისუფლებამ არ შეასრულა ის, რაც მათ დაჰპირდა, დაიწყო კინკლაობა, ამას მოჰყვა შეურაცხყოფა და ერთმანეთთან დაპირისპირება. ამის შემდეგ გაიქცნენ მებრძოლები ტყეში და არ არის გამორიცხული, მათ ამ დროს აეყვანათ მძევლები.
რის გამო შეიძლებოდა მოსვლოდათ მათ კონფლიქტი ქართულ მხარესთან?
- გაუხმაურებელი ინფორმაციით, თანხის გამო, ამ მებრძოლებისგან ზოგიერთი კონტრაქტორი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დახურულ სამხედრო ბაზებში.
ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები საქართველოს ჩრდილო საზღვრის პერიმეტრზე იქნებოდნენ მობილიზებული, რათა საჭიროების შემთხვევაში რუსეთიდან მომავალ აგრესიას ქართველებთან ერთად აღსდგომოდნენ წინ.
რატომ ფიქრობთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ დასავლეთის თვალში ქულები ვერ დაიწერა, მაშინ როცა მან დაანახა ყველას, რომ ამ სპეცოპერაციით ქვეყანას აარიდა საფრთხე, რომელიც რუსეთისგან შეიძლებოდა შეჰქმნოდა?
- გაითვალისწინეთ ერთი რამ - ეს ხდება ახლა, როდესაც დასავლეთი ელოდება საქართველოსგან დემოკრატიულ არჩევნებს, აინტერესებს შედეგი და არავითარი ექსცესი ამ რეგიონში ხელს არ აძლევს. აუცილებლად იქნება დასავლეთის განცხადებები, შეგონებები, შენიშვნები და გაფრთხილებები, მაგრამ ეს არეულობა და პროვოკაციები ასე ადვილად არ ჩაწყნარდება.
თქვენ ვარაუდობდით ასეთ პროვოკაციას, რომ სექტემბერში ჩრდილოკავკასიელებთან დაკავშირებული საკითხები აქტუალური გახდებოდა და შიდაპოლიტიკურ ბატალიებს გადაფარავდა. რა გაძლევდათ მაშინ ამის თქმის საფუძველს?
- ჩვენ ახლაც ვვარაუდობთ, რომ პროვოკაციები გაგრძელდება. ვამბობდით, რომ ამ საქმეში იქნებოდნენ ჩართული ე. წ. სალაფიდები, იმარაYთის მეომრები, რომლებთანაც ქართულმა მხარემ კავშირის დამყარება სცადა, თანაც, ამ საქმესაც, ისევე როგორც ბევრ სხვას, ზერელედ მიუდგა. სამწუხაროდ, ვვარაუდობდით იმასაც, რომ საფრთხეები წამოვიდოდა ჩრდილო კავკასიიდან და არა ოსეთიდან და აფხაზეთიდან. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის კიდევ მეტ დაძაბულობას ველოდებით, შესაძლებელია სექტემბრის ბოლოს ჩრდილო კავკასიაში რუსეთის არმიის წვრთნებმა გადაფაროს სიტუაცია.
დაღესტანში ვითარება დღითი დღე იძაბება...
- დიახ, დაპირისპირებაა ტრადიციული ისლამის მიმდევრებსა და სალაფიდებს შორის. სალაფიდები ასევე ებრძვიან საერო ხელისუფლებას, რუსეთის სამხედრო მანქანას. ქვეყანაში თითქმის ყოველდღე შეტაკებებია. ჩეჩნეთისა და ინგუშეთისგან განსხვავებით აქ სხვა ტაქტიკა მოქმედებს, - ეს მებრძოლები თავს ესხმიან მხოლოდ მაღალჩინოსნებს, როგორც რუსეთის სამხედრო ელიტის წარმომადგენლებს, ისე დაღესტნის საერო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ფაქტობრივად, ქვეყანაში ჯიჰადი მიდის. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტის უცოდინარობამ საქართველო გარკვეულწილად მიაბა ამ პრობლემას. რა საჭირო იყო ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაცია, კარგად ვერ მივხვდი. დაღესტნელებს ისედაც ძალიან აღიზიანებდათ ჩვენს ქვეყანაში დაწყებული პიარკამპანია, საქართველოში ლეკიანობა დაიწყოო.
"კავკაზცენტრის" გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის თქვენს განცხადებებთან?
- "კავკაზცენტრი" ავტორიტეტული ორგანიზაციაა, მაგრამ ვფიქრობ, "კავკაზცენტრი" ცდილობს ჩიხიდან გამოიყვანოს ჩრდილოკავკასიელებსა და ქართველებს შორის დაძაბული ურთიერთობა. რადიკალური ისლამის მიმდევრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ შურისძიება გაგრძელდეს მომხდარის გამო და ნაბიჯი თავად გადადგეს იმისთვის, რომ დამშვიდდეს ვითარება. ამიტომაც თავად გააკეთეს განცხადება ჩვენი ხელისუფლების სასარგებლოდ, რათა შურისმაძიებელ მებრძოლებს ხელ-ფეხი შეუკრან. ამას, ალბათ, მოჰყვება განცხადებები, რომ ქართველი ერისადმი არ არიან ცუდად განწყობილი და მერე, ალბათ, ცხედრებს მოითხოვენ...
გავრცელდა ვიდეოფირი, სადაც ჩანს მოჯაჰედების იარაღი და საძილე ტომრებში მოთავსებული მათი ცხედრები. როგორ აღმოჩნდნენ ისინი ამ მდგომარეობაში?
- საერთოდ, ეს მებრძოლები ცეცხლს არ ანთებენ ტყეში, რისი კვალიც კადრში ჩანდა, ზოგს ამერიკული ფორმა ეცვა, ზოგს რუსული, კაციშვილი ვერ გაიგებდა, ვინ რა წარმომავლობის იყო. იარაღიც კარგად მოვლილი და გაპრიალებული ჩანდა, რომელიც სპეცსამსახურის თანამშრომლის თუ პოლიციელის კუთვნილი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ არა მებრძოლისა, რომელიც ტყეში დახეტიალობს. საძილე ტომრების შესახებ ვერაფერს გეტყვით, ვერ ვხსნი ამ რიტუალს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ - ლიკვიდაცია მოხდა იმიტომ, რომ მოწმეები არავის სჭირდებოდა. ახლა ისინი წვევამდელებად გამოაცხადეს, მათ არავინ იცნობს და მათ მისვლა-მოსვლაზე პასუხისმგებლობას არც ერთი საველე მეთაური არ იღებს.
"არ არის გამორიცხული, რომელიმე გარდაცვლილი მოჯაჰედის ჯიბეში ჩემი ფოტოც იპოვონ"
მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: - პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრებს. მათი სიკვდილი გამოსაძიებელია სწრაფად და სკრუპულოზურად. ის, რაც ლოპოტის ხეობაში მოხდა, იმდენ კითხვას ბადებს, ცალსახად პასუხი გამიჭირდება. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, - 11 მოჯაჰედი ერთად არც ერთ ბრძოლაში არ დაღუპულა რუსებთან შეტაკების დროს,
მაშინ როცა ფედერალები 15 წელია ებრძვიან მოჯაჰედებს. ახლა ისე გამოდის, თითქოს მოჯაჰედები ერთად იყვნენ სადმე მოყუჩებული და იარაღი დაყრილი ჰქონდათ. ასევე, გასარკვევია, გვაქვს თუ არა სასაზღვრო დაცვა და თუ გვაქვს, მოჯაჰედები როგორ გამოეპარათ? ხელისუფლებამ ხეობაში ათასამდე მეომარი და შვეულმფრენი შეყარა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს 20-კაციანი ჯგუფი კი არა, მთელი რუსული არმია შემოიჭრა ლაფანყურის დასაპყრობად.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ მოჯაჰედების მძევლები გაათავისუფლა. თუ იყო მათი მონათხრობი თქვენთვის დამაჯერებელი?
- არა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, არც ერთმა მძევალმა რუსული ენა არ იცის. მეორეც, ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო მათი კარგა ხნით იზოლაცია საზოგადოებისგან. მშობლებმაც ძლივს დაადგინეს, თუ სად იყვნენ მათი შვილები. მძევლებს ეტყობოდათ, რომ დარიგებულებივით ლაპარაკობდნენ. ზოგიერთი სხვა ფეხსაცმლით დაბრუნდა უკან... გაურკვეველია, როგორ მოხვდნენ ისინი მძევლებად და რა პირობების სანაცვლოდ აიყვანეს. ჩემი ბრალი არ არის ის, რომ ბევრი რამ, რაც ამ სპეცოპერაციას უკავშირდება, საეჭვოდ მეჩვენება. ხელისუფლებამ დააჩვია საზოგადოება განმუხურს (აჯანყების ჩახშობა), მოდელირებულ ქრონიკას, ზურაბ ჟვანიას სიკვდილის ეპიზოდის ბუნდოვანებას. არც ერთ ამ შემთხვევაში არ მიუღია საზოგადოებას კითხვებზე ამომწურავი პასუხი. არის არაერთი ვერსია, თუ რა მოხდა ლაფანყურთან. ვერსიები იწყება იმით, რომ შეიძლება მართლა იყო შეიარაღებული ჯგუფი შემოსული დაღესტნიდან და მთავრდება იმით, რომ ყველაფერი ბლეფია და სპექტაკლი. მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს შიდაპოლიტიკური პროცესები. არც ის გამიკვირდება, რომ დახოცილების ჯიბეებში კომპრომატები მოქექონ "ქართულ ოცნებაზე", მაგალითად, "ქართუ ბანკის" ყალბი პლასტიკური ბარათი ან ჩემი ფოტო წარწერით "სახსოვრად ძვირფას მეგობარს".
დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ხელისუფლება ყველა ღონით ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და არ დაუშვას არათუ ოპოზიციის გამარჯვება, არამედ წარმატებაც. ქვეყნის პირველი პირისგან უმაღლეს ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება: "ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ დიდი ანგარიშით, გავიმარჯვოთ ნებისმიერ ფასად!" აქედან გამომდინარე, პროვოკაციებს სულ უნდა ველოდოთ.
უკვე დადის ხმა, რომ 9 სექტემბერს მიტინგს შეუტევენ ზუგდიდში. ასევე, დაგეგმილია კახი კალაძის საწინააღმდეგო დიდი აქციები.
ასეთ ინფორმაციას ისევ სახელისუფლებო ეშელონებიდან ვიღებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივრების წყალობით. მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი იქნება ისეთი პროვოკაცია, რომელმაც შესაძლოა რუსეთის აგრესია გამოიწვიოს. რუსეთი ისედაც აგრესორია და ამზადებს კიდეც პროვოკაციას საქართველოში, რომელსაც განიხილავს ირანის კრიზისის კონტექსტში, რაც დაგეგმილი აქვს წლის ბოლოს, 2013 წლის დასაწყისში. თუმცა, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ იმდენი ქნას, რუსეთს ეს თარიღი აქეთ გადმოაწევინოს, ვითარების ასეთ გამწვავებას კი არჩევნების გადადება აუცილებლად მოჰყვება.