მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ავტობიზნესით დაკავებული ადამიანები ორ სავარაუდო თარიღს ასახელებენ - 2017 წლის 1-ლი იანვარი ან 1-ლი მარტი. მყიდველები უკვე პასიურობენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალ წელს შეზღუდვა აუცილებლად დაწესდება.
იმპორტიორები ცდილობენ მიმდინარე წელსვე მოასწრონ ავტომობილების იმპორტი, რადგან ვარაუდობენ, რომ მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა მანქანების გაძვირებას და მათზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს.
ავტოდილერი ლევან ჩიქვანაია აღნიშნავს, რომ ადრე მარჯვენასაჭიანი ავტომობილები საკმაოდ კარგად იყიდებოდა, ახლა კი, კლიენტები ამ მანქანებს ნაკლებად ეტანებიან.
„ვინც ტარება იცის, მარჯვენასაჭიან მაქანასაც კარგად ატარებს და მარცხენასაჭიანსაც. აიკრძალება თუ არა, ჯერ ამის შესახებ ინფორმაცია არა გვაქვს. ფაქტია, რომ ეს მანქანები მხოლოდ საქართველოში იყიდება, რადგან მათი რეგისტრაცია მეზობელ ქვეყნებში დაშვებული არ არის, ამიტომ მათ არც აზერბაიჯანელები ყიდულობენ, არც უკრაინელები და არც რუსები, რადგან მათ ქვეყნებში ასეთ მანქანებს არ აფორმებენ, თუნდაც მძღოლმა საჭე მარცხნივ გადაიტანოს.
შესაბამისად, ამ ავტომობილებს ძირითადად ქართველები ყიდულობდნენ, რადგან მათი ფასი მარცხენასაჭიანი მანქანებთან შედარებით იაფია: 3500 დოლარად რომ შეიძენთ ნორმალურ მარჯვენასაჭიან მანქანას, 5000 მარცხენასაჭიანში უნდა გადაიხადოთ. ამ ეტაპზე მარჯვენასაჭიანების შეძენას უკვე საქართგველოს მოქალაქეებიც ერიდებიან“, - უთხრა „ბიპიენს“ ლევან ჩიქვანაიამ.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას არ ეთანხმება, თუმცა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას უსაფრთხოებისათვის საჭირო სხვადასხვა ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც მარჯვენამხრივი მოძრაობაა, პრობლემას ქმნის მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომობილების ერთობლიობა. საქართველოში კი, არსებული ინფრასტრუქტურა მოწყობილია მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის.
მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვაზე საუბარი საქართველოში 2015 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 1 იანვარს ასახელებდა. კანონპროექტის ავტორები დღესაც იმედოვნებენ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა მოძრაობას განტვირთავს და უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს.
მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 75% გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობს. ამ ტიპის ქვეყნებში მოძრაობისთვის მარცხენასაჭიანი ავტომობილებია განკუთვნილი. მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გადაადგილდებიან იაპონიაში, დიდი ბრიტანეთში და მისი ყოფილ კოლონიებში.
იმ ქვეყნებში, სადაც მარჯვენამხრივი მოძრაობაა, მარჯვენასაჭიანი მანქანების ყიდვაზე, იმპორტსა თუ რეგისტრაციაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები და აკრძალვებია დაწესებული, თუმცა ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში მსგავსი სახის შეზღუდვა მოქმედებს.
საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის საკითხი დადგა დღის წესრიგში. თავის დროზე ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა სახელმწიფოს მოუხდა. მაგალითად, სლოვაკეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და სერბეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2012 წლიდანაა აკრძალული. 2015 წლის მაისიდან არსებულ ჩამონათვალს ბრაზილიაც შეემატა. ლიტვასა და უკრაინაში აღნიშნული ავტომანქანების რეგისტრაცია დაუშვებელია 1993 წლიდან. მარჯვენასაჭიანების რეგისტრაცია ფილიპნებზეც აკრძალულია, რეგულაციები მოქმედებს შვედეთშიც.