საქართველოში არც ტურისტული ზონა მუშაობს

საქართველოში არც ტურისტული ზონა მუშაობს

ინდუსტრიული ზონების შემდეგ ინვესტორებმა ზურგი თავისუფალ ტურისტულ ზონასაც აქციეს. ქობულეთის ზონა ინვესტორებს უკვე აღარ აინტერესებთ. როგორც ჩანს, ზონური პრინციპი საქართველოში არ მუშაობს.

აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონასან დაკავშირებით ამ დრომდე კონკრეტული ინვესტორს სურვილი არ გამოუთქვამს. უფრო კონკრეტულ დეტალებს ეკონომიკის სამინისტროს ფლობს, თუმცა სხვა სახის ინფორმაცია არც მათგან ვრცელდება.

„ტურისტულ ზონებთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო იღებს ხოლმე დაინტერესებული პირის განაცხადს. შესაბამისად, ამ უწყებას ეცოდინება ახალი ინფორმაცია, თუმცა რამე ახალი რომ იყოს, ჩვენც გვეცოდინებოდა“, - აცხადებენ აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, ქობულეთის ტურისტული ზონისადმი უკრაინელმა ინვესტორებმა ინტერესი 2015 წლის მაისში საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე გამოხატეს. მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძე აცხადებდა, რომ კომპანიები უზრუნველყოფენ გარანტიების წარდგენას, რათა ინვესტორებმა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ. სახელმწიფო კი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ პროექტები შეფასებულიყო და ინვესტორებისთვის მიეწოდებინა ზუსტი მონაცემები, მათ შორის, პროექტის ღირებულება, ინვესტიციები კი, ბალაძის თქმით, დაცული იქნებოდა.

საბოლოოდ, უკრაინელებმა ქობულეთის ტურისტულ ზონაზე უარი თქვეს. გასული წლის ოქტომბერში ოდესაში ამ საკითხზე შეხვედრებიც დაგეგმილი იყო, თუმცა თემას გაგრძელება არ მოჰყოლია.

„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ კანონი თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის პირობებს, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს ადგენს. აღნიშნული კანონი ქობულეთის, ანაკლიის, განმუხურის და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ტურისტულ ზონებზე ვრცელდება.

ტურისტულ ზონებზე ადრე გაურკვევლობაში ინდუსტრიული ზონები აღმოჩნდა. ორიოდე კვირის წინ ფოთის თიზ-ი ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა. მისი მართვა 7 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორს - „რაკიას“ - ჰქონდა მიბარებული, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.

საბოლოოდ არაბულმა კომპანიამ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს დაუბრუნა. ამ გარიგებით, „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ ფოთის თიზ-ის 15%-ს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო კი 85% ფლობს.

წარუმატებელი კომბინაციის შემდეგ იხტიბარს არ იტეხს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. სამინისტრო ამჯერად ახალი ინვესტორის ძიებაშია.

„დავიბრუნეთ 300 ჰექტარზე მეტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და 150 ჰექტარი ფოთის აეროპორტი. დავიბრუნეთ იმიტომ, რომ ერთიც და მეორეც გახდეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის ინსტრუმენტი. სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენოს ინდუსტრიული ზონა იმისთვის, რომ დიდი ინვესტორები მოვიზიდოთ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფო ამჟამად მუშაობს ძალიან მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან და მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში მისი სახელიც ცნობილი გახდება.

„600 მლნ დოლარიან ინვესტიციებზე იქნება საუბარი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანი არის ის, რომ თიზ-ი, ასევე ფოთის აეროდრომი იყოს გამოყენებული როგორც ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის მძლავრი ინსტრუმენტი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.