სასამართლოს ნავთობკომპანიების არ სჯერა

სასამართლოს ნავთობკომპანიების არ სჯერა

„სოკარის“ კვალდაკვალ სასამართლომ არც „ლუკოილ ჯორჯიას“ სარჩელი დააკმაყოფილა. თითქმის 5-მილიონიანი ჯარიმა კომპანიას ეკისრება და ამიტომ საქმე სააპალაციო სასამართლოში გადაინაცვლებს. ამასობაში არაფერი ისმის მთავრობასა და ნავთობკომპანიებს შორის მორიგებაზე. ყოველ შემთხვევაში „ლუკოილის“ ადმინისტრაციამ ასეთი თანამშრომლობა არ დაადასტურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთობკომპანიების საქმეზე წარმოებული რიგით მეორე დავა ისევ კონკურენციის სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ სარჩელი სსიპ „კონკურენციის სააგენტოს“ წინააღმდეგ.

„ჯიბისის“ ინფორმაციით, სასამართლომ ძალაში დატოვა სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის N81 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, კომპანიას დაეკისრა 4 740 260 ლარის ოდენობის ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებისა, გადაწყვეტილებისა და შეთანხმებული ქმედების დარღვევისათვის.

„ლუკოილ ჯორჯია“ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. კომპანიის ცნობით, მათ მთავრობასთან საკითხის მოგვარებით დასრულებაზე მოლაპარაკებები არ ჰქონიათ.

ნავთობკომპანიების საქმეზე ეს რიგით მეორე გადაწყვეტილებაა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს სასარგებლოდ გამოიტანა. პირველი დავა, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს სარჩელთან მიმართებით, 2016 წლის აპრილში, ანალოგიური შედეგით დასრულდა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

როგორც „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი დავით ზუბიტაშვილი განმარტავს, კომპანიის უფლებებს საერთაშორისო საადვოკატო კომპანია DLA PIPER-ი იცავს. მისთვის უცნობია რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სააპელაციო სასმართლო, თუმცა კომპანია „სოკარ ჯორჯია“ საკუთარი სიმართლის დაცვას ყველა ინსტანციაში გააგრძელებს.

რამდენიმე ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნავთობკომპანიებსა და მთავრობას შორის დაუსრულებელი დავა, შესაძლოა, მორიგებით დასრულდეს. მართალია, დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა ასეთი შესაძლებლობა დაადასტურა „ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოსო ფხაკაძემ.

მისი ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწესებულ ჯარიმაზე მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მივა ლოგიკურ დასარულამდე. რამდენადაც ასეთი ტიპის დავები სასამართლოში დიდი ხანის განმავლობაში ჭიანურდება, შესაბამისად, ორივე მხარისთვის უმჯობესია შეთანხმება დროულად შედგეს. სოსო ფხაკაძემ ისიც აღნიშნა, რომ საჭიროა ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზაფხულში, სააგენტომ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშე კონკურენციის კანონის დარღვევის მიზეზით ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.

სააგენტომ ხუთ მსხვილ ნავთობ კომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები დააკისრა. საუბარია კომპანიებზე „ვისოლი“ (10,426 393 ლარის ჯარიმა), „ლუკოილი“ (4,740 260), „სოკარი“ (14 381 385), „რომპეტროლი“ (10 885 806) და „გალფი“ (11 267 384) და სამ ეკონომიკურ აგენტზე, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ ხუთეულთან.