„ოცნების“ წიაღში საკუთარი ცხოვრების მოწყობა ეიმედებათ და ის პრინციპები დაივიწყეს, რაზეც ერთად ვიდექით“

„ოცნების“ წიაღში საკუთარი ცხოვრების მოწყობა ეიმედებათ და ის პრინციპები დაივიწყეს, რაზეც ერთად ვიდექით“

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ საკუთარ ამომრჩეველს არ მოუწოდებს, 30 ოქტომბერს დაგეგმილ მეორე ტურში მხარი „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირონ. პარტიას მიაჩნია, რომ დღევანდელ რეალობაში, აღნიშნული პარტიები ქვეყნისთვის სასიკეთო რაიმე პოლიტიკას არ განახორციელებენ. შესაბამისად, ისინი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობას ვერც ერთი პოლიტიკური ძალის საქმიანობაზე ვერ აიღებენ.

ყოფილი თანაგუნდელების პოზიციებსა და მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე, for.ge „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, დეპუტატ შალვა შავგულიძეს ესაუბრა:

თავისუფალი დემოკრატებისყოფილმა წევრებმა - ზურაბ აბაშიძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა, ამომრჩეველს, 30 ოქტომბრის არჩევნებშიქართული ოცნებისმხარდაჭერისკენ მოუწოდეს. როგორია, თქვენი პოზიცია?

- თავდაპირველად ვიტყვი, რომ ეს ადამიანები „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები აღარ არიან. შესაბამისად, პარტია პასუხისმგებლობას მათ არც ერთ საქციელსა და არც ერთ გამონათქვამზე არ იღებს. გულწრფელად გითხრათ, ეს ჩემში გაკვირვებას იწვევს, რადგან ცოტა ხნის წინ ხელისუფლების ოპოზიციაში ერთად ვიყავით და იმიტომ ვიყავით, რომ მიგვაჩნდა, „ქართული ოცნება“ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას არ ადგა, რადგან მან ხელისუფლების სრული უზურპაცია მოახდინა, სასამართლო და პროკურატურა დაიქვემდებარა, ასევე ფაქტიურად, კონსტიტუციური კონტროლი მოსპო და საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლი დაიწყო, რომელიც დამოუკიდებლობას საჭიროებდა. ამას გარდა, ხელისუფლებამ აბსოლუტურ კონტროლს დაუქვემდებარა საფინანსო სექტორი. იმასაც ვხედავდით, „ქართული ოცნება“ მედია სივრცის გაკონტროლებას როგორ გაშმაგებით ცდილობდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ განხორციელებული მოქმედებები არ იყო, რასაც გავემიჯნეთ, კოალიციიდან გამოვედით და ოპოზიციაში გადავედით. ამავდროულად, წასულ ადამიანებთან ერთად იმას ვაღიარებდით, რომ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. კაბელების საქმის სახით, პოლიტიკური პატიმრები - უდანაშაულო ადამიანები გაუჩნდა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან მიუღებელი და გასაკვირია ის, პარტიის დატოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როგორ შეუძლიათ, ამომრჩეველს მოუწოდონ, რომ მხარი ისეთ პოლიტიკურ ძალას დაუჭირონ, რომელსაც პრინციპულად არ ვეთანხმებოდით და მის ოპოზიცია გავხდით?! თითოეული ადამიანი საკუთარი ბიოგრაფიის შემქმნელია, ეს საკითხიც მათი ბიოგრაფიის ნაწილია და არა ჩვენი პარტიის, რადგან ისინი ჩვენი წარმომადგენლები აღარ არიან.

თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ყოფილი თანაგუნდელების პოზიციის შეცვლით გაოცებული ხართ. როგორ ფიქრობთ, მათი პოლიტიკური ხედვების ცვლილება რამ განაპირობა?

- არათუ გაოცებული ვარ, არამედ ძალიან ვწუხვარ. რამ განაპირობა? - როგორც ჩანს, კონკრეტულად, „ქართული ოცნების“ წიაღში საკუთარი ცხოვრების მოწყობა ეიმედებათ და ადვილად ის პრინციპები და პოზიციები დაივიწყეს, რაზეც ერთად ვიდექით და რაზეც „თავისუფალ დემოკრატებში“ დარჩენილი ადამიანები ერთ პოზიციაზე ვდგავართ. ჩვენ ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება გვინდა, რადგან თუ ასეთ სახელმწიფოდ არ ჩამოვყალიბდებით, ჩვენ ევროპული სივრცის ნაწილი ვერ გავხდებით და რეალური ინტეგრაცია ვერ მოხდება. ეტყობა, ამ ადამიანებმა ეს პოზიციები ადვილად დათმეს და ეიმედებათ, რომ „ქართული ოცნების“ წიაღში ან მათი მხარდაჭერით, გარკვეული და პირადი კეთილდღეობის მოწყობას შეძლებენ.

პირადი კეთილდღეობის მოწყობაშითანამდებობებს გულისხმობთ?

- ალბათ, ეს იგულისხმება, რადგან სხვა ლოგიკურ ახსნას ვერ ვხედავ. როცა ადამიანი რამდენიმე დღის წინ სხვა პოზიციაზე იყო, ხოლო შემდეგ სხვა პოზიციას იჭერს, სხვა რა ახსნა უნდა ეძებოთ? გამართლება მოვისმინეთ, რომ 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ერთად ვიბრძოდითო, კი ბატონო, ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ ერთად ვიბრძოდით, რადგან მაშინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააშავა, მაგრამ შემდეგ, ახალი ხელისუფლება უზურპაციის გზას დაადგა და თანდათან ძალადობრივ რეჟიმად ყალიბდება. ჩვენ ერთად „ქართული ოცნების“ ოპოზიცია გავხდით. ოპოზიცია ხელისუფლების ხარ და არა - ყოფილი ხელისუფლების. მაშინ, ორი რამ გამოდის - მათთვის ეს სიმართლე ან ოპოზიციაში ყოფნის დროს არ იყო და არ ვიცი, ისინი ოპოზიციონერობას რატომ იბრალებდნენ. ე.ი. ეს პერიოდი მათთვის ტყუილი იყო და ოპოზიციონერები არ იყვნენ, ანუ, გულის სიღრმეში და სინამდვილეში მათთვის სასურველი ძალა „ქართული ოცნება“ იყო, ან ასე სწრაფად და ადვილად პოზიციები შეცვალეს. ორივე შემთხვევაში, ამ ყველაფერს გულისტკივილით ვამბობ, რადგან როცა ადამიანის სახეცვლილებას ხედავ, სასიამოვნო საყურებელი არ არის. რა ვქნათ, ყველა საკუთარი ბიოგრაფიის ავტორია.

გასულ კვირას, for.ge- გიორგი ცაგარეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდში, თქვენს შორის იდეოლოგიური სხვაობა იყო. ასევე აღინიშნა, რომ პარტია ორ ნაწილად იყო დაყოფილი, სადაც ერთ მხარს თქვენ, ალასანია, გოგუაძე იდექით, ხოლო მეორე მხარეს - თქვენი ყოფილი წევრები. ამას გარდა, „რუსთავი 2“-თან და გიგი უგულავასთან დაკავშირებით, პარტიის წევრების განსხვავებული პოზიციებიც გვახსოვს...

- გარკვეული სხვაობა იგრძნობოდა და შეუძლებელია, სხვაობა თუნდაც სამკაციან ჯგუფში არ იყოს, მაგრამ პრინციპული პოზიცია ერთი იყო, რომ ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით. როცა ხელისუფლებიდან მოდიხარ და ოპოზიციაში მიდიხარ, საღად მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებ, რა ნაბიჯს დგამ. როცა მინისტრისა და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უარს ამბობ და საკუთარ თავს ოპოზიციას არქმევ, ამას თავისი შინაარსიც ხომ მოსდევს? - ე.ი. შენ იმ პოზიციას არ ეთანხმები, რაზეც სახელისუფლებო ძალა დგას. იქეთ-აქეთ ცოტა მეტი სიმპათია და ტენდენცია შეიძლება, მაგრამ ჩვენი პოზიცია ერთობლივი იყო და ოპოზიციაში ყველა ერთად წამოვედით. ხასიათობრივი განსხვავებები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ეს სხვაობა პოლიტიკური მრწამსის, პრინციპების და ხედვების დონეზე არ იყო.

ყოველ შემთხვევაში, ასეთი ნაბიჯი ცოტა ადრე უნდა გადადგმულიყო, თუ ასე ხედავდნენ. ეს ადამიანები თავისუფლები არიან და მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ძალიან ცუდია, თუ მათ ეს გადაწყვეტილება მიღებული მანამდე ჰქონდათ. თუ ცაგარეიშვილმა იდეოლოგიურ სხვაობაზე თქვა რაიმე და თუ ისინი შინაგანად თანამოაზრეობას „ქართულ ოცნებასთან“ გრძნობდნენ, მაგრამ ფორმალურად, ოპოზიციურ პარტიაში მაინც რჩებოდნენ, ეს ცოტა სწორი საქციელი არ არის, მეტი რომ არაფერი ვთქვა. ეს მათთვის უფრო ცუდია, რადგან ასეთ შემთხვევაში გულახდილი და გულწრფელი უნდა იყო. შეიძლება გეშლება და შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ იმ გუნდში არ უნდა გაჩერდე, სადაც ფორმალურად ხარ. თუ სულიერად და პრინციპებით ოპოზიციური ძალის მონაწილე არ ხარ, მაშინ უნდა დატოვო და იმ ძალაში გადახვიდე, სადაც თავს უკეთესად გრძნობ. თუ ცაგარეიშვილმა ეს თქვა, საკუთარი თავის მიმართ ძალიან საზიანო რაღაც უთქვამს, რადგან რა გამოდის? - ოპოზიციურ ძალაში ხარ, მაგრამ სულიერად ხელისუფლების პოზიციებს იზიარებდა და ამომრჩევლისა და საკუთარი თანაპარტიელების წინაშე, ასეთი თამაში სწორი არ არის.

თავისუფალი დემოკრატებიდანამ ადამიანების წასვლის მიზეზი ირაკლი ალასანიას ნაბიჯიც ხომ არ გახდა, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო? თუ პირიქით, ალასანიამ პროცესებს დაასწრო, რადგან ყოფილი თანაგუნდელების მოსალოდნელი, პოლიტიკური გეგმის შესახებ იცოდა?

- ამას ვერ გეტყვით. სჯობს, ამ კითხვაზე პასუხი ირაკლი ალასანიამ და პარტიიდან წასულებმა გასცენ.

for.ge- ინფორმაციით, ირაკლი ალასანია საქმიანობის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს. მართალია?

- ირაკლის გეგმებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან მისგან გადაწყვეტილებად არ მომისმენია, საკუთარ მომავალს სად და რა ამპლუაში ხედავს. მას ჩემთვის ვარაუდების და ზოგადი დასაშვებების დონეზე რაღაც უთქვამს, მაგრამ ეს მკაფიო გადაწყვეტილება არ იყო და ამაზე საუბარი ახლა არ ღირს.

პარტიის ახალი თავმჯდომარის საკითხი გადაწყვეტილია - ვინ იქნება და როდის აირჩევთ?

- ფორმალურად, ირაკლი ალასანია ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა. ახალი თავმჯდომარის არჩევაზე უფლებამოსილია ყრილობა და როცა ყრილობა იქნება, თავმჯდომარესაც ავირჩევთ.

თავისუფალ დემოკრატებშიდარჩენილი ადამიანები პარტიის განვითარებას შეძლებთ?

- იგივე პოზიციებითა და პრინციპებით ვრჩებით, რის ირგვლივაც ეს პოლიტიკური ძალა შეიქმნა. ნინო გოგუაძე და მე პარტიაში ვართ, ასევე ახალი წევრები არიან, რომლებიც ძალიან აქტიური და კვალიფიციურები არიან. რაც მთავარია, ეს ადამიანები პრინციპების და ღირებულებების ერთგულები არიან. ახლა ხელაკაპიწებული მუშაობის პერიოდი გვაქვს და საჭიროა რეალობას შევხედოთ, რა მხარდამჭერები გვყავს, რა რესურსი გვაქვს როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური. მოწოდებული ვართ იმაზე, რომ ვიმუშაოთ, რათა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისთვის ვიბრძოლოთ.

რაც შეეხება მეორე ტურს, თქვენ ამომრჩეველს ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ - „ნაციონალურ მოძრაობისთუქართული ოცნების“?

- სოციალურ ქსელში გია ვოლსკის შეფასება წავიკითხე, რომ თითქოს, „თავისუფალი დემოკრატების“ დარჩენილი ნაწილი საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რაც ტყუილია, რადგან ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენ ამომრჩეველს ვერც „ქართული ოცნების“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ ვერ მოვუწოდებთ, რადგან ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობას ვერც ერთი ამ პოლიტიკური ძალის საქმიანობაზე ვერ ავიღებთ. დღევანდელ რეალობაში არ მიგვაჩნია, რომ ისინი რაიმე სასიკეთო პოლიტიკას განახორციელებენ. ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ არასწორი მოქმედებები და ის ძალიან კარგად გვახსოვს, ხელისუფლების უზურპაცია როგორ მოახდინეს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობრივ რეჟიმად როგორ იქცნენ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ იგივეს იმეორებს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ლიდერებს არ გამიჯვნია და მათ პოლიტიკურ ძალაზე მიხეილ სააკაშვილის გავლენა ჯერ კიდევ დიდია. იმედი არ ჩანს, რომ ეს ძალა იმ ნეგატივისგან და წარსულისგან გათავისუფლდება, რისთვისაც მას ამომრჩეველმა ხმა არ მისცა. ჩვენი პოზიცია მკაფიო და ნათელია, რადგან ამომრჩეველს ამ ძალების მხარდაჭერისკენ ვერ მოვუწოდებთ.

ამ დამოკიდებულების გამო, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ არც ერთის მხარდაჭერა მცდარი პოზიციაა...

- ეს შუა პოზიცია არ არის, შუა პოზიცია სხვა რამე იყო და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს..