„ლანა ღოღობერიძის მშობლებმა გაჟლიტეს მთელი ქართული ელიტა, მათ შორის ჯავახიშვილები, მათ შორის ევგენი მიქელააძეები, მათ შორის ცნობილი ჭიათურის მატარებელი რომ დახვრიტა, ლანას მამა იყო“; „სუბარს 5 ბინა აქვს მარტო თბილისში, თვითონაც ვეღარ თვლის, იმდენი ბინა აქვს ცხოვრობს ჩვენი დევნილი და ლტოლვილი ხალხის ზურგიდან აკრეფილი და აყვლეფილი ფულებით“;
„წულუკიანს 300 000 ევროდ სახლი უყიდეს სტრასბურგში, ეს ცნობილია, ხო? ეს მინისტრები არიან ივანიშვილის ბანკის კლიენტები“; „ხელისუფლებამ 400 ათასი სოციალურად დაუცველი 50-50 ლარად მოისყიდა“, - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის მიერ გაჟღერებული ბრალდებებისა, რომელთა მტკიცებულება, როგორც წესი, მშრომელთა ლიდერს არ წარუდგენია.
ის, რომ სოციალურად დაუცველები ხელისუფლებამ ნათელაშვილის მტკიცებით 50 ლარად მოისყიდა, არ დასტურდება. თუმცა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამჟამად მტკიცებულებების შეკრება მიმდინარეობს, რომელსაც პროკურატურაში წარადგენენ.
გიორგი გუგავა: კონკრეტული ინფორმაცია არსებობს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არაა ჰაერიდან მოტანილი ინფორმაცია. მტკიცებულება ამასთან დაკვშირებით ნელ–ნელა გამოქვეყნდება.
ანუ, თქვებ გაქვთ ეს მტკიცებულება და აპირებთ გამოქვეყნებას?
– დიახ, თანდათან გამოქვეყნდება ამის შესახებ მტკიცებულება. რაღაცა ნაწილი გამოქვეყნდა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ერთერში გავიდა სიუჟეტში, როგორ მისცეს სოციალურად დაუცველს 30 ლარი და ასე გააკეთეს მასობრივად. თბილისში გააკეთეს შემდეგნაირად: მოგეხსენებათ, რომ არსებობს სოციალურად დაუცველთა მონაცემები, აიღეს ეს მონაცემები და აბსოლუტურად ყველას ჩამოურიგეს 50 ლარიან საგარანტიო ფურცლები, რომლის მიხედვით „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის შემთხვევაში, „ლიბერთი ბანკში“ მიიღებდნენ დახმარებას 50 ლარის ოდენობით - ეს მოხდა თბილისში, ხოლო რეგიონებში როგორც გითხარით, ჩამოუარეს, ზოგს თანხა ჩამოურიგეს, ზოგს ფქვილი და ა.შ.
რაც შეეხება თბილისს, ეს თემა გადავამოწმე რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახთან, მაგრამ მსგავსი რამ არ დასტურდება...
– ჩემო კარგო მანამდე გაკეთდა აღწერა და ზუსტად იცოდნენ ვისთან უნდა მისულიყვნენ. მაპატიეთ, მაგრამ რომელი სოციალურად დაუცველი გეტყვით ამას?
შერჩევით მოხდა 50 ლარიანი ვაუჩერის დარიგება?
– მარტივად გეტვით, თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ყველა გამგეობიდან 2016 წლის სხვა სოციალური ხარჯი. თქვენ ნახავთ როგორ მოხდა დახარჯები სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში.
როგორც გითხარით, მიმდინარეობს მტკიცებულებების შეკრება. ჩვენი მხრიდან შეგროვილი იქნება ეს მტკიცებულება და ყველა სამართლებრივი ღონისძიება იქნება გამოყენებული. მაგრამ რამდენად იქნება ეფექტური გამოძიება, ეს უკვე სხვა საკითხია, ნამდვილად არ მგონია, რომ პროკურატურამ ეს საკითხი გამოიძიოს და რამე გადაწყვეტილება მიიღოს.
საქართველოში, რომ ცილისწამების მუხლი გაუქმებული არ იყოს, მშრომელთა ლიდერს თავის მართლება სასამართლოს წინაშე მოუწევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ აირიდებდა. საქართველომ როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, ცილისწამების მუხლი გააუქმა, რაც ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი ცილისწამების შესახებ არ აღსდგება. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებში მუხლი ცილისწამების შესახებ, აკრძალულია.
იურისტი ირმა ჭკადუა ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი ამ საკითხზე იმსჯელებს, რადგან თვლის, რომ არ შეიძლება პოლიტიკოსის და ჟურნალისტის სტატუსს ამოფარებულმა გააკეთოს ცილისმწამებლური განცხადება და ამაზე პასუხი არ აგოს.
„სამწუხაროდ, სისხლის სამართლის კოდექსი არ არეგულირებს ცრუ ბრალდებას, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მქონდა საუბარი და იმედი მაქვს, რომ ახალ პარლამენტს ექნება ამ საკითხზე მსჯელობა. არ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს დააბრალოს რაც უნდა და მერე თავი შეაფაროს იმას, რომ ჟურნალისტია და ამის უფლება აქვს, მათ შორის - პოლიტიკოსებიც. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, სხვა ცვლილებებთან ერთად, რომლის ცვლილება აუცილებლად უნდა განხორციელდეს სისხლის სამართლის კოდექსში“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.
რაც შეეხება უშუალოდ შალვა ნათელაშვილის განცხადებას, იურისტის განმარტებით, მშრომელთა ლიდერის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება უხერხულია.
„შალვა ნათელაშვილის კომენტარებზე კომენტარის გაკეთება ვფიქრობ, რომ ზედმეტად უხერხულია. ეს არის ადამიანი, რომელიც ახმოვანებს იმას, რაც უნდა. იმდენად არასერიოზულია, რომ მგონია ხალხი იცინის ყველა მის გამონათქვამზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცილისწამების წინააღმდეგ მუხლი მიღებული უნდა იქნას. ძალიან ხშირად ისმის მაღალი თანამდებობის პირების, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მიმართ ცილისმწაებლური განცხადებები. არ შეიძლება ადამიანები მუდმივად იყვნენ თავდაცვის რეჟიმში და მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, დაუსჯელები რჩებოდნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.
უფლებადამცველის სოფო ხორგუანის განცხადებით, საქართველოში არსებობს მუხლი - საქმიანი რეპუტაციის შელახვა, შესაბამისად, პირს შეუძლია წავიდეს სასამართლოში და იდავოს. რაც შეეხება ცილისწამების მუხლის ამოქმედებას, ხორგუანი ამბობს, რომ აუცილებელი არ არის ცილისწამების მუხლის აღდგენა და მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში უკეთესია მოქალაქეების სწორად ინფორმირება.
„მოქალაქეები გააკეთებენ სწორედ დასკვნას. იმიტომაც არის ლეიბორისტების ნდობა საზოგადოებაში 3%. რაც შეეხება თვითონ ამ მოვლენას, ასეთ დროს პასუხისმგებლობა არის და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჰქვია ამას, როდესაც ასეთი პოლიტიკოსები კარგავენ ნდობას და ასეთი განცხადების შემდეგ მათ აღარ ენდობა ამომრჩეველი. შედეგი არის ის, რა პროცენტებსაც იღებენ არჩევნებზე. ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - ამბობს სოფო ხორგუანი.
მისივე თქმით, ცრუ ბრალდებაა, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ვიღაცეებმა ვაუჩერი მიიღეს, რომ ხმა მიეცათ ხელისუფლებისთვის. როგორც ხორგუანი აცხადებს, წლებია რაც კონკრეტულ ერჯერად დახმარებას სოციალურად დაუცველი ადამიანები იღებენ.
„წლებია ასეა. ჩემს გარშემო არ ვიცნობ ადამიანებს, რომ ვინმეს მათთვის ხელისუფლებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ 50-ლარიანი ვაუჩერი მიეცათ. პოლიტიკოსებისგან ასეთი ბრალდებები რომელიც დამკვიდრდა ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნოდ გააკეთეს განცხადება, თითქოს კალაძის ბანკიდან ვიღაცას თანხა გადაურიცხეს, მერე თქვეს შეგვეშალაო, არასწორი ინფრმაცია გავავრცელეთო და ვითომ არაფერი.
თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ ერიდებიან პოლიტიკოსები ტყუილი განცხადების გაკეთებას, მაგრამ შედეგი არის ის, რომ მათ ამომრჩეველი უკვე არ ენდობა. ამას არჩევნებში მიღებული შედეგები აჩვენებს და ეს არის პოლიტიკური ფასი, რომელსაც ისინი იხდიან.
თუ სამართლებრივ მხარეზე ვლაპარაკობთ, იმ ადამიანებს ვისზეც ავრცელებ ცრუ ინფორმაციას, შეუძლიათ იჩივლონ სასამართლოში. ნამდვილად არ გვინდა ცილისწამების მუხლის აღდგენა. მე მგონია, რომ უკეთესია ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ანუ მოქალაქეების ინფორმირება. მოქალაქეები აკეთებენ სწორ დასკვნას. იმიტომაც არის ლეიბორისტების ნდობა საზოგადოებაში 3%“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოფო ხორგუანმა.